ფლებილი #30კაფს

ფლებილი #30კაფს
ფლებილი
(FLEBILL)

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მწვანე ფერის გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული ყავისფერი ფხვნილით;

შემადგენლობა:            

1 კაფსულა შეიცავს:
ცისუსის ექსტრაქტს (Cissus quadrangularis extract) - 100 მგ, ცხენისწაბლას ექსტრაქტს (Aesculus hippocastanum extract) - 50 მგ, ყურძნის კურკის ექსტრაქტს (Vitis vinifera extract) - 50 მგ, გვირილის ექსტრაქტს ((Matricaria recutita extract) – 25 მგ, გულყვითელას ექსტრაქტს (Calendula officinalis extract) -15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჟელატინი, საღებავები: Brilliant Blue FCF (E 133), Tartrazine (E 102), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

გამოშვების ფორმა:
კაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი საშუალება.
    
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლებილი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ სამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს.
ცისუსის ექსტრაქტს გააჩნია ზოგადმატონიზირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მისი ანალგეზიური ეფექტი შეედრება ასპირინის და იბუპროფენის ანალგეზიურ ეფექტს. მოქმედებს როგორც გლუკოკორტიკოსტეროიდების ანტაგონისტი, ხელს უწყობს ძვლისა და შემაერთებელი ქსოვილის შეხორცებას და გამკვრივებას. იგი მოქმედებს როგორც ცენტრალურად, ასევე ლოკალურად და ხელს უშლის არაქიდონის მჟავას გარდაქმნას ანთებით პროსტაგლანდინად.
ცხენისწაბლას ექსტრაქტი ეფექტურად გამოიყენება როგორც ვენების ვარიკოზული გაგანიერების საწინააღმდეგო საშუალება. ცხენისწაბლას ექსტრაქტი შეიცავს გლიკოზიდ ესცინს, ბიოფლავონოიდებს, რუტინს, კაროტინოიდებს, B, K, P ვიტამინებს, პოლისაქარიდებს. ესცინს გააჩნია გამოხატული კაპილაროპროტექტორული აქტივობა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ზრდის ვენური სისხლძარღვების ტონუსს, აქვეითებს სისხლის სიბლანტეს. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ამაღლებს კაპილარების მდგრადობას, აქვეითებს მათ მსხვრევადობას და განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უშლის კაპილარებში სტაზის განვითარებას. აღნიშნული ეფექტები განპირობებულია ლიზოსომური ფერმენტების აქტივობის დათრგუნვით, რაც ხელს უშლის კაპილარის კედლის პროტეოგლიკანის დაშლას.
ყურძნის კურკის ექსტრაქტის ძირითადი კომპონენტია პროანტოციანიდინები, რომლებსაც სადღეისოდ ყველაზე აქტიურ ანტიოქსიდანტებად მიიჩნევენ. ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის რეაქციების დათრგუნვის გზით პროანტოციანიდინები აქვეითებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების და ასევე _ ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარების რისკს. პროანტოციანიდინები უზრუნველყოფენ კაპილარების ნორმალურ განვლადობას, აქვეითებენ სისხლძარღვთა მსხვრევადობას, ზრდიან ქსოვილების ელასტიურობას. მათი ანტიოქსიდანტური აქტივობა 50-ჯერ აღემატება ვიტამინ E-ს და 20-ჯერ _ ვიტამინ C-ს ანტიოქსიდანტურ აქტივობას.
გულყვითელას და გვირილის ექსტრაქტებს გააჩნიათ ანტისეპტიკური, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტები, ხელს უწყობენ უჯრედების რეგენერაციის პროცესს, ამაგრებენ სისხლძარღვის კედელს, ბოჭავენ თავისუფალ რადიკალებს.

ფარმაკოკინეტიკა:
ფლებილის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ჩვენება:
ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქრონიკული ვენური უკმარისობა, ჰემოროი და სხვა ვენური პათოლოგიები.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 1-2 კაფსულა 2-ჯერ დღეში. ექიმის დანიშნულებით შესაძლებელია დოზის კორექცია. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები:
გამოვლენილი არ არის.
იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
•    ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
მონაცემები არ არსებობს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და  ყურადღების კონცენტრაციაზე.

შეფუთვა:
30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:    
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge