ინდაფონი 2.5მგ #20ტ GMP

ინდაფონი
(INDAPAMIDE) 
გარსით დაფარული ტაბლეტები


შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ინდაპამიდის 2,5 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
სულფონამიდის წარმოებული ჰიპოტენზიური (დიურეზული) საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებებით ინდაპამიდი ახლოს დგას თიაზიდურ დიურეტიკებთან, რომელთა მოქმედებაც დამყარებულია ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში ნატრიუმის, ქლორის და ნაკლებად - კალიუმის და მაგნიუმის იონების უკუშეწოვის ინჰიბირებასთან. აღნიშნული იწვევს დიურეზის გაძლიერებას და საბოლოოდ - ინდაპამიდის ჰიპოტენზიურ ეფექტს. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის არტერიების კედლების ელასტიურობას და ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას.
პრეპარატი ხელს უწყობს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას.
ინდაფონის მიღების ხანგრძლივობა არ მოქმედებს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე.
ინდაპამიდის დიდი დოზა არ აძლიერებს ჰიპოტენზიურ მოქმედებას, მაგრამ ზრდის დიურეზს. ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება პირველი კვირის ბოლოდან და მაქსიმუმს აღწევს სისტემატური მიღებიდან 3 თვის შემდეგ.
შიგნით მიღებისას ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანდ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში ჩმახ მიიღწევა ერთჯერადი დოზის მიღებიდან 1-2 სთ-ში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 79%-ს. თერაპიული დოზა მიიღწევა რეგულარული მიღებიდან 7 დღის შემდეგ. ინდაპამიდი ორგანიზმში განიცდის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ძირითადად შარდის გზით – 70% და ფეკალური მასებით – 22%. T1/2 შეადგენს 14-24 სთ-ს (საშუალოდ 18 სთ).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ინდაფონის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
ჩვენება
- არტერიული ჰიპერტონია;
- გულის ქრონიკული უკმარისობისას ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავება.
უკუჩვენება
- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; ტვინის სისხლმომარაგების დარღვევები; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; ჰიპოკალიემია; შაქრიანი დიაბეტის და ნიკრისის ქარის (პოდაგრა) მძიმე ფორმები; სულფონამიდის წარმოებულებისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ინდაფონის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, მათ შორის ფიზიოლოგიური შეშუპების მოსახსნელადაც. ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამდენად მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (აუცილებელია გლუკოზის დონის კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის დროს), ნიკრისის ქარით (პოდაგრა) დაავადებულებში (შესაძლებელია შეტევების რაოდენობის გაზრდა). ინდაფონით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია დისემინირებული წითელი მგლურას გამწვავება. ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის მქონე პაციენტებში თიაზიდურმა დიურეტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა.
თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობისას ძირითად რისკს წარმოადგენს სწრაფად განვითარებული ჰიპოკალიემია. საყურადღებოა, რომ მათ შესაძლებელია გამოიწვიონ კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავება, რაც უმნიშვნელო და დროებით ჰიპერკალციემიას იწვევს. გამოხატული ჰიპერკალციემია შესაძლებელია ადრე არადიაგნოსტირებული ჰიპერპარათირეოიდიზმის შედეგი იყოს. ინდაფონით მკურნალობის დროს საფაღარათო საშუალებების დანიშვნის აუცილებლობისას უნდა შეირჩეს პრეპარატი, რომელიც არ მოქმედებს ნაწლავების პერისტალტიკაზე.
ინდაფონის ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მატება გამოიწვიოს. ასტემიზოლთან, ბეპრიდილთან, ერითრომიცინთან (ინტრავენურად), პენტიმიდინთან, სულტოპრიდთან, ტერფენადინთან, ვინკამინთან, ქინიდინთან, დიზაპირამიდთან, ამიოდარონთან, ბრეტილიუმთან, სოტალოლთან კომბინაციაში იზრდება ტორსადეს დე პოინტეს ტიპის გულის რითმის დარღვევის განვითარების ალბათობა. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (სისტემური გამოყენების) აქვეითებენ ინდაფონის ჰიპოტენზიურ ეფექტს, ხოლო ბაკლოფენი, იმიპრამინის ტიპის სამციკლიანი ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ინდაპამიდის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება ჰიპოკალიემია გამოიწვიონ (ამფოტერიცინი B, გლუკო- და მინერალოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაკტიდი, საფაღარათო საშუალებები) ინდაფონთან კომბინაციაში ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.
ინდაფონი არ იწვევს ფსიქომოტორული რეაქციების დარღვევას. თუმცა, არტერიული წნევის დაქვეითებისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური რეაქციების გამოვლინება (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში რამდენიმე ჰიპოტენზიური საშუალებით ერთდროულად მკურნალობის დროს). ამ შემთხვევაში შესაძლებებლია ფსიქომოტორული რეაქციების შენელება.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია), გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტონია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ანურიაში გარდამავალი პოლიურია ან ოლიგურია (ჰიპოვოლემიის შედეგად განვითარებული).
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება დილით დღეში ერთხელ თითო ტაბლეტი (2,5 მგ). არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 2 კვირის შემდეგ დღიური დოზით - 5-7,5 მგ-მდე. მაქსიმალური დოზა: 10 მგ/დღეში განაწილებული ორ მიღებაზე (დღის პირველ ნახევარში).
გვერდითი მოვლენები
კნტ-ის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, მადის დაქვეითება, დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში.
ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიული ჰიპოტონია.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოკალიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია.
შესაძლებელია ალერგიული გენეზის კანის გამონაყარი.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

მწარმოებელი ფირმა: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)