ჯეს პლუსი 3/0.02/0.451მგN28ტ

ჯეს პლუსი 3/0.02/0.451მგN28ტ

“Yaz Plus” (ჯეს პლუსი)

გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ვარდისფერი ტაბლეტი შეიცავს:

დროსპირენონი 3 მგ

ეთინილესტრადიოლი (ბეტადექს კლატრატის ფორმით) 0.02 მგ

კალციუმის ლევომეფოლატი (ლევომეფოლიუმის მჟავის კალციუმის მარილი) 0.451 მგ

თითოეული ღია ნარინჯისფერი ტაბლეტი შეიცავს:

კალციუმის ლევომეფოლატი 0.451 მგ

არააქტიური ინგრედიენტები და ალერგენები: იხილეთ მე-6 პარაგრაფი „დამატებითი ინფორმაცია“.

 

გთხოვთ, სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით და სრულად წაიკითხეთ ბროშურა. აღნიშნული ბროშურა შეიცავს მოკლე ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი განკუთვნილია ორსულობის თავიდან ასაცილებლად. დაუშვებელია მისი სხვისთვის გადაცემა. ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ თქვენი მკურნალობის მიზანი მსგავსია.

 

აუცილებელი ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ

  • არ მიიღოთ „Yaz Plus“-ი, თუ ხართ მწეველი და თქვენი ასაკი 35 წელს გადასცილდა. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება მწეველებში ზრდის გულთან დაკავშირებული, სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (კარდიოვასკულარული პრობლემები), როგორიცაა გულის შეტევით, თრომბის წარმოქმნით (სისხლის შედედებით) ან ინსულტით  გამოწვეული სიკვდილი. აღნიშნული რისკი იზრდება ასაკთის მატებასთან და თქვენს მიერ მოწეული სიგარეტის რაოდენობასთან ერთად.
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ინსტრუქციის შესაბამისად მიღების შემთხვევაში მცირდება დაორსულების შანსი. აღნიშნული აბები არ წარმოადგენს შიდსის ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვის საშუალებას.

 

  1. რისთვის არის მედიკამენტი განკუთვნილი?

„Yaz Plus“-ი განკუთვნილია ორსულობის თავიდან ასაცილებლად,  ზომიერი აკნეს და პრემენსტრუალური დისფორული აშლილობის (PMDD) მკურნალობისთვის 14 წლიდან ზემოთ გოგონებში, რომელთაც მიაღწიეს სქესობრივ სიმწიფეს; ასევე, პრეპარატი გამოიყენება, როგორც ფოლიუმის მჟავის მარილის (ფოლატის) დანამატი იმ ქალებში, ვინც იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს.

 

თერაპეიული ჯგუფი: „Yaz Plus“-ი მიეკუთვნება ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. „Yaz Plus“-ი შეიცავს ქალის 2 ტიპის ჰორმონს: სინთეზური ესტროგენი (ეთინილესტრადიოლი) და პროგესტინი (დროსპირენონი), ასევე, კალციუმის ლევომეფოლატი, რომელიც მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს (ფოლიუმის მჟავის მარილი/ფოლატი).

რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებისთვის მიზანშეწონილია, ყოველდღიურად  0.4 მგ (400 მკგ) ფოლიუმის მჟავის მიღება, რათა შემცირდეს ისეთი ორსულობების რისკი, როდესაც ჯერ კიდევ ინტრანატალურად ვლინდება ნაყოფის იშვიათი ხასიათის მქონე დეფექტები (ნერვული მილის ღია დეფექტი). „Yaz Plus“-ის ტაბლეტებში არსებული ფოლატის რაოდენობა წარმოადგენს დანამატს დიეტაში   და პრეპარატის მიღების განმავლობაში ან მისი მიღების შეწყვეტიდან მოკლე პერიოდში ამცირებს ასეთი სახის ორსულობის რისკს.

 

  1. მედიკამენტის გამოყენებამდე:

არ გამოიყენოთ მედიკამენტი, თუ:

  • მგრძნობიარე (ალერგიული) ხართ დროსპირენონის, ეთინილესტრადიოლის, კალციუმის ლევომეფოლატის ან მედიკამენტის შემადგენლობაში არსებული სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. არააქტიური ინგრედიენტების ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პარაგრაფში -  „დამატებითი ინფორმაცია“.
  • წარსულში, აღგენიშნებოდათ თრომბის განვითარების რისკი (სისხლის შედედება) ქვემო კიდურების მიდამოებში   (ღრმა ვენების თრომბოზი), ფილტვებში (ფილტვის ემბოლია) ან თვალში (ბადურის თრომბოზი).
  • წარსულში გადატანილი გაქვთ ინსულტი.
  • გადატანილი გაქვთ გულის შეტევა.
  • აღგენიშნებათ გულის სარქვლის გარკვეული სახის პათოლოგია ან გულისცემის არარეგულარული რითმი, რამაც შესაძლოა გულის კამერებში  სისხლის შედედება გამოიწვიოს.
  • გაქვთ თრომბის განვითარების მემკვიდრეობით განპირობებული რისკი.
  • გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ/ვერ კონტროლირდება მედიკამენტოზურად.
  • გაქვთ დიაბეტი, რომელიც იწვევს თირკმლის, თვალის, ნერვული სისტემის ან სისხლძარღვების დაზიანებას.
  • წარსულში გქონდათ გარკვეული სახის მძიმე შაკიკის ფორმა მხედველობის დარღვევით (მხედველობითი აურა), გაბუჟებით, სისუსტით ან მხედველობაში ცვლილებებით.
  • როდისმე გქონდათ მკერდის კიბო ან სხვა სახის კიბო, რომელიც მგრძნობიარეა ქალური ჰორმონების მიმართ.
  • გაქვთ ღვიძლის დაავადება, მათ შორის ღვიძლის სიმსივნე.
  • აღგენიშნებათ თირკმლის რაიმე სახის  დაავადება.
  • აღგენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება.
  • ხართ მწეველი და 35 წელზე მეტი ასაკის.
  • ხართ ან ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად.

ჩასახვის საწინაარმდეგო აბები არ იქნება თქვენთვის შესაფერისი არჩევანი, თუ როდისმე გადატანილი გაქვთ სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება), რომელიც ორსულობის პერიოდში განვითარდა (ამ მდგომარეობას ასევე ეძახიან ორსულობის დროს ქოლესტაზს).

აუცილებლად უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამჟამად აღგენიშნებათ ან წარსულში გადატანილი გაქვთ ზემოთ აღნიშნული სიმპტომიდან ერთ-ერთი (ექიმს შეუძლია გირჩიოთ თქვენთვის მიზანშეწონილი კონტრაცეპციის ალტერნატიული მეთოდი). ასევე უთხარით თქვენს ექიმს, თუ უკვე იღებთ ფოლატის დანამატებს.

მედიკამენტის მოხმარებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული გაფრთხილებები

  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, მათ შორის შიდსისგან.
  • არ გამოტოვოთ არც ერთი ტაბლეტი, მაშინაც კი, თუ არ გაქვთ სქესობრივი ურთიერთობა ძალიან ხშირად.
  • დაორსულების შანსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრულად და ზედმიწევნით იღებთ ტაბლეტებს მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. რაც უფრო ზედმიწევნით დაიცავთ ინსტრუქციას მედიკამენტის მიღებისას, მით უფრო მცირდება თქვენი დაორსულების შანსი. კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, „Yaz Plus“-ის მიღების პირველ წელს 100 ქალიდან შესაძლოა 1 ან 2 დაორსულდეს.
  • მენსტრუალური ციკლის არ ქონის (გამოტოვების) შემთხვევაში, თქვენ შეიძლება ორსულად იყოთ. თუმცა ზოგიერთ ქალს, რომელიც იღებს ჩასახვის საწინაარმდეგო  აბებს, აღენიშნება მსუბუქი მენსტრუაცია ან ციკლის არ ქონა (გამოტოვება), მაშინაც კი, როდესაც ისინი ორსულად არ არიან. კონსულტაციის მიზნით მიმართეთ ექიმს, თუ:
  • ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ
  • გამოტოვეთ (არ გქონდათ) ერთი მენსტრუალური ციკლი და რეგულარულად, ყოველდღე არ იღებდით ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს
  • ზედიზედ გამოტოვეთ (არ გქონდათ) 2 მენსტრუალური ციკლი
  • მედიკამენტის პირველი 1-3 კოლოფის გამოყენებისას, ბევრ ქალს, მენსტრუალურ ციკლებს შორის, აღენიშნება არარეგულარული მსუბუქი სისხლდენა ან გულისრევა.

მენსტრუალურ ციკლებს შორის, არარეგულარული მსუბუქი სისხლდენის ან გულისრევის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება. ასეთი ეფექტები ჩვეულებრივ ნელ-ნელა გაივლის. ასეთი სახის ეფექტების გახანგრძლივების შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

  • დაგეგმილი მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩატარებამდე თრომბის წარმოქმნის (სისხლის შედედების) რისკის გაზრდის გამო, „Yaz Plus“-ის მიღება მინიმუმ 4 კვირით ადრე მაინც უნდა შეწყვიტოთ. არ განაახლოთ მედიკამენტის მიღება, სანამ ოპერაციიდან სულ მცირე 2 კვირა მაინც არ გავა.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ გამოიყენოთ კონტრაცეპციის მიზნით, არ მიიღოთ „Yaz Plus“-ი პრემენსტრუალური დისფორული აშლილობის (PMDD) მკურნალობისთვის, რადგან ამ დაავადების სამკურნალოდ სხვა საშუალებებიც არსებობს, რომელთაც არ ახასიათებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან დაკავშირებული რისკები.

პრემენსტრუალური დისფორული აშლილობის (PMDD) დიაგნოზის დასმა მოხდება ექიმის მიერ.

„Yaz Plus“-ის გამოყენება პრემენსტრუალური დისფორული აშლილობის (PMDD) მკურნალობის მიზნით რეკომენდირებულია, თუ:

  • უკვე გადაწყვიტეთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება და ასევე
  • თქვენმა ექიმმა დაგისვათ პრემენსტრუალური დისფორული აშლილობის (PMDD) დიაგნოზი.

„Yaz Plus“-ი არ მიიჩნევა ისეთი პრემენსტრუალური სინდრომის ეფექტურ სამკურნალო საშუალებად, რომელიც მოიცავს მენსტრუალური ციკლის წინა ნაკლებად მწვავე ნიშნებს. თუ ექიმი ფიქრობს, რომ თქვენ აღგენიშნებათ პრემენსტრუალური სინდრომი,  „Yaz Plus“-ის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ორსულობისგან თავდაცვის და არა პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობის მიზნით.

  • „Yaz Plus“-ის მიღება საშუალო ხარისხის აკნეს მკურნალობის მიზნით დასაშვებია, ყველა ქვემოთ მოცემული პირობის არსებობის შემთხვევაში:
  • ექიმი ადასტურებს, რომ თქვენთვის „Yaz Plus“-ის მიღება უსაფრთხოა
  • თქვენ სულ მცირე 14 წლის ხართ
  • თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ მენსტრუალური პერიოდი
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას აპირებთ კონტრაცეპციის მიზნით. 

რომელია ყველაზე სერიოზული რისკები  ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებისას?

ორსულობის მსგავსად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება ზრდის სერიოზული თრომბოზის განვითარების (სისხლის შედედების) რისკს (იხილეთ დიაგრამა ბროშურაში), განსაკუთრებით იმ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ სხვა რისკ-ფაქტორები, როგორიცაა მოწევა, სიმსუქნე ან ისინი, ვინც 35 წელზე მეტი ასაკის არიან.

ასეთი რისკი უფრო მაღალია, როდესაც თქვენ პირველად იწყებთ ჩასახვის საწინააღმედგო აბების მიღებას, ხელახლა იღებთ იმავე აბებს ან სხვა ტიპის ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ერთი ან რამდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ. ქალები, რომლებიც იღებენ დროსპირენონის შემცველ (როგორიცაა „Yaz Plus“-ი) ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, შესაძლოა თრომბის წარმოქმნის (სისხლის შედედების) უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ თრომბის წარმოქმნის (სისხლის შედედების) რისკი უფრო მაღალი იყო იმ ქალებისთვის, ვინც იღებდა დროსპირენონის შემცველ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, ვიდრე იმ ქალებში, რომელთა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც არ შეიცავდა დროსპირენონს.

თრომბის წარმოქმნის (სისხლის შედედების) რისკთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელი კონტრაცეპტივის მიღებაა თქვენთვის სასურველი.

თუკი თრომბის წარმოქმნამ (სისხლის შედედებამ) გამოიწვია ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, შესაძლოა მიგვიყვანოს მუდმივ ინვალიდობამდე და სიკვდილამდეც კი. სერიოზული თრომბის წარმოქმნის (სისხლის შედედების) მაგალითები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს:

  • ქვემო კიდურებში (ღრმა ვენების თრომბოზი)
  • ფილტვებში (ფილტვის/პულმონარული ემბოლია)
  • თვალში (მხედველობის დაკარგვა)
  • გულში (გულის შეტევა)
  • ტვინში (ინსულტი)

თრომბის წარმოქმნის (სისხლის შედედების) რისკი შესაძლოა დახასიათდეს შემდეგნაირად:

10,000 ქალში, რომლებიც არ არიან ორსულად და არ იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, შესაძლოა ერთი წლის განმავლობაში  1- 5-ს განუვითარდეს თრომბი (სისხლის შედედება).

ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს სერიოზული თრომბის წარმოქმნის (სისხლის შედედების) რისკის ალბათობას იმ ქალებში, ვინც არ არიან ორსულად და არ იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს: ქალები, რომლებიც იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს; ორსული ქალები და მშობიარობის შემდგომ, პირველ 12 კვირაში მყოფი ქალები.

 

სერიოზული თრომბის წარმოქმნის (სისხლის შედედების) ალბათობა:

სერიოზული თრომბის წარმოქმნის (სისხლის შედედების) ალბათობა

წელიწადში 10, 000 ქალიდან იმ ქალების რაოდენობა, რომელთაც განუვითარდათ თრომბი (სისხლის შედედება)


 

* მითითებულ კვლევებში ორსულობის მონაცემები ეფუძნება ორსულობის ფაქტობრივ ხანგრძლივობას. მოდელის დაშვების (ვარაუდის) გათვალისწინებით, იმის შესახებ, რომ ორსულობის ხანგრძლივობა 9 თვეა, წელიწადში10,000 ქალში მაჩვენებელი 7-დან 27-მდე მერყეობს. 

იმ ქალების მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, შესაძლოა განუვითარდეთ:

  • არტერიული ჰიპერტენზია
  • ნაღვლის ბუშტის პრობლემები
  • ღვიძლის იშვიათი ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი სიმსივნეები.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტი იშვიათია ჯანსაღ ქალებში. 

იწვევს თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება კიბოს?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება არ წარმოადგენს კიბოს გამომწვევ მიზეზს. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ ან წარსულში გქონდათ მკერდის კიბო, არ გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რადგან არსებობს კიბოს გარკვეული სახეობები, რომლებიც მგრძნობიარეა ჰორმონების მიმართ.

ქალები, რომლებიც იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების შედარებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. თუმცა, ეს შესაძლოა სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, როგორიცაა უფრო მეტი სქესობრივი პარტნიორის ყოლა.

 

„Yaz Plus“-ის მიღებისას მენსტრუალურ სისხლდენაში გამოწვეული ცვლილებები

 „Yaz Plus“-ის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა ან გამონადენი. არარეგულარული სისხლდენა, მენსტრუალურ პერიოდებს შორის შესაძლოა იცვლებოდეს მსუბუქი, ღია შეფერილობიდან ჭარბ სისხლდენამდე, მენსტრუალური სისხლდენის მსგავსი მოცულობით. არარეგულარული სისხლდენის შემთხვევებს ყველაზე ხშირად ადგილი აქვს ჩასახვის საწინაარმდეგო აბების გამოყენების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც. ასეთი სისხლდენა შესაძლოა დროებითი იყოს და როგორც წესი, არ მიუთითებს რაიმე სახის სერიოზულ პრობლემაზე. მნიშვნელოვანია, რომ ტაბლეტები დროულად მიიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენა ხდება ერთზე მეტი მენსტრუალური ციკლის დროს ან უჩვეულოდ ინტენსიურია და გრძელდება უფრო ხანგრძლივად, ვიდრე რამდენიმე დღე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ზოგიერთ ქალს არ აქვს მენსტრუალური პერიოდი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შეშფოთების მიზეზი, რამდენადაც ტაბლეტებს ინსტრუქციის მიხედვით იღებდით.

მენსტრუალური ციკლის გამოტოვების შემთხვევაში

იშვიათ ფაქტს არ წარმოადგენს მენსტრუალური ციკლის გამოტოვება. თუმცა, მიმართეთ ექიმს, თუ ზედიზედ 2 მენსტრუალური პერიოდი არ გქონდათ ან გამოტოვეთ ერთი მენსტრუალური პერიოდი, როდესაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს არ იღებდით ინსტრუქციის შესაბამისად. აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ორსულობის ნიშნები, როგორიცაა დილის ავადმყოფობა (გულისრევა) ან მკერდის უჩვეულო ტკივილი (მგრძნობელობა). მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ექიმმა შეამოწმოს ხართ თუ არა ორსულად. ორსულობის შემთხვევაში შეწყვიტეთ  „Yaz Plus“-ის მიღება.

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულ სამკურნალო საშუალებებს და საკვებ დანამატებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება, თუ თქვენ იღებთ:

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. იბუპროფენი, ნაპროქსენი), ყოველდღიურად, ართრიტის ან სხვა პრობლემების ხანგრძლივი მკურნალობის მიზნით
  • კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები (მაგ. სპირონოლაქტონი)
  • კალიუმის შემცველი საკვები დანამატები
  • ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (მაგ. კაპტოპრილი, ენალაპრილი)
  • ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (მაგ. ლოზარტანი, ვალსარტანი, ირბესარტანი)
  • ჰეპარინი
  • ალდოსტერონის რეცეპტორების ანტაგონისტები

(ზემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს კალიუმის დონის ამაღლება. თუ ამ მედიკამენტებს იყენებთ ყოველდღიურად, ხანგრძლივი მკურნალობის მიზნით, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის, რათა დაადგინოს შესაფერისია თუ არა თქვენთვის „Yaz Plus“-ის მიღება და მისი მიღების პირველი თვის განმავლობაში, ასევე რეკომენდირებულია სისხლის ანალიზის გაკეთება, სისხლში კალიუმის განსაზღვრის მიზნით).

  • ბარბიტურატები
  • ბოსტენანი
  • კარბამაზეპინი
  • ფელბამატი
  • გრიზეოფულვინი
  • ოქსკარბაზეპინი
  • ფენიტოინი
  • რიფამპინი
  • მცენარეული სამკურნალო საშუალება კრაზანა Hypericum (St. John’s wort)
  • ტოპირამატი
  • ლამოტრიგინი, ეპილეფსიის მკურნალობის მიზნით. ლამოტრიგინთან ერთად ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კრუნჩხვითი შეტევების რისკი, რამაც შესაძლოა საჭირო გახადოს ექიმის მიერ ლომოტრიგინის დოზის შეცვლა (მორგება).

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმეს იღებთ, რომლებმაც შესაძლოა შეასუსტონ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა, გაითვალისწინეთ და გამოიყენეთ სხვა კონტრაცეპციული მეთოდები. 

ფოლატებმა შესაძლოა შეამცირონ გარკვეული მედიკამენტების ეფექტურობა, მათ შორის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება; ამიტომ, სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში, რეკომენდირებულია კონსულტაციის მიზნით მიმართოთ თქვენს ექიმს.

მედიკამენტის და საკვების მიღება

მედიკამენტი შეგიძლიათ მიიღოთ უზმოზე ან საკვებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. თუმცა, არანაირი ფაქტი არ არის ცნობილი ორსულობის განმავლობაში შემთხვევით მიღებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიერ ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ.

ძუძუთი კვების შემთხვევაში, სასურველია გამოიყენოთ სხვა კონტრაცეპტული მეთოდები, სანამ არ შეწყვეტთ ბავშვის ძუძუთი კვებას. 

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, როგორიც არის „Yaz Plus“-ი, შეიცავს ესტროგენს, რამაც შესაძლოა მეძუძურ დედებში რძის შემცირება გამოიწვიოს. აბების შემადგენლობაში არსებული ჰორმონების მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში.

მოწევა

არ მიიღოთ „Yaz Plus“-ი, თუ თქვენ ხართ მწეველი ან გადასცილდით 35 წელს. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება მწეველებში ზრდის გულთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (კარდიოვასკულარული პრობლემები), როგორიცაა გულის შეტევით, თრომბოზით (სისხლის შედედებით) ან ინსულტით  გამოწვეული სიკვდილი. აღნიშნული რისკი იზრდება ასაკთის მატებასთან და თქვენს მიერ მოწეული სიგარეტის რაოდენობასთან ერთად.

მედიკამენტის ზოგიერთ ინგრედიენტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენ გაქვთ შეუთავსებლობა გარკვეული შაქრების მიმართ, მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.

როგორ უნდა გამოიყენოთ მედიკამენტი?

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ ან გაურკვეველია თქვენთვის, გადაამოწმეთ ექიმთან არ ფარმაცევტთან.

  • მედიკამენტის დოზას და მკურნალობის რეჟიმს განსაზღვრავს და ადგენს მხოლოდ ექიმი. ზოგადად, ჩვეულებრივი დოზაა დღეში ერთი ტაბლეტი, განსაზღვრულ დროს, 28 დღის განმავლობაში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი, საჭიროების შემთხვევაში წყლის დახმარებით.

არ დატეხოთ/შუაზე გაყოთ/დაღეჭოთ ტაბლეტი ისე, რომ დააზიანოთ მისი გარსი და გაურკვეველი გახდეს ზუსტი დოზა.

  • ტაბლეტების მიღების დაწყებამდე
  1. გადაწყვიტეთ დღის რომელ მონაკვეთში გსურთ მედიკამენტის მიღება.

მნიშვნელოვანია, რომ „Yaz Plus“-ი მიიღოთ ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს, შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით; სასურველია საღამოს კვების შემდეგ ან ძილის წინ, საჭიროების მიხედვით წყალთან ერთად.  „Yaz Plus“-ის მიღება ასევე შეგიძლიათ საკვებთან კავშირის გარეშე.

  1. შეხედეთ ტაბლეტების შეკვრას - მასში 28 ცალი ტაბლეტია.

„Yaz Plus“-ის შეკვრა შეიცავს 24 ცალ ვარდისფერ ტაბლეტს (რომლებიც შეიცავს ჰორმონებს და ფოლატს), რომლებიც განკუთვნილია 24 დღის განმავლობაში მისაღებად, შემდეგ მოყვება 4 ცალი ღია ნარინჯისფერი ტაბლეტი (რომლებიც არ შეიცავენ ჰორმონებს, მაგრამ შეიცავენ ფოლატს) შემდგომი 4 დღის განმავლობაში მისაღებად. მნიშვნელოვანია ღია ნარინჯისფერი ტაბლეტების მიღება, რადგან ისინი შეიცავენ ფოლატს.

  1. ასევე მოიძიეთ:

ა) პაკეტზე მარკირების ნიშანი, რაც მიუთითებს, თუ საიდან უნდა დაიწყოთ ტაბლეტების ათვლა და მიღება.

ბ) ტაბლეტების მიღების სწორი მიმართულების მითითება (ისრის მიმართულებით).

  1. აუცილებლად, ყოველთვის იქონიეთ (ა) სხვა სახის კონტრაცეპციული საშუალება (როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი) რეზერვის სახით იმ შემთხვევისთვის, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება და (ბ) „Yaz Plus“-ის დამატებითი ახალი შეკვრა.
  • როდის უნდა დაიწყოთ ტაბლეტების პირველი შეკვრის მიღება

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დღე, როდესაც დაიწყებთ პირველი შეკვრიდან ტაბლეტების მიღებას. ექიმთან კონსულტაციის დახმარებით გადაწყვიტეთ მედიკამენტის მიღების თქვენთვის საუკეთესო დღე. აირჩიეთ დოზირების დრო, რომლის დამახსოვრებაც თქვენთვის ადვილი იქნება.  

დაწყება „1-ლი დღიდან“:

  1. ტაბლეტების შეკვრიდან პირველი ვარდისფერი ტაბლეტი მიიღეთ მენსტრუალური პერიოდის მოსვლიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.
  2. რეზერვის სახით არ დაგჭირდებათ დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდის გამოყენება, რადგან ტაბლეტების მიღებას იწყებთ მენსტრუალური პერიოდის დასაწყისში. თუმცა, თუ თქვენ „Yaz Plus“-ის მიღებას იწყებთ მენსტრუალური ციკლის არა პირველ დღეს, არამედ მოგვიანებით, რეკომენდირებულია, დამატებით გამოიყენოთ სხვა კონტრაცეპტული მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი) მანამდე, სანამ არ მიიღებთ 7 ცალ ვარდისფერ ტაბლეტს.

დაწყება კვირა დღეს:

  1. შეკვრიდან მიიღეთ პირველი ვარდისფერი ტაბლეტი თქვენი მენსტრუალური პერიოდის დაწყების შემდგომ კვირა დღეს, მაშინაც კი, თუ კვლავ სისხლდენა გაქვთ. თუ მენსტრუალური პერიოდი იწყება კვირას, ტაბლეტების მიღება დაიწყეთ იმავე დღეს.
  2. უკეთესი თავდაცვის მიზნით, გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი) იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ სქესობრივი კავშირი ტაბლეტების მიღების კვირა დღიდან შემდგომ კვირა დღემდე (7 დღე). ეს ასევე ეხება იმ შემთხვევას, როდესაც „Yaz Plus“-ის მიღებას იწყებთ ორსულობის შემდეგ და ჯერ არ გქონიათ მენსტრუალური პერიოდი.
  • ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა აბების მიღებიდან „Yaz Plus“-ზე გადმოსვლისას:

ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა აბების მიღებიდან „Yaz Plus“-ზე გადმოსვლის შემთხვევაში, ტაბლეტების მიღება დაიწყეთ იმავე დღეს, რომელ დღესაც დაიწყებდით ჩასახვის საწინააღმდეგო წინა აბების ახალი შეკვრის მიღებას.

  • სხვა ტიპის კონტრაცეპტული მეთოდიდან გადმოსვლის შემთხვევაში

ტრანსდერმალური პლასტირის ან ვაგინალური ბეჭდის გამოყენებიდან „Yaz Plus“-ზე გადმოსვლის შემთხვევაში ტაბლეტების მიღება უნდა  დაიწყოთ იმავე დღეს, როდესაც საჭირო იქნებოდა კონტრაცეპტული საშუალების შემდგომი გამოყენება. საინექციო კონტრაცეპტული საშუალების „Yaz Plus“-ით ჩანაცვლების შემთხვევაში, ტაბლეტების მიღება დაიწყეთ იმავე დღეს, როდესაც საჭირო იქნებოდა შემდგომი ინექციის გაკეთება. საშვილოსნოს შიგნით ჩადგმული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ან იმპლანტის „Yaz Plus“-ით ჩანაცვლების შემთხვევაში, ტაბლეტების მიღება დაიწყეთ აღნიშნული საშუალების მოხსნის (ამოღების) დღიდან.

  • რა უნდა გააკეთოთ თვის განმავლობაში
  1. ყოველდღიურად მიიღეთ მედიკამენტის თითო აბი ერთი და იმავე დროს, სანამ შეკვრა (პაკეტი) არ დასრულდება.

არ გამოტოვოთ ტაბლეტების მიღება მაშინაც კი, თუ მენსტრუალურ პერიოდებს შორის აღგენიშნებათ გამონადენი, სისხლდენა ან გულისრევის შეგრძნება.

არ გამოტოვოთ არც ერთი ტაბლეტი, მაშინაც კი, თუ სქესობრივი ურთიერთობა ძალიან ხშირად არ გაქვთ.

  1. ტაბლეტების შეკვრის დამთავრების შემდეგ, დაიწყეთ ტაბლეტების ახალი შეკვრის მიღება, ბოლო ღია ნარინჯისფერი ტაბლეტის მიღების შემდეგ. ღია ნარინჯისფერი ტაბლეტების მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ფოლატს შეიცავენ. ნუ გააკეთებთ შუალედს ტაბლეტების ერთი შეკვრის დამთავრებიდან ახალი შეკვრის დაწყებამდე.

ანალიზები და კონტროლი

სისხლის ანალიზის გაკეთების შემთხვევაში, შეატყობინეთ ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს, რომ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. ასეთი სახის აბებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს სისხლის ანალიზის ზოგიერთ შედეგზე.

იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევით ზედმეტი დოზა მიიღეთ

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში არ არის გამოვლენილი რაიმე სახის მძიმე გვერდითი მოვლენები, მაშინაც კი, თუ მას შემთხვევით ბავშვი მიიღებს.   

მედიკამენტის ზედმეტი დოზის მიღების ან ბავშვის მიერ ტაბლეტის გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას; აუცილებლად თან იქონიეთ მედიკამენტის შეკვრა (პაკეტი).

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ მედიკამენტის მიღება

მედიკამენტის მიღების დავიწყების ან ახალი შეკვრის გვიან დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა დაორსულდეთ. დაორსულების შესაძლებლობა იზრდება გამორჩენილი (დავიწყებული) ტაბლეტების რაოდენობასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტების მიღება, იხილეთ ქვემოთ, ბროშურაში მოცემული ინსტრუქციები.

ტაბლეტების გამოტოვებამ (დავიწყებამ) შესაძლოა გამოიწვიოს გამონადენი ან მსუბუქი სისხლდენა, გამორჩენილი ტაბლეტების შემდგომში მიღების შემთხვევაშიც კი. 

გამორჩენილი ტაბლეტების ანაზღაურების მიზნით, დღეში 2 ტაბლეტის მიღებისას, შესაძლოა იგრძნოთ კუჭთან დაკავშირებული დისკომფორტი.

თუ თქვენ პრობლემები გაქვთ და ვერ იმახსოვრებთ ტაბლეტების მიღების  ზუსტ დროს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, რათა დაგეხმაროთ, თუ როგორ დაიმახსოვროთ მედიკამენტის მიღების ზუსტი დრო ან გირჩიოთ სხვა სახის კონტრაცეპტული მეთოდის გამოყენება.

ერთი ვარდისფერი ტაბლეტის გამორჩენის შემთხვევაში:

  1. მიიღეთ ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულ დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთ დღეს 2 ტაბლეტის მიღება მოგიწიოთ.
  2. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სქესობრივი ურთიერთობა, საჭირო არ არის დამატებითი კონტრაცეპტული საშუალების გამოყენება.    

მედიკამენტის მიღების პირველ ან მეორე კვირაში ზედიზედ 2 ვარდისფერი ტაბლეტის გამორჩენის შემთხვევაში:

  1. მიიღეთ 2 ტაბლეტი იმ დღეს, როდესაც გაგახსენდებათ და 2 ტაბლეტი - მომდევნო დღეს.
  2. შემდგომ, მიიღეთ დღეში ერთი ტაბლეტი, სანამ შეკვრას არ დაასრულებთ.
  3. არსებობს დაორსულების შანსი, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ იმ 7 დღეში, სანამ კვლავ დაიწყებდით ტაბლეტების მიღებას. თავის დაზღვევის მიზნით, იმ 7 დღის განმავლობაში გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი).

ედიკამენტის მიღების მესამე ან მეოთხე კვირაში ზედიზედ 2 ვარდისფერი ტაბლეტის გამორჩენის შემთხვევაში:

  1. თუ მედიკამენტის მიღება დაიწყეთ „1-ელ დღეს“ (მენსტრუალური პერიოდის პირველი 24 საათი):

გადაყარეთ შეკვრაში დარჩენილი ტაბლეტები და იმავე დღეს დაიწყეთ ტაბლეტების მიღება ახალი შეკვრიდან (პაკეტიდან).

  1. იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტის მიღება დაიწყეთ კვირა დღეს:

კვირა დღემდე გააგრძელეთ თითო ტაბლეტის მიღება. კვირას გადაყარეთ შეკვრაში დარჩენილი ტაბლეტები და იმავე დღეს დაიწყეთ ტაბლეტების მიღება ახალი შეკვრიდან.

  1. არსებობს დაორსულების შანსი, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ იმ 7 დღეში, სანამ კვლავ დაიწყებდით ტაბლეტების კვლავ მიღებას. თავის დაზღვევის მიზნით, იმ 7 დღის განმავლობაში გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი).
  2. იმ თვეში შესაძლოა არ გქონდეთ მენსტრუალური პერიოდი, მაგრამ ეს მოსალოდნელია. თუმცა, ზედიზედ 2 მენსტრუალური ციკლის გამოტოვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა ორსულად იყოთ.

ნებისმიერი კვირის განმავლობაში ზედიზედ 3 ვარდისფერი ტაბლეტის გამორჩენის შემთხვევაში:

  1. თუ მედიკამენტის მიღება დაიწყეთ „1-ელ დღეს“ (მენსტრუალური პერიოდის პირველი 24 საათი):

გადაყარეთ შეკვრაში დარჩენილი ტაბლეტები და იმავე დღეს დაიწყეთ ტაბლეტების მიღება ახალი შეკვრიდან (პაკეტიდან).

  1. იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტის მიღება დაიწყეთ კვირა დღეს:

კვირა დღემდე გააგრძელეთ თითო ტაბლეტის მიღება. კვირას, გადაყარეთ შეკვრაში დარჩენილი ტაბლეტები და იმავე დღეს დაიწყეთ ტაბლეტების მიღება ახალი შეკვრიდან (პაკეტიდან).

  1. არსებობს დაორსულების შანსი, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ იმ 7 დღეში, სანამ კვლავ დაიწყებდით ტაბლეტების კვლავ მიღებას. თავის დაზღვევის მიზნით, იმ 7 დღის განმავლობაში გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი).
  1. ამ თვეში შესაძლოა არ გქონდეთ მენსტრუალური პერიოდი, მაგრამ ეს მოსალოდნელია. თუმცა, ზედიზედ 2 მენსტრუალური ციკლის გამოტოვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა ორსულად იყოთ.

მეოთხე კვირაში 4 ღია ნარინჯისფერი ტაბლეტიდან ერთი ან რამდენიმეს  გამორჩენის შემთხვევაში:

გადაყარეთ გამორჩენილი ტაბლეტები.

გააგრძელეთ დღეში ერთი ტაბლეტის მიღება, სანამ არ დაასრულებთ შეკვრას.

თავის დაზღვევის მიზნით საჭირო არ არის დამატებითი კონტრაცეპტული საშუალების გამოყენება.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული რა უნდა გააკეთოთ თვის განმავლობაში გამორჩენილი ტაბლეტების გამო:

ნებისმიერ დროს, როდესაც გაქვთ სქესობრივი ურთიერთობა, თავის დაზღვევის მიზნით, გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეპტული საშუალება (როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი).

დაუკავშირდით ექიმს და გააგრძელეთ დღეში ერთი ვარდისფერი ტაბლეტის მიღება, სანამ ექიმისგან არ მიიღებთ სხვა ინსტრუქციებს.

რა უნდა გააკეთოთ დიარეის ან პირღებინების დროს

თუ აღგენიშნებათ პირღებინება ან დიარეა, შესაძლოა თქვენი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სათანადოდ არ მუშაობს. დაიცავით მესამე პუნქტში „იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ მედიკამენტის მიღება“ მოცემული ინსტრუქციები. მიიღეთ დამატებითი ტაბლეტი, თუ ჩვეულებრივ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში პირღებინება გაწუხებთ. ექიმთან კონსულტაციამდე, გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეპტული საშუალება, როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი.

გარდა ამისა, თუ გაწუხებთ დიარეა ან ერთდროულად იღებთ სხვა მედიკამენტებსაც, მათ შორის გარკვეული სახის ანტიბიოტიკებსა და მცენარეული პრეპარატებს, როგორიცაა მცენარეული სამკურნალო საშუალება კრაზანა Hypericum (St. John’s wort), „Yaz Plus“-ის ტაბლეტების მიღებას შესაძლოა არ ჰქონდეს ოპტიმალური ეფექტი. ექიმთან კონსულტაციამდე,  თავის დაზღვევის მიზნით, გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეპტული საშუალება (როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი).

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ დაორსულდეთ

ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ შეწყვიტოთ მაშინ, როდესაც გსურთ. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების შეწყვეტამდე, საჭიროა თქვენს ექიმთან კონსულტაცია, ორსულობის წინა შემოწმების მიზნით. „Yaz Plus“-ის მიღების შეწყვეტის, ორსულობის ან მომავალი ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ფოლატის სათანადო დანამატის დანიშვნასთან დაკავშირებით.

მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

ტაბლეტების მიღების შეწყვეტამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თანმდევი დამატებითი მოვლენების შესახებ.

  • არ მიიღოთ მედიკამენტები სიბნელეში! ყოველი მიღების წინ შეამოწმეთ წამლის ეტიკეტი და დოზა. საჭიროების შემთხვევაში დაიხმარეთ სათვალე.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კონსულტაციის მიზნით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4) გვერდითი ეფექტები

როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღებისას, „Yaz Plus“-ის გამოყენებამ,  ზოგიერთ მომხმარებელში შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული სახის გვერდითი ეფექტები. ნუ შეშფოთდებით გვერდითი ეფექტების ჩამონათვალის წაკითხვისას. თქვენს შემთხვევაში შესაძლოა არც ერთი მათგანი არ გამოვლინდეს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში:

  • ქვედა კიდურის მუდმივი ტკივილი
  • სუნთქვის უეცარი უკმარისობა
  • უეცარი სიბრმავე, ნაწილობრივი ან სრული
  • მწვავე ტკივილი მკერდის არეში
  • უეცარი, მწვავე და უჩვეულო თავის ტკივილი
  • სისუსტე ან დაბუჟება მკლავში ან ფეხში; მეტყველების შეფერხება
  • კანის ან თვალის სკლერის შეყვითლება

დამატებითი გვერდითი ეფექტები

ჩვეულებრივი გვერდითი ეფექტები - რომლებიც 100 მომხმარებლიდან 1-10-ში გამოვლინდეს:

  • გამონადენი ან სისხლდენა მენსტრუალურ პერიოდებს შორის
  • გულისრევა
  • მკერდის ტკივილი (მგრძნობელობა)
  • თავის ტკივილი

ასეთი სახის გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ ზომიერია და გარკვეული დროის განმავლობაში გაივლის.

იშვიათი გვერდითი ეფექტები - რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან 1-10 მომხმარებელში

  • აკნე
  • სექსუალური ურთიერთობის სურვილის შემცირება 
  • შეშუპება ან სითხის შეკავება
  • მუქი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე
  • სისხლში შაქრის მაღალი დონე, განსაკუთრებით იმ ქალებში, ვისაც დიაბეტი აწუხებთ
  • სისხლში ცხიმის მაღალი დონე (ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდი)
  • დეპრესია, განსაკუთრებით თუ წარსულში გქონდათ დეპრესია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ფიქრი.
  • შეუთავსებლობა კონტაქტურ ლინზებთან
  • წონის ცვალებადობა

ეს არ არის გვერდითი ეფექტების სრული ჩამონათვალი.

გვერდითი ეფექტის გამოვლენის, ერთ-ერთი მათგანის გაუარესების, ან ჩამონათვალში არ არსებული გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში,  მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

5) როგორ უნდა ინახებოდეს მედიკამენტი?

მოერიდეთ მოწამვლას! აღნიშნული და სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მოწამვლისგან თავის არიდების მიზნით, უნდა ინახებოდეს ბავშვებისგან/არასრულწლოვანებისგან მიუწვდომელ, უსაფრთხო ადგილას. არ გამოიწვიოთ პირღებინება, თუ ექიმისგან არ გაქვთ პირდაპირ ამის ინსტრუქცია.

  • არ გამოიყენოთ მედიკამენტი, შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.
  • არ შეინახოთ მედიკამენტი 25°C-ზე მეტ ტემპერატურაზე.

6) დამატებითი ინფორმაცია

  • გარდა აქტიური ინგრედიენტებისა, მედიკამენტი ასევე შეიცავს არააქტიურ ინგრედიენტებს.

თითოეული ვარდისფერი ტაბლეტი შეიცავს შემდეგი სახის არააქტიურ ინგრედიენტებს:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზის ნატრიუმი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა 5 cP, მაგნიუმის სტეარატი, ვარდისფერი ლაქი/შეფერილობა ან სხვაგვარად: ჰიპრომელოზი 5 cP, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი წითელი.

თითოეული ღია ნარინჯისფერი ტაბლეტი შეიცავს შემდეგი სახის არააქტიურ ინგრედიენტებს:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზის ნატრიუმი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა 5 cP, მაგნიუმის სტეარატი, ღია ნარინჯისფერი ლაქი/შეფერილობა ან სხვაგვარად: ჰიპრომელოზი 5 cP, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი.

თითოეული ვარდისფერი ტაბლეტი შეიცავს 45.33 მგ ლაქტოზას.

თითოეული ღია ნარინჯისფერი ტაბლეტი შეიცავს 48.35 მგ ლაქტოზას.

  • როგორ გამოიყურება მედიკამენტი და როგორია შეფუთვის შემადგენლობა 

„Yaz Plus“-ის თითოეული შეფუთვა შედგება 24 ვარდისფერი და 4 ღია ნარინჯისფერი ტაბლეტისგან.

ვარდისფერი ტაბლეტები გარსით დაფარული (შემოგარსული), მრგვალი და ორმხრივად ამოზნექილი ფორმისაა. ცალ მხარეს, ექვსკუთხედში ამობეჭდილი აქვს “Z+” სიმბოლო.

ღია ნარინჯისფერი ტაბლეტები გარსით დაფარული (შემოგარსული), მრგვალი და ორმხრივად ამოზნექილი ფორმისაა. ცალ მხარეს, ექვსკუთხედში ამობეჭდილი აქვს “M+” სიმბოლო.

ტაბლეტები განლაგებულია ფირფიტაზე 1x28, 3x28, 6x28 ფორმის შეფუთვით. შეფუთვის ყველა ფორმა არ არის გასაყიდად განკუთვნილი.

  • რეგისტრაციის მფლობელი და მისამართი: შპს „ბაიერ ისრაელი“, Bayer Israel Ltd., 36 Hacharash St., Hod Hasharon 45240.
  • მწარმოებელი და მისამართი: Bayer Weimar GmbH und Co. KG, გერმანია, ქ. ვაიმარი.
  • წინამდებარე ბროშურა შემოწმებული და დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2014 წლის ოქტომბერში.
  • ჯანდაცვის სამინისტროს წამლების ეროვნულ რეესტრში მედიკამენტის რეგისტრაციის ნომერი: 152 82 33905 0084368733

 გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით