კანდიბენე კრემი
(Kandibene)
წამლის ფორმა: კრემი 1% 30გ
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლოტრიმაზოლი
შემადგენლობა: 100გ კრემი შეიცავს 1გ კლოტრიმაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, სორბიტანმონოსტეარატი, პოლისორბატი 80, სინთეზური ვალრატი, ცეტილსტეარილის სპირტი, 2-ოქტილდოდეკანოლი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიმიკოზულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. მისი ანტიმიკოზური ეფექტი განპირობებულია კლოტრიმაზოლის (იმიდაზოლის წარმოებული) მიერ ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რომელიც შედის სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში, რაც იწვევს მემბრანის განვლადობის ცვლილებას და სოკოს უჯრედის შემდგომ ლიზისს.
პრეპარატი ეფექტურია დერმატოფიტების, საფუარასა და ობის სოკოს, აგრეთვე მრავალფეროვანი ლიქენის (Pityriasis versicolor), ერითრაზმას გამომწვევების მიმართ. ზემოთაღნიშნულ გამომწვევების პირველადი რეზისტენტობა კლოტრიმაზოლის მიმართ უმნიშვნელოა. მკურნალობის პროცესში რეზისტენტობის მომატება არ აღინიშნება. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას გრამდადებითი (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (Bacteroides, Gardnerella vaginalis), აგრეთვე Trichomonas vaginalis, Corynebacterium minutissimum-ის მიმართ. პრეპარატს გააჩნია მაღალი შეღწევის უნარი. მისი გარეგანი გამოყენებისას კლოტრიმაზოლის კონცენტრაცია ეპიდერმისში უფრო მაღალია, კანქვეშ და დერმაში არსებულ კონცენტრაციასთან შედარებით. ფრჩხილებზე მისი დატანებისას პრეპარატის კონცენტრაცია აღინიშნება აგრეთვე ფრჩხილების კერატინზე. პრეპარატს პრაქტიკულად არ გააჩნია რეზორბციული მოქმედება.
ჩვენებები: კანის, კანის ნაკეცების მიკოზების, ტერფის, ონიქომიკოზების სამკურნალოდ; შემომსალტველი ლიქენის, ერითრაზმის, ზედაპირული კანდიდოზის დროს, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, საფუარასა (Candida-ს რიგის ჩათვლით) და ობის, აგრეთვე სხვა სოკოებისა და იმ გამომწვევების მიმართ, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კლოტრიმაზოლის მიმართ; მიკოზები, გართულებულნი მეორადი პიოდერმიით.
წინააღმდეგჩვენება: კლოტრიმაზოლისა და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.პრეპარატის ოფთალმოლოგიაში გამოყენება დაუშვებელია.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევების შედეგად არ იქნა დადგენილი, რომ პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ნაყოფზე ან დედის ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად ექიმის კონსულტაციით. კლოტრიმაზოლის მკერდზე დატანება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის თხელი ფენა დაიტანება წინასწარ გასუფთავებულ (გამოიყენება pH ნეიტრალური მნიშვნელობის საპონი) კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, პათოლოგიური ცვლილებების ლოკალიზაციასა და მკურნალობის ეფექტურობაზე. მკურნალობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით პრეპარატის მიღების შეწყვეტა დაავადების მწვავე სიმპტომების გაქრობისთანავე არ წარმოებს. დერმატომიკოზის დროს მკურნალობა ტარდება 4 კვირის განმავლობაში, მრავალფეროვანი ლიქენის – 1-3 კვირა. ფეხის კანის სოკოს სამკურნალოდ მკურნალობას ახანგრძლივებენ 2 კვირის განმავლობაში სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები: ონიქომიკოზების სამკურნალოდ აუცილებელია, რომ დასამუშავებელი ფრჩხილის ზედაპირი იყოს მოკლედ მოჭრილი, რათა ადვილად მოხდეს მასში პრეპარატის შეღწევა. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კანდიბენეს დერმატოლოგიურ ხსნარს, მისი ადვილად შეღწევადობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან უარყოფითი ურთიერთქმედება არ არის ცნობილი და არც მოსალოდნელი, ვინაიდან კლოტრიმაზოლის რეზორბციის უნარი უმნიშვნელოა. პრეპარატისა და ნისტატინის კომბინაციისას შესაძლებელია კლოტრიმაზოლის მოქმედების დაქვეითება.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება ადგილობრივი ალერგიიული რეაქციები: სიწითლე, წვის შეგრძნება, ქავილი. იშვიათად – ეგზანთემა.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზირებით მიღებისას სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები არ აღინიშნება. პრეპარატის მიმართ შეჩვევის სინდრომი არ აღინიშნება.
გამოშვების ფორმა: კრემი 30 გ ტუბში.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოთ.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 25ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი: “Merckle GmbH”, გერმანია