კეტოკონაზოლი 200მგ #20ტ GMP

კეტოკონაზოლი
(KETOCONAZOLE)



შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კეტოკონაზოლის 200 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

ანტიმიკოზური პრეპარატი. ახასიათებს ანტიფუნგინალური და მიკოსტატური მოქმედება. აქტიურია დერმატოფიტებისა (Trichophyton sp., Epidermophyton floccosum, Microsporum sp) და საფუარა სოკოებისადმი (Candida sp., Pityrosporum sp.), ასევე სისტემური მიკოზების გამომწვევის (Cryptococcus spp.) და გრამდადებითი კოკების (Staphylococcus spp., Streptococcus spp.) მიმართ. მისი მოქმედება დამყარებულია ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებასა და სოკოს მემბრანის ლიპიდური შემადგენლობის ცვლილებაზე.
პრეპარატი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2 სთ-ში. კეტოკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღვლის საშუალებით, ხოლო 13% - შარდის გზით.

ჩვენება

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ინფექციები (ვულვოვაგინალური კანდიდოზი);
- კანისა და რქოვანი წარმონაქმნების სოკოვანი დაავადებანი;
- სისტემური მიკოზები;
- დასუსტებულ ავადმყოფებში სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა.

უკუჩვენება

- ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევები;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- პრეპარატისადმი გადაჭარბებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

კეტოკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება 50 წელზე მეტი ასაკის ქალებში, ანამნეზში ღვიძლის დაავადებებისა და სამკურნალო საშუალებებზე ალერგიული რეაქციების მქონე პირებში, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას. პრეპარატით 2 კვირის განმავლობაში ან უფრო დიდი ხნით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციების მუდმივი კონტროლი.
რეკომენდებული არ არის კეტოკონაზოლისა და ციკლოსპორინის, ანტიკოაგულანტების, მეთილპრედნიზოლონის, ლოვასტატინის ერთდროული გამოყენება. რიფამპიცინი და იზონიაზიდი ამცირებენ სისხლის პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე ან ბავშვზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში ინიშნება 200 მგ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დერმატომიკოზების დროს შეადგენს 4 კვირას; ონიქომიკოზების დროს - 6-12 თვეს (კლინიკურ და მიკოლოგიურ გაუმჯობესებამდე); კანისა და პირის ღრუს კანდიდოზის დროს - 2-3 კვირას; სისტემური მიკოზების დროს - 1-2 თვეს. თუკი აღნიშნული დოზა არ იძლევა კლინიკურ გაუმჯობესებას, მაშინ დღიური დოზა უნდა განისაზღვროს 400 მგ-ით.
ვაგინალური კანდიდოზის დროს კეტოკონაზოლი ინიშნება 400 მგ დღეში, კურსის ხანგრძლივობა 5 დღეა.
15-30 კგ წონის ბავშვებში კეტოკონაზოლის დღიური დოზაა 100 მგ, ხოლო 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს ენიშნებათ მოზრდილის დოზა.
სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში ინიშნება 400 მგ დღეში, ბავშვებში – დღეში 4-8 მგ/კგ სხეულის წონაზე. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
კეტოკონაზოლი ინიშნება ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, პარესთეზიები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თრომბოციტოპენია, გინეკომასტია, ოლიგოსპერმია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 200 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

დანიშნულება

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”