მელიპრამინი 12.5მგ/მლ 2მლ#10ა

მელიპრამინი
MELIPRAMIN



ყოველი ამპულა მოცულობით 2მლ შეიცავს აქტიური ნივთიერების _ იმიპრამინ ჰიდროქლორიდის 25მგ-ს.
საინექციო ხსნარი ასევე შეიცავს ასკორბინის მჟავას, ნატრიუმის პიროსულფიტს, ნატრიუმის უწყლო სულფიტს, ნატრიუმ ქლორიდს და საინექციო წყალს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
იმიპრამინი განეკუთვნება ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჯგუფს.
ათქ კოდი: N06AA02

ჩვენებები:
- დეპრესიის ყველა ფორმა (შფოთვით და მის გარეშე), ენდოგენური და რეაქტიული დეპრესია, ბიპოლარული აშლილობის დეპრესიული ფაზა, ატიპიური დეპრესია, პოსტფსიქოზური დეპრესია, დეპრესიული მდგომარეობა ცნს-ის ორგანული დაზიანების დროს და ა.შ.
- პანიკური აშლილობა.

უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა იმიპრამინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისა, და ასევე სტრუქტურულად ახლოს მდგომი სხვა ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიმართ,
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;
- მაო-ს ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობა;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის გამტარებლობის დარღვევა, არითმია;
- მანიაკალური მდგომარეობა;
- ღვიძლის და/ან თირკმელების მწვავე უკმარისობა;
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
- შარდის შეკავება;
- 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

უსაფრთხოების ზომები:
იმიპრამინმა შეიძლება გამოიწვიოს მანიაკალური მდგომარეობა ბიპოლარული აშლილობის მქონე ავადმყოფებში. ეს პრეპარატი არ შეიძლება გამოიყენებოდეს მანიაკალური ფაზის დროს.
ანტიდეპრესანტები, მათ შორის იმიპრამინი, ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ამიტომ, ავადმყოფები, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ კრუნჩხვითი მდგომარეობისადმი ან რომლებსაც აღენიშნებათ (ან ადრე ჰქონდათ) ეპილეფსია, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას მელიპრამინით მკურნალობისას. რეკომენდირებულია ასეთი ავადმყოფების მეთვალყურეობა, ხოლო მათი ანტიეპილეფსიური მკურნალობის სათანადო კორექცია.
სასურველია, ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ მელიპრამინს, არ ჩაუტარდეთ ელექტროკრუნჩხვითი თერაპია.

პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რეკომენდირებულია შემდეგი გამოკვლევები და ლაბორატორული ანალიზები:
- არტერიული წნევის კონტროლი (განსაკუთრებით ლაბილური სისხლის მიმოქცევისა და ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში),
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები (განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებისას),
- ლეიკოციტური ფორმულა (ცხელების და/ან ყელის ტკივილის დროს, რაც შეიძლება იყოს ლეიკოპენიის ან აგრანულოციტოზის გამოვლენა, აუცილებელია სისხლის ანალიზი; სხვა შემთხვევებში საკმარისია, გამოკვლევა იმიპრამინის მიღებამდე და რეგულარული საკონტროლო გამოკვლევები ხანგრძლივი თერაპიის დროს),
- ელექტროკარდიოგრამა (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას და ხანდაზმულ პაციენტებში).

სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევა შეიძლება მხოლოდ პრეპარატის მიღებიდან 2-4 კვირის შემდეგ. ამიტომ, როგორც სხვა ანტიდეპრესანტების შემთხვევაში, სუიციდური მცდელობების რისკი მაშინვე არ მცირდება. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია ასეთი მცდელობებისადმი მიდრეკილი ავადმყოფების სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებამდე.

შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე თერაპია 6 ან უფრო მეტი თვის განმავლობაში. მისი დასრულება უნდა მოხდეს დღეღამური დოზის თანდათანობითი შემცირებით. პრეპარატის მოულოდნელმა შეწყვეტამ ან შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები (გულისრევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მოუსვენრობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, გულის რითმის დარღვევა, ექსტრაპირამიდული სიმპტომები).

პანიკური მდგომარეობების მქონე ავადმყოფებში ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის პარადოქსული ზრდა. ჩვეულებრივ, ეს გრძელდება არა უმეტეს ორი კვირისა და მისი მკურნალობა შეიძლება ბენზოდიაზეპინების წარმოებულებით.

ანტიდეპრესანტული თერაპიის საწყის პერიოდში ფსიქოზით დაავადებულ ავადმყოფებში შეიძლება გაძლიერდეს შფოთვა და აგზნება.

ანტიქოლინერგული ეფექტის არსებობის გამო საჭიროა სიფრთხილე პრეპარატ მელიპრამინის დანიშვნისას შემდეგი მდგომარეობების დროს: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია ან მძიმე ყაბზობა, ვინაიდან მათი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს. ცრემლისა და ლორწოს გამოყოფის შემცირებამ შეიძლება შეუქმნას უხერხულობა კონტაქტური ლინზების მქონე პაციენტებს, მათ შეიძლება დაუზიანდეთ რქოვანას ეპითელი.

პრეპარატის მიღებისას აუცილებელია სიფრთხილე გულის იშემური დაავადების, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციების დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის (გლუკოზის დონის შეცვლა სისხლის პლაზმაში) მქონე ავადმყოფებში.

ფეოქრომოციტომითა და ნეირობალსტომით დაავადებული ავადმყოფები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იღებდნენ პრეპარატ მელიპრამინს, რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული კრიზი.

ჰიპერთირეოზით დაავადებული ავადმყოფები ან ისინი, ვინც იღებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას პრეპარატ მელიპრამინის მიღების დროს. ამ ავადმყოფებში შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი მოვლენები გულის მხრივ.

ავადმყოფებში, რომლებსაც დანიშნული აქვთ პრეპარატ მელიპრამინის ინექციები, მომატებულია არითმიისა და არტერიული ჰიპოტენზიის რისკი ანესთეზიის დროს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული.

იმიპრამინით მკურნალობისას აღწერილია ეოზინოფილიის, ლეიკოპენიის, აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიისა და პურპურის ცალკეული შემთხვევები. ამიტომ რეკომენდირებულია სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის რეგულარული შემოწმება.

ანტიდეპრესანტებით ხანგრძლივი მკურნალობისას აღინიშნება კბილის კარიესის მაღალი სიხშირე. ამიტომ, რეკომენდირებულია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები.
ხანდაზმული პაციენტები და მოზარდები უფრო ექვემდებარებიან გვერდით მოვლენებს, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი კურსის დასაწყისში. ამიტომ, პრეპარატის საწყისი დოზები უნდა იყოს უფრო მცირე, ვიდრე მოზრდილებში.

იმიპრამინმა შეიძლება გამოიწვიოს შუქმგრძნობელობა. მკურნალობის კურსის დროს თავი აარიდეთ მზის შუქის ინტენსიურ ზემოქმედებას (მაგალითად, მზის აბაზანების დროს).

ხანდაზმულ მგრძნობიარე პაციენტებში მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ანტიქოლინერგული ფსიქოსინდრომი. ის გაივლის პრეპარატის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განამვლობაში.

საჭიროა ავადმყოფების გაფრთხილება, რომ თავი აარიდონ ალკოჰოლის მიღებას პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის კურსის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვვება
მელიპრამინი არ შეიძლება მიიღონ ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის პირველი კურსის საწყის პერიოდში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, სადაც მაღალია უბედური შემთხვევების რისკი. შემდგომში, ამ შეზღუდვის ხანგრძლივობისა და დონის განსაზღვრა ინდივიდუალურია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

არ შეიძლება მელიპრამინის დანიშვნა მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად. ცენტრალური და პერიფერიული ნორადრენერგული ეფექტები სუმაციას განიცდის და ძლიერდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები (მაგალითად, ჰიპერტონული კრიზი, მაღალი ცხელება, მიოკლონუსი, აგზნება, დელირიუმი და კომა). მაო-ს ინჰიბიტორების მიღების დასრულების შემდეგ პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის კურსის დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 3 კვირისა. თუმცა მოკლობემიდის (მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორი) მიღების შემდეგ საკმარისია 24-საათიანი შესვენება. ანალოგიურად უნდა მოხდეს პაციენტების გადაყვანა ტრიციკლური ანტიდეპრესანტებიდან მაო-ს ინჰიბიტორებზე – პრეპარატებს შორის სამკვირიანი შესვენებით. ამ პრეპარატებიდან თითოეულის მიღება უნდა დაიწყოს უმცირესი შესაძლო დოზით. შეიძლება დოზის თანდათან ზრდა, მხოლოდ პაცინეტის მდგომარეობის მუდმივი მეთვალყურეობის პირობებში.
ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორები: პრეპარატ მელიპრამინისა და ციტოქრომის P450 2D6 იზოფერმენტების ინჰიბიტორების ერთობლივმა შეყვანამ შეიძლება დააქვეითოს იმიპრამინის მეტაბოლიზმი და შესაბამისად, გაზარდოს მისი დონე სისხლის პლაზმაში. ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, აგრეთვე, ნივთიერებები, რომლებიც არ მეტაბოლიზირდება ამ ფერმენტებით (მაგალითად, ციმეტიდინი ან მეთილფენიდატი), ასევე პრეპარატები, რომლებიც ფერმენტების სუბსტრატებს წარმოადგენს (მაგალითად, სხვა ანტიდეპრესანტები, ფენოთიაზინები, ანტიარითმული პრეპარატები 1C ტიპის – პროპაფენონი, ფლეკაინიდი). ყველა ანტიდეპრესანტი სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ბლოკატორების ჯგუფიდან სხვადასხვა ხარისხით თრგუნავს იზოფერმენტებს P450 2D6. სიფრთხილით უნდა მოხდეს ამ პრეპარატთაგან ნებისმიერის მიღება იმიპრამინთან ერთად, აგრეთვე, პაციენტის გადაყვანა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ბლოკატორებიდან იმპრამინზე (ან პირიქით). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფლუოქსეტინის მიღების შემთხვევაში მისი ნახევრად გამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო. ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გაზარდოს ანტიფსიქოზური პრეპარატების დონე სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტებისთვის კონკურენციის გამო.
პერორალური კონტრაცეპტივები და ესტროგენები: ცალკეულ შემთხვევებში ქალებში, რომლებიც იყენებდნენ პერორალურ კონტრაცეპტივებსა ან ესტროგენებს ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად, მცირდებოდა ანტიდეპრესანტული ეფექტი და ძლიერდებოდა ინტოქსიკაციის სიმპტომები. ამიტომ ასეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. ინტოქსიკაციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდირებულია პრეპარატთაგან ერთ-ერთის დოზის შემცირება.
ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები (ალკოჰოლი, ნიკოტინი, ბარბიტურატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები): ეს პრეპარატები ზრდიან იმიპრამინის მეტაბოლიზმს, რაც ამცირებს მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ასუსტებს ანტიდეპრესანტულ ეფექტს.
პრეპარატები ანტიქოლინერგული ეფექტით (ფენოთიაზინები, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო და ანტიჰისტამიური საშუალებები, ატროპინი, ბიპერიდენი): ამ პრეპარატთაგან ნებისმიერის იმიპრამინთან ერთობლივმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ნაწლავების პარალიზური გაუვალობა). ამ პრეპარატების ერთობლივი მიღებისას პაციენტები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ და დოზებიც სათანადოდ უნდა შეირჩეს.
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებები (ოპიატები, ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები, ზოგადი ანესთეზიის საშუალებები, ალკოჰოლი): მელიპრამინთან მათი ერთობლივი შეყვანა აძლიერებს თითოეული პრეპარატის როგორც ძირითად, ასევე გვერდით მოვლენებს.
ანტიფსიქოზური საშუალებები: ეს პრეპარატები ზრდის ანტიდეპრესანტების დონეს სისხლის პლაზმაში და ამით აძლიერებს მათ ძირითად და გვერდით ეფექტებს. ამასთანავე, შეიძლება დადგეს დოზის შემცირების საჭიროება. თიორიდაზინთან ერთობლივმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არითმია.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები: შეიძლება გაიზარდოს ანტიდეპრესანტული მოქმედება და გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ. ამ პრეპარატების ერთობლივი შეყვანისას აუცილებელია პაციენტზე მუდმივი მეთვალყურეობა.
ადრენერგული ანტაგონისტები (გუანეტიდინი, ბეტანიდინი, რეზერპინი, კლონიდინი, მეთილდოფა): იმიპრამინთან ერთობლივი მიღებისას ამ პრეპარატების ანტიჰიპერტენზიული ეფექტები შეიძლება შესუსტდეს. ამიტომ იმიპრამინით მკურნალობაზე მყოფ ჰიპერტენზიით დაავადებულებს არტერიული წნევის ნორმალიზაციისათვის უნდა დაენიშნოთ დამატებით სხვა საშუალებები (მაგალითად, შარდმდენი, სისხლძარღვების გამაფართოვებლები, ბეტა-ბლოკატორები).
სიმპატომიმეტური საშუალებები (ძირითადად ადრენალინი, ნორადრენალინი, იზოპროპილნორადრენალინი, ეფედრინი, ფენილეფრინი): მათი მოქმედება გულ-სისხლისძარღვოვან სისტემაზე შეიძლება გაძლიერდეს იმიპრამინთან ერთობლივი მიღებისას.
ფენიტოინი: აღწერილია მისი კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის შემცირება იმიპრამინთან ერთად მიღებისას.
ქინიდინი: თავი უნდა იქნას შეკავებული არითმიის საწინააღმდეგო ამ პრეპარატის მიღებისგან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად. მათი ერთდროული გამოყენებისას იზრდება გულის გამტარებლობის დარღვევის ან არითმიის განვითარების რისკი.
პერორალური ანტიკოაგულანტები: ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შეიძლება შეასუსტოს ამ პრეპარატების მეტაბოლიზმი, რაც ზრდის მათი ნახევრად გამოყოფის პერიოდს. ეს ზრდის სისხლდენის რისკს. მათი ერთობლივი გამოყენებისას რეკომენდირებულია უსაფრთხოების ზომების მიღება და პროთრომბინის დონის ხშირი კონტროლი.
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები: იმიპრამინის მიღების დროს შეიძლება სისხლში გლუკოზის დონე შეიცვალოს. რეკომენდირებულია გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი მკურნალობის კურსის დასაწყისში და დასრულებისას, და, აგრეთვე, დოზის შეცვლისას.

მიღების წესი და დოზირება:
საინექციო პრეპარატი გამოიყენება მოკლევადიანი და დროებითი თერაპიისათვის, მხოლოდ ძლიერი აგზნებით მიმდინარე დეპრესიის შემთხვევაში ან როდესაც პრეპარატის პერორალური მიღება შეუძლებელია.
თერაპია უნდა შეირჩეს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად. რეკომენდირებულია მკურნალობის მინიმალური ეფექტური დოზით დაწყება.
დღეღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს.
ინექცია უნდა გაკეთდეს ღრმად, კუნთში.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემა): სისტემური თავბრუსხვევა, ძილიანობა, სტუპორი, ატაქსია, შფოთვა, აგზნება, ჰიპერრეფლექსია, კუნთების რიგიდობა, ქორეოათეტოზი, კრუნჩხვები, კომა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია, გამტარებლობის დარღვევა, შოკი, გულის უკმარისობა, იშვიათად – გულის გაჩერება.
სხვა სიმპტომები: სუნთქვის დათრგუნვა, ციანოზი, გულისრევა, ცხელება, ოფლიანობა, მიდრიაზი, ოლიგურია ან ანურია.
მკურნალობა: იმიპრამინის გადაჭარბებულ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის სწრაფად მიყვანა საავადმყოფოში. აუცილებელია განსაკუთრებული მეთვალყურეობა არა ნაკლები 72 საათის განმავლობაში. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნაჩვენებია შემანარჩუნებელი, სიმპტომური მკურნალობა. პრეპარატის ანტიქოლინერგულ ეფექტთან დაკავშირებით კუჭის დაცლა შეფერხებულია 12 ან მეტი საათით. ამიტომ, პირველ რიგში უნდა მოხდეს პრეპარატის კუჭიდან გამოდევნა. ამისათვის შეიძლება ამოირეცხოს კუჭი ან – თუ პაციენტი გონზეა – გამოიწვიოს ღებინება. აგრეთვე შეიძლება აქტივირებული ნახშირის შეყვანა. უნდა მოხდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პარამეტრების, გაზებისა და სისხლის ელექტროლიტების მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება (მაგალითად, დიაზეპამი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, საინჰალაციო ანესთეთიკები და მიორელაქსანტები). შეიძლება, ასევე, ხელოვნური სუნთქვის განხორციელება, გულის რითმის პეისმეკერის, სისხლის პლაზმის მოცულობის გაზრდა, დოფამინისა ან დობუტამინის წვეთოვანი ინფუზია. რეანიმაციული ღონისძიებები საჭიროა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. სისხლის პლაზმაში იმიპრამინის დაბალი კონცენტრაციის გამო ჰემოდიალიზი და პერიტონული დიალიზი არ არის შედეგიანი. ამ პრეპარატის დიდი მოცულობით გავრცელების გამო ფორსირებული დიურეზი არ არის ეფექტური. ფიზოსტიგმინის შეყვანა იწვევს მძიმე ბრადიკარდიას, ასისტოლიასა და ეპილეფსიურ შეტევებს. ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება იმიპრამინის ჭარბი დოზირების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები:
ავადმყოფებში, ვინც იღებს ამ პრეპარატს, შეიძლება არ გამოვლინდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტიდან. მათგან ზოგიერთი დამოკიდებულია დოზაზე და უკუვითარდება მისი შემცირებისას, ან მკურნალობის გაგრძელებისას მათი გამოხატულება მცირდება დამატებითი ზომების გარეშე. ზოგიერთი გვერდითი მოვლენის განსხვავება რთულია საწყისი დეპრესიული მდგომარეობისა და მისი სიმპტომებისგან (მაგალითად, დაღლილობა, ძილის დარღვევა, აგზნება, შფოთვა, პირის სიმშრალე).
იმიპრამინის შეყვანა უნდა შეწყდეს მძიმე ფსიქიკური ან ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების ჩივილებისა ან სიმპტომების გამოვლენისას.
ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ანტიქოლინერგული, ნევროლოგიური, ფსიქიკური ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის გვერდითი მოვლენების მიმართ. მეტაბოლიზმი და პრეპარატის გამოყოფა შეიძლება დაქვეითებული იყოს, რის შედეგადაც პრეპარატის დონე სისხლის პლაზმაში იმატებს.
ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები: დაღლილობა, ძილიანობა, შფოთვის მომატება, აგზნება, ძილის დარღვევა, ჰიპომანიაკალურ-მანიაკალური მდგომარეობა, ცნობიერების დარღვევა (განსაკუთრებით ხანდაზმულ ავადმყოფებში და პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში), დეზორიენტაცია, ზოგჯერ ჰალუცინაციები. იშვიათ შემთხვევებში აქტივირდება ფსიქოზის სიმპტომები. ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია აგრესიული ქცევა.
ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები: ხშირად აღინიშნება ტრემორი. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება პარესთეზია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ეპილეფსიურ შეტევებს. ზოგჯერ აღინიშნებოდა ელექტროენცეფალოგრამის ცვლილებები, კუნთების კლონური შეკუმშვები, სისუსტე, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ატაქსია, არამკაფიო მეტყველება, მაღალი ცხელება.
გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად აღინიშნება სინუსური ტაქიკარდია, ელექტროკარდიოგრამის კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები (თ კბილის და შთ სეგმენტის) გულის ნორმალური მგომარეობის მქონე პაცინტებში და ორთოსტატული ჰიპოტენზია. არსებობს არითმიის, QRS კომპლექსის გაფართოების, PR ინტერვალის გაზრდის, და აგრეთვე წინაგულოვანი ჰისის კონის ბლოკადის შემთხვევები. ზოგჯერ აღინიშნებოდა არტერიული წნევის ზრდა, გულის მუშაობის დეკომპენსაცია, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი.
ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენები: პაციენტები ხშირად უჩივიან პირის სიმშრალეს, ოფლიანობას, ყაბზობას, აკომოდაციის დარღვევას, მხედველობის სიმახვილის დარღვევას, მხურვალების შეგრძნებასა ან ალებს. ზოგჯერ აღინიშნება შარდვის გაძნელება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა თვალის გუგის გაფართოება, გლაუკომა და ნაწლავების პარალიზური გაუვალობა.
გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, უმადობა. რამდენიმე შემთხვევაში აღწერილია სტომატიტი, ენის დაზიანება და არასასიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში.
ღვიძლისმიერი გვერდითი ეფექტები: ზოგიერთ შემთხვევაში – ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა. ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი სიყვითლის გარეშე.
დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ აღინიშნება კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება), აღწერილია ცალკეული შემთხვევები ლოკალური ან გენერალიზებული შეშუპებით, შუქმგრძნობელობით, ქავილით, პეტექიებით, ალოპეციით.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება ენდოკრინულ სისტემას და ნივთიერებათა ცვლას: ხშირად მატულობს სხეულის წონა. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და პოტენციის დარღვევა. ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია გინეკომასტია, გალაქტორეა, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი, ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია, სხეულის წონის შემცირება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში რეგისტრირებულია ალერგიული პნევმონიტი ეოზინოფილიით ან მის გარეშე, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები ჰიპოტენზიით.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება სისხლის სისტემას: ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და პურპურა.
გვერდითი მოვლენები გრძნობათა ორგანოების მხრივ: შუილი ყურებში.

გამოშვების ფორმა
2,0 მლ უფერო შუშის ამპულა; 5 ამპულა მოთავსებულია კონტურისებურ უჯრედოვან შეფუთვაში (ბლისტერში) და 2 კონტურისებური უჯრედოვანი შეფუთვა (2 ბლისტერი) მიღების ინსტრუქციით ჩადებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-250C, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.