მეტიპრედი 250მგ+4მლ ინექცია

მეთიპრედი
(Methylprednisolone)



საერთაშორისო ქიმიური სახელწოდება: მეთილპრედნიზოლონი, 6-L-მეთილ-კორტიზონი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი; შემცველობა: 1 ფლაკონი შეიცავს მეთილპრედნიზოლონის ნატრიუმის სუქცინატს 250 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა.
ლიოფილიზირებული ფხვნილი ინექციისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
კორტიკოსტეროიდი სისტემური გამოყენებისათვის. ATC H02A B04.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

სინთეზური კორტიკოსტეროიდი, რომელსაც გააჩნია ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული თვისებები. მეთილპრედნიზოლონის ზეგავლენით ანთების კერაში მცირდება იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობა, მცირდება ვაზოდილატაცია, სტაბილიზირდება ლიზოსომური მემბრანები, ქვეითდება პროსტალგანდინების პროდუქცია.
სხვა კორტიკოიდების მსგავსად, მეთილპრედნიზოლონი უკავშირდება რეცეპტორებს ციტოპლაზმაში. სტეროიდ-რეცეპტორული კომპლექსი მოძრაობს ბირთვისაკენ, სადაც ცვლის პროტეინების დიდი რაოდენობის გენების ტრანსკრიფციას. მეთილპრედნიზოლონის ეფექტის რეალიზაცია ხდება ლიპოკორტინის დონის მომატების ხარჯზე. მეთილპრედნიზოლონის მოქმედების შედეგად უჯრედების აქტივობა ანთების მიმართ მცირდება, რის გამოც მცირდება ანთებითი სიმპტომატიკის განვითარება. მეთილპრედნიზოლონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ხუთჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის ეფეტს. კორტიკოიდებს ასევე გააჩნიათ იმუნოსუპრესიული მოქმედება. გლუკოკორტიკოსტეროიდებით ნარჩუნდება აკტჰ-ს სეკრეცია და ენდოგენური კორტიზოლის პროდუქცია. მათი ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ატროფიის განვითარება. გლუკოკორტიკოსტეროიდები ასევე ამცირებენ კოლაგენისა და სხვა პროტეინების სინთეზს. მეთილპრედნიზოლონს გააჩნია უმნიშვნელო მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. კლინიკური ეფექტი ვლინდება 4-6 საათში.
ფარმაკოკინეტიკა. მეთილპრედნიზოლონის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მისი კუნთებში შეყვანის შემდეგ მიიღწევა 2 საათში. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. მეთილპრედნიზოლონი შრატში 77%-ით უკავშირდება პლაზმის ალბუმინებს. ტრანსკორტინთან კავშირი უმნიშვნელოა. მისი განაწილების მოცულობა შეადგენს 1-1,5 ლ/კგ. მეთილპრედნიზოლონი მეტაბოლიზირდება არააქტიურ კომპონენტებამდე. კლირენსი შეადგენს 6,5 მლ/კგ/წთ. ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ნახევარპერიოდი შეადგენს 18-36 საათს. დაახლოებით 5% შარდთან ერთად უცველი სახით გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენებები.
კოლაგენოზები, ალერგიული დაავადებები, სისხლის, თირკმელების, ღვიძლის ზოგიერთი დაავადება და დერმატოლოგიური დაავადებები. არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, შოკი, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის შემდეგომი უარყოფის რეაქციები, თავის ტვინის შეშუპება, სხვა მდგომარეობები, რომელთა დროს ნაჩვენებია გლუკოკორტიკოსტეროიდებით სისტემური ან ადგილობრივი მკურნალობა. ციტოსტატურ საშუალებებთან კომბინაციებში ლეიკოზის, ლიმფომის, მიელომისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ. აგრეთვე როგორც ციტოსტატური საშუალებების მიღებით გამოწვეული ღებინებისა და გულისრევის სამკურნალო საშუალება.

მიღების წესი და დოზები.
დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადებასა და მისი სიმძიმის ხარისხზე. მეთიპრედი გამოიყენება 250 მგ საინექციო ფხვნილი გამხსნელთან კომპლექტში. შეყვანის წესი: ნელი ინტრავენური ინფუზია ან კუნთებში ინექციები. ინექცია მზადდება თანმხლები გამხსნელის ფლაკონის მშრალ ფხვნილთან დამატების გზით. მომზადებული ხსნარი შეიცავს 62,5 მგ/მლ მეთილპრედნიზოლონს. საინექციო ფხვნილი მეთიპრედი უნდა გაიხსნას უშუალოდ გამოყენების წინ. მომზადებული ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (+15-20ºC) და გამოიყენება 12 საათის განმავლობაში. თუ მომზადებული ხსნარი მაცივარში ინახება (+2-8ºC), იგი გამოყენებულ უნდა იქნეს 24 საათის განმავლობაში. მომზადებული ხსნარი ზავდება იზოტონური მარილის ხსნარით ან საინექციო გლუკოზით მიღებული ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს 12 საათის განმავლობაში. მეთიპრედის 250 მგ გამოყენების დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ინდივიდუალურად შეირჩევა. მწვავე და გადაუდებელ შემთხვევებში, როგორიცაა ასთმური სტატუსი, ანაფილაქსია, მწერების ნაკბენები, მაღალი მგრძნობელობის რეაქციები სამკურნალო პრეპარატების მიმართ, ალერგიული დერმატიტები და ჭინჭრის ციება, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 125 მგ (10-500 მლ). საწყისი დოზა შეიძლება მეორდებოდეს გარკვეული ინტერვალებით, პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობაზე მისი რეაქციის მიხედვით. შოკის, მოზრდილებში რესპირატორული დისტრეს-სინდრომის დროს და ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ ინტრავენური დოზები აღწევს სხეულის წონის 30 მგ/კგ, თავის ტვინის შეშუპებისას რეკომენდებული გამოთვლილი დოზა კუნთებში შეყვანისას შეადგენს 40 მგ-მდე ყოველ 6 საათში. როგორც გულისრევის საწინააღმდეგო საშუალება, ციტოსტატური საშუალებების მიღების შედეგად ღებინებისა და გულისრევისას – 250 მგ დაახლოებით 20 წუთით ადრე ციტოსტატური საშუალებების მიღებამდე, შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ინტრავენურად, ნელა, 250 მგ ყოველ 6 საათში. უფრო მაღალი დოზები ინტრავენურად ნელა შეჰყავთ, სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში. მეთიპრედის გამოყენება ჰეპატიტის სხვადასხვა ფორმების საწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოვლენები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დისპეფსია, მადის მომატება, პეპტიკური წყლული პერფორაციითა და სისხლდენით, საყლაპავის წყლული, პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის პერფორაცია.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: პროქსიმალური მიოპათია, ოსტეოპოროზი, მყესების გაწყვეტა, კუნთების სისუსტე.
წყალ-ელექტროლიტური ბალანსი: ორგანიზმში წლისა და ნატრიუმის შეკავება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, ჰიპოკალიემია, გულის ქრონიკული უკმარისობა.
კანი: რეგენერაციის შენელება, კანის ატროფია, აკნეს განვითარება.
ენდოკრინული სისტემა და მეტაბოლიზმი: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა, ზრდის შენელება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა. კუშინგოიდური სახე, ჰირსუტიზმი, სხეულის წონის მატება, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის შემცირება, ინსულინისა და პერორალური შაქრის დამწევი პრეპარატების მიმართ მოთხოვნილების გაზრდა.
ნეიროფსიქიკური სფერო: ეუფობია, დეპრესია, უძილობა, შიზოფრენიის გამწვავების აგრავაცია.
მხედველობის ორგანოები: თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, კატარაქტა, რქოვანასა და სკლერას გათხელება, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გამწვავება, ეკზოფტალმი.
იმუნური სისტემა: იმუნოსუპრესია, ინფექციების შენიღბვა, კანის სინჯებზე რეაქციების დათრგუნვა, ჰიპერმგრძნობელობა.
ზოგადი: ოპორტუნისტული ინფექციები, ტუბერკულოზის რეციდივი, ლეიკოციტოზი, მიდრეკილება თრომბოემბოლიების მიმართ, შეუძლოდ ყოფნა.
პრეპარატის მოხსნის სინდრომი: ციებ-ცხელება, მიალგია, ართრალგია, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა.
ჭარბი დოზის მიღების სიმპტომები კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნული არ არის.

უკუჩვენებები.
ტუბერკულოზი, ასევე სხვა მწვავე/ქრონიკული ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები ანტიბიოტიკო- ქიმიოთერაპიით ორგანიზმის არასაკმარისი დაცვისას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. სალიცილატებთან, ინდომეტაცინთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს ულცერაციისა და სისხლდენის რისკის გაზრდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მეთილპრედნიზოლონმა შესაძლოა შეამციროს ორალური ანტიდიაბეტური საშუალებებისა და ინსულინის, ასევე სომატოტროპინის ეფექტი. ღვიძლის ფერმენტული სისტემების მაინდუცირებელ პრეპარატებს შეუძლიათ მეთილპრედნიზოლონის ეფექტის შემცირება. ესტროგენები ანელებენ მეთილპრედნიზოლონის მეტაბოლიზმს და ამგვარად შეუძლიათ მისი მოქმედების გახანგრძლივება. ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება კრუნჩხვები. დიურეზულებისა და ამფოტერიცინის გამოყენებამ გლუკოკორტიკოიდებით სისტემური თერაპიის ჩატარების დროს შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოკალიემიის განვითარება. ანტიქოლინერგული საშუალებებისა და კორტიკოსტეროიდების ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება. კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს ვაქცინებით იმუნიზაციის ეფექტი, გაზარდოს ნევროლოგიური და სხვა გართულებათა რისკი, გლუკოკორტიკოიდებისა და ცოცხალი ვირუსული ვაქცინების იმუნოსუპრესიული დოზების გამოყენებისას გამოიწვიოს ვირუსული ინფექცია.

ჭარბი დოზა.
მეთიპრედის ჭარბი დოზის კლინიკური სინდრომი არ არის ცნობილი. მეთილპრედნიზოლონი დიალიზირებადი პრეპარატია. მეთიპრედის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათან შემცირების გზით. მკურნალობა – სიმპტომატურია.

განსაკუთრებული მითითებები. გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩატარდეს ორსულობისა და ლაქტაციის დროს. თუ ქალი გლუკოკორტიკოსტეროიდებს დიდი დოზებით იღებდა ორსულობის დროს, ბავშვის დაბადების შემდეგ ის გამოკვლეული უნდა იყოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამორიცხვის მიზნით. გლუკოკორტიკოსტეროიდების მცირე დოზები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად ლაქტაციის პერიოდში. დიდი დოზების გამოყენებისას ძუძუთი კვების შეწყვეტა შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში. მეთიპრედის გამოყენება აქტიური ტუბერკულოზის დროს პაციენტებში, რომლებიც იღებენ საკმაოდ აქტიურ ანტიბიოტიკოთერაპიასა და ქიმიოთერაპიას, ასევე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში გამოხატული იმუნოსუპრესიული ეფექტით არ არის მიზანშეწონილი. კორტიკოსტეროიდები ფრთხილად უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, დიაბეტი, ოკულარული ჰერპესი, ოსტეოპოროზი, დივერტიკულიტი, „ახალი“ ნაწლავის ანასტომოზი, აქტიური ან ლატენტური პეპტიკური წყლული, მძიმე ფსევდოპარალიზური მიასთენია, ქრონიკული ფსიქოზური რეაქციები, გლაუკომა, რომელიც წინ უძღვოდა სტეროიდულ მიოპათიას, ეპილეფსია, მიდრეკილება თრომბოფლებიტის მიმართ, ჰიპერტონია, გულის უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა.
შენახვის პირობები და ვადა. შეინახეთ +15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატ მეთიპრედის ლიოფილიზირებული საინექციო ფხვნილის დამზადებული ხსნარი ინახება მაცივარში არა უმეტეს 24 საათისა.

შენახვის ვადა
5 წელი.

გაცემის პირობები.
რეცეპტით.

შეფუთვა
. მეთიპრედი ლიოფილიზირებული საინექციო ფხვნილი 250 მგ კომპლექტში 4 მლ გამხსნელთან.

მწარმოებელი
. ORION CORPORATION, ფინეთი.