სერპენს უნო 320მგ #30კაფს

სერპენს უნო 320მგ #30კაფს

სერპენს უნო
(SERPENS UNO)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Serenoa repens;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

შავი/წითელი ფერის ოვალური ფორმის გაუმჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულა, შევსებული მომწვანო-ყვითელიდან მომწვანო-ყავისფრამდე ზეთოვანი სითხით;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტს _ 320 მგ.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი წითელი (E 172), რკინის ოქსიდი შავი (E 172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), Ponceau 4R (E 124).  

გამოშვების ფორმა:
ჟელატინის კაფსულა, 320 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის სამკურნალო საშუალება.
ათქ-კოდი: G04CX02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტი ხასიათდება ანტიანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული  ეფექტით, რომელიც არჩევითად ვლინდება წინამდებარე ჯირკვლის დონეზე. პრეპარატი არ ცვლის სასქესო ჰორმონების  და პროსტატსპეციფიკური ანტიგენის შემცველობის დონეს სისხლის შრატში, არ მოქმედებს პოტენციაზე და ლიბიდოზე.
სერპენს უნოს ანტიანდროგენული ეფექტი განპირობებულია დიჰიდროტესტოსტერონის სინთეზის (ფერმენტ 5-α-რედუქტაზას I და II ტიპის დათრგუნვის ხარჯზე) და მისი ციტოზოლურ რეცეპტორებზე ფიქსაციის ინჰიბირებით, რაც ხელს უშლის ჰორმონის შეღწევას უჯრედის ბირთვში და  ცილის სინთეზის შემდგომ ინდუცირებას.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, რაც ამცირებს სისხლძარღვების კედლის გამტარობას და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებას.
პრეპარატის ანტიპროლიფერაციული მოქმედება განპირობებულია ზრდის ფაქტორების (განსაკუთრებით, ეპიდერმული და ფიბრობლასტური) აქტივობის დაქვეითებით და პროსტატის უჯრედების აპოპტოზის პროცესების დაჩქარებით, რაც აისახება წინამდებარე ჯირკვლის ზრდის შეჩერებასა და შემდგომ მოცულობის შემცირებაში.
ამგვარად, სერპენს უნო, ერთი მხრივ, ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის პათოლოგიური სიმპტომების (დიზურია, პოლაკიურია, ნიქტურია, ხშირი და მტკივნეული შარდვა, შარდის ბუშტის არასრული დაცლა და ა.შ.) გამოვლინებას და, მეორე მხრივ, რამდენადმე ანელებს წინამდებარე ჯირკვლის ზომების და მოცულობის შემდგომ ზრდას.

ფარმაკოკინეტიკა:
სერპენს უნოს ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ჩვენება:
- შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის დროს.
- დიზურიული სიმპტომების  მკურნალობა ქრონიკული პროსტატიტის დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:
თითო კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (არანაკლებ 1.5 თვე) დგინდება ექიმის მიერ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
შესაძლებელია სერპენს უნოს ხანგრძლივი გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად (პრეპარატის უზმოზე მიღების შემთხვევაში) აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.


ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
არ არის გამოვლენილი.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითებები:
კუჭის ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი მოქმედების გამო პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და  ყურადღების კონცენტრაციაზე.

შეფუთვა:
10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge