სულფადიმეტოქსინი
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: სულფადიმეტოქსინი; 4-(პარა-ამინობენზოლსულფამიდო)-2,6-დიმეტოქსიპირიმიდინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ტაბლეტები თეთრი ან მოთეთრო ფერის კრემისფერი ელფერით.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 0,5 გ სულფადიმეტოქსინს.
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, ჟელატინი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება, სულფანილამიდური პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სულფადიმეტოქსინი მიეკუთვნება ხანგრძლივი მოქმედების სულფანილამიდების ჯგუფს. ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. მოქმედებს პნევმოკოკებზე, სტრეპტოკოკებზე, სტაფილოკოკებზე, ნაწლავის და ფრიდლენდერის ჩხირზე, დიზენტერიის და ტრაქომის გამომწვევებზე, ნაკლებად აქტიურია პროტეუსის მიმართ. არ მოქმედებს ბაქტერიების იმ შტამებზე, რომლებიც მდგრადია სხვა სულფანილამიდების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
შიგნით მიღებისას შედარებით ნელა შეიწოვება. ერთჯერადად მიღებისას სისხლში აღინიშნება 30 წთ-ის შემდეგ, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 8-12 სთ-ის შემდეგ. უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს 90-98%-ით. პრეპარატი სხვა ხანგრძლივად მომქმედი სულფანილამიდებისაგან განსხვავებით ხელმეორე გამოყენებისას გროვდება სისხლში, კარგად აღწევს პლევრულ სითხეში (რის გამოც მისი გამოყენება ჩირქოვანი მენინგიტის სამკურნალოდ არ არის მიზანშეწონილი). მაღალი კონცენტრაციით აღინიშნება ნაღველში.
ორგანიზმში პრეპარატის მეტაბოლიზმის ძირითადი გზას წარმოადგენს აცეტილირება, რომელიც ღვიძლში ხორციელდება.
ორგანიზმიდან გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ძირითადად შარდით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 41 სთ-ს.
გამოყენების ჩვენება:
სულფადიმეტოქსინის მიმართ მგრძნობიარე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა: პნევმონია, ბრონქიტი, ანგინა, ოტიტი, ჰაიმორიტი, საშარდე და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები, დიზენტერია, პიოდერმია, გონორეა, წითელი ქარი, ტრაქომა, ჭრილობებით გამოწვეული ინფექციები და სხვა.
მალარიის მდგრადი ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიმალარიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება:
დღეღამური დოზა მიიღება ერთხელ ჭამის შემდეგ, მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს 24 სთ-ს. მსუბუქი ფორმის დაავადებისას მოზრდილებში მკურნალობის პირველ დღეს მიიღება 1 გ, მომდევნო დღეებში 0,5 გ, ხოლო საშუალო სიმძიმის დაავადების დროს შესაბამისად 2 გ და 1 გ.
საბავშვო დოზა მკურნალობის პირველ დღეს შეადგენს 25 მგ/კგ-ზე, მომდევნო დღეებში 12,5 მგ/კგ. 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა უტოლდება 1 გ და 0,5 გ-ის ტოლია.
სხეულის ნორმალური ტემპერატურის დროს შემანარჩუნებელ დოზას იყენებენ 2-3 დღის განმვალობაში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და შეადგენს 7-10 დღეს.
მძიმე ფორმის დაავადებების დროს პრეპარატი მიიღება ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში (პენიცილინის ჯგუფი, ერითრომიცინი და სხვა).
გვერდითი მოქმედება:
თავის ტკივილი, დისპეფსიური მოვლენები, კანზე გამონაყარი, ცხელება, იშვიათად ლეიკოპენია. პრეპარატის აცეტილირებული ფორმები მჟავე შარდში შესაძლებელია დაილექოს, რაც იწვევს თირკმელების გაღიზიანებას, შარდის შეკავებას და შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის ჭვალი. ამ დროს წარმოშობილმა კრისტალურიამ, ალბუმინურიამ და ჰემატურიამ შესაძლებელია გამოიწვიოს ოლიგურიის და ანურიის განვითარება. თირკმლისმიერი რეაქციები შესაძლებელია შევამციროთ საკმარისი რაოდენობის შარდის წარმოქმნით (1ლ და მეტი), მისი მჟავიანობის დაქვეითებულ ტუტე წყლების მიღებით. გვერდითი მოვლენების განვითარების დროს ამცირებენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში წყვეტენ პრეპარატის მიღებას.
წინააღმდეგჩვენება:
ანამნეზში გამოხატული ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის დარღვევის, გულის უკმარისობის, ღვიძლის დაავადებების და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
გამოიყენება პენიცილინის, ერითრომიცინის და სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები, მაგრამ სულფადიმეტოქსინის ნელი გამოყოფის და კუმულაციის გამო გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს მდგრადი.
გამოყენების თავისებურებები:
კრისტალურიის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დიდი რაოდენობით ტუტეს წყლების გამოყენება. სულფადიმეტოქსინის გამოყენებისას საჭიროა სისხლისა და შარდის ანალიზის რეგულარულად ჩატარება.
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის წესი-რეცეპტით.
შეფუთვა:
ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში.
მწარმოებელი:
“ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა” (უკრაინა)