ტალიზი
(TAMSULOSIN)
შემადგენლობა
ტალიზის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის 0.4 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომური სამკურნალო საშუალება.
ტამსულოზინი ამორჩევითად აბლოკირებს წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ყელის, ურეთრის პროსტატული ნაწილის გლუვი კუნთების პოსტსინაფსურ ალფა1A-ადრენორეცეპტორებს. შედეგად აღნიშნულ უბნებში მცირდება გლუვი კუნთების ტონუსი, იოლდება შარდის გამოყოფის პროცესი. ერთდროულად მცირდება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ობსტრუქციისა და გაღიზიანებადობის სიმპტომები. პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.
ტამსულოზინს მნიშვნელოვნად ნაკლებად აქვს გამოხატული სისხლძარღვების გლუვი კუნთების ალფა1B-ადრენორეცეპტორების ბლოკირების უნარი. პრეპარატი მაღალი სელექციურობის გამო არ იწვევს არტერიული წნევის კლინიკური მნიშვნელობის დაქვეითებას როგორც არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში, ასევე ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში.
მიღების შემდეგ ტამსულოზინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ტამსულოზინის 0.4 მგ-ის ერთჯერადად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 6 საათში. მკურნალობიდან მეხუთე დღეს, როცა პლაზმაში აქტიური ნივთიერების თანაბარი რაოდენობა მიიღწევა, Cmax 60-70%-ით მეტია ერთჯერადად მიღებულ დოზასთან შედარებით. პლაზმის ცილებს უკავშირდება 99%.
ტამსულოზინს არ ახასიათებს “პირველადი გავლის” ეფექტი. ღვიძლში განიცდის ბიოტრანსფორმაციას აქტიურ მეტაბოლიტებამდე, რომელთაც ალფა1A-ადრენორეცეპტორებისადმი შენარჩუნებული აქვთ მაღალი სელექციურობა. აქტიური ნივთიერების უმეტესი ნაწილი სისხლში შენარჩუნებულია შეუცვლელი სახით.
ტამსულოზინი გამოიდევნება თირკმლებით, დოზის 9% - შეუცვლელი სახით. 0.4 მგ ტამსულოზინის ერთჯერადი მიღების შემდეგ T1/2 შეადგენს 10 საათს.
ჩვენება
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ფუნქციური სიმპტომების მკურნალობა.
უკუჩვენება
- ანამნეზში ორთოსტატიური ჰიპოტენზია;
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
- პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ტალიზი სიფრთხილით ინიშნება ორთოსტატიური ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება – პაციენტის გამოკვლევა რათა გამოირიცხოს ისეთი დაავადებების არსებობა, რომელთაც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ.
ტამსულოზინის ატენოლოლთან, ენალაპრილთან და ნიფედიპინთან ერთად დანიშვნისას ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ციმეტიდინთან ერთად იწვევს სისხლის პლაზმაში ტამსულოზინის კონცენტრაციის მატებას, ხოლო ფუროსემიდთან – კონცენტრაციის შემცირებას, რაც ტამსულოზინის დოზის ცვლილებას არ მოითხოვს. სხვა ალფა1-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება მოხდეს. დიკლოფენაკი და ვარფარინი ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარის გაზრდას იწვევენ.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევები აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბებამ, თეორიულად, შესაძლებელია მწვავე ჰიპოტენზია გამოიწვიოს, რაც კარდიოტროპულ თერაპიას მოითხოვს. სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, საჭიროა სისხლის მოცულობის შემანარჩუნებელი სითხეებისა და სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების დანიშვნა. პრეპარატის შეწოვის შესაფერხებლად რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის ან ოსმოსური საფაღარათო საშუალებების მიღება.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება საუზმის შემდეგ 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. კაფსულის დაღეჭვა რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, ორთოსტატური ჰიპოტენზია, გულისცემის გაძლიერება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – თავის ტკივილი, ასთენია.
სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – რეტროგრადული ეაკულაცია.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 4 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა 0.4 მგ, შეფუთვაში 30 კაფსულა.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)