ვანსეარი დუო 5მგ/10მგ #30ტ

ვანსეარი დუო 5მგ/10მგ #30ტ
ვანსეარი დუო / Onceair Duo
  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): montelukast, levocetirizine
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია →ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტები
  • მწარმოებელი კომპანია: ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S.
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 30
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდსა და 10მგ მონტელუკასტს. 

დამხმარე ნივთიერება:  მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), პოლოქსამერი 188 (მიკრონიზებული), L- ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა LH 11, ლაქტოზას გრანულები, ნატრიუმის კროსკარმელოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, L- ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა   FP, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი (200) და ოპადრაი AMB ვარდისფერი 80W34464 (შედის პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ლეციტინი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ქსანტამის  გუმფისი)

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე  ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:

  • • შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვას. 
  • • თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს. 
  • • დაიცავით აღნიშნული ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა. 

1. რა არის ვანსეარი დუო და რისთვის გამოიყენება

ვანსეარი დუო წარმოდგენილია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტების სახით, რომელიც შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს  და 10 მგ მონტელუკასტს.

ვანსეარი დუო გამოიყენება ალერგიული რინიტის, ბრონქული ასთმის (ალერგიულ რინიტთან თანაარსებობის დროს), ქრონიკული ურტიკარიისა და ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ.

 2. რა უნდა იცოდეთ ვანსეარი დუოს გამოყენების დაწყებამდე

შეატყობინეთ თქვენს ექიმს თქვენი ჯანმრთელობის პრობლემებისა და ალერგიების შესახებ, რომელიც ამჟამად გაწუხებთ ან ადრეც აღგენიშნებოდათ.

არ გამოიყენოთ ვანსეარი დუო შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • • თუ თქვენ გაქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა ვანსეარი დუოს შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ან იმ ქიმიური სუბსტანციების მიმართ, რომლებსაც პიპერაზინის დერივატებს უწოდებენ
  • • თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, კრეატინინის კლირენსი < 10მლ/წთ
  • • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა
  • • თუ ხართ მეძუძური დედა
  • • თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა 

სიფრთხილით გამოიყენეთ ვანსეარი დუო შემდეგი მდგომარეობების დროს:

შედარებით კლინიკურ კვლევებში ვანსეარი დუოს რეკომენდებული დოზების შემადგენლობაში შემავალმა ლევოცეტირიზინმა  არ გამოავლინა ნეგატიური ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე, რეფლექსურ რეაქციებზე და ავტომობილის მართვის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობენ ლევოცეტირიზინს, შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც მართავენ სხვადასხვა მექანიზმებს ან პოტენციურად სახიფათო სხვა საქმიანობას ეწევიან, არ უნდა მიიღონ რეკომენდებულზე მაღალი დოზები და გაითვალისწინონ წამლის მიმართ მათი საკუთარი პასუხი.

ვანსეარი დუოს ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მომქმედ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიფხიზლისა და რეაქტიულობის დაქვეითება.

ვანსეარი დუო არ გამოიყენება ასთმის შეტევის კუპირებისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტები უნდა იქნეს გამოწერილი. თუმცა თუ პაციენტს ვანსეარი დუოს მიღების ფონზე მაინც განუვითარდა ასთმის გამწვავება, ვანსეარი დუოს მიღება არ უნდა შეწყდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვანსეარი დუოს მიღების ფონზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია თანმხლები საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზის თანდათანობითი შემცირება, არ შეიძლება ორალური ან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღების  უცაბედად შეწყვეტა და ვანსეარი დუოთი მკურნალობის დაწყება.

პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ასპირინზე, ვანსეარი დუოს გამოყენების პერიოდში უნდა მოერიდონ ასპირინისა თუ სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.

ეოზინოფილური მდგომარეობა:

იშვიათ შემთხვევებში, ვანსეარი დუოთი მკურნალობის ფონზე, მასში მონტელუკასტის შემცველობის გამო, პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია და ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს  ვასკულიტის კლინიკური სიმპტომები, რომლებიც სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე განვითარებული ჩჰურგ-შტრაუსს-ის სინდრომის მსგავსია. ზოგადად, ეს შემთხვევები დაკავშირებულია ორალური კორტიკოსტეროიდების დოზების შემცირებასთან. ექიმები ყურდღებით უნდა იყვნენ, რადგან დროულად შეამჩნიონ პაციენტებში  ეოზინოფილიის, ვასკულიტური გამონაყარის, პულმონური სიმპტომების გამწვავებების, კარდიული გართულებებისა და /ან ნეიროპათიის განვითარება.

მიზეზობრივი ურთიერთკავშირი მონტელუკასტსა და ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობებს შორის დადგენილი არ არის, თუმცა სისტემური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებისას რეკომენდებულია სიფრთხილე და შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.

პოსტ-მარკეტინგული მონაცამების მიხედვით ვანსეარი დუოს გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს  ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები: აჟიტაცია, შფოთვა, დეპრესია, უცნაური სიზმრები, ჰალუცინაციები, უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა და ტრემორი. 

მსგავსი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა ექიმს აუცილებლად უნდა აცნობონ, რადგან მკურნალმა ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს ვანსეარი დუოთი მკურნალობის გაგრძელების რისკი და სარგებელი.

ვანსეარი დუოს საკვებთან და სასმელთან ერთად გამოყენება

ვანსეარი დუოს გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშეც.

ორსულობა

მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომ ორსულად ხართ

ორსულობის რისკის კატეგორია B.

ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა პრეპარატის ნეგატიური ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე, ასევე მშობიარობასა და პოსტნატალურ პერიოდზე. პოტენციური რისკი ადამიანებში უცნობია, ამიტომ გადაწყვეტილება ორსულობის პერიოდში ვანსეარი დუოს გამოყენების შესახებ უნდა მიიღოს თქვენმა ექიმმა.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომ მეძუძური დედა ხართ.

ვანსეარი დუოს გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ვანსეარი დუოს რეკომენდებული დოზების შემადგენლობაში შემავალმა ლევოცეტირიზინმა  არ გამოავლინა ნეგატიური ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე, რეფლექსურ რეაქციებზე და ავტომობილის მართვის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობენ ლევოცეტირიზინს, შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, ამიტომ ისინი გაფრთხილებულები უნდა იყვნენ შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ მათი ექიმების მიერ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვანსეარი დუოს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ვანსეარი დუო შეიცავს ლეციტინს (სოიო) - თუ გაქვთ ალერგია სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ ეს წამალი.

ვანსეარი დუო შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ვიდრე ამ წამალს მიიღებდეთ.

ვანსეარი დუოს ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს, ანუ ვანსეარი დოუ თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლევოცეტირიზინის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული; თუმცა, იგივე ქიმიური სტრუქტურის მქონე ცეტირიზინი არ ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან არასასურველ ურთიერთქმედებას ფსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერიტრომიცინთან, აზიტრომიცინთან,  გლიპიზიდთან და დიაზეპამთან. ცეტირიზინის კლირენსის მცირე დაქვეითება (16%) აღინიშნა თეოფილინთან ერთად (400 მგ ერთხელ დღეში) მრავალჯერადი გამოყენების კვლევებში, მაშინ როდესაც თეოფილინის განაწილებაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია ცეტირიზინთან ერთად მის გამოყენებას. მრავალჯერადი გამოყენების კვლევებში რიტონავირის (600 მგ ორჯერ დღეში) და ცეტირიზინის (10 მგ ერთხელ დღეში) ერთდროული მიღებისას, ცეტირიზინის განაწილება გაიზარდა 40%-ით, მაშინ როდესაც რიტონავირის პარამეტრები უცვლელი დარჩა. საკვებთან ერთად მიღებისას ლევოცეტირიზინის აბსორბციის ხარისხი (მოცულობა) არ კლებულობს, თუმცა კლებულობს აბსორბციის სიჩქარე. 

მონტელუკასტის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მონტელუკასტთან ერთად შესაძლებელია სხვა მედიკამენტების გამოყენება. ამ დროს არ მატულობს არასასურველი გვერდითი ეფექტები. მიუხედავათ ამისა, სხვა მედიკამენტებისა და ვანსეარი დუოს კომბინაციაში გამოყენებისას შესაძლებელია შეიცვალოს ამ მედიკამენტების ეფექტები და/ან გვერდითი ეფექტები. ვანსეარი დუოს მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ:

  • • ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებმა, როგორებიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, შესაძლოა შეამცირონ ვანსეარი დუოს ეფექტი
  • • რიმფამპიცინმა (გამოიყენება ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ) შესაძლოა შეამციროს ვანსეარი დუოს ეფექტი
  • • მცენარე კრაზანას ნაყენმა  (hypericum perforatum) ან მისი ექსტრაქტის შემცველმა მედიკამენტებმა შესაძლოა შეამცირონ ვანსეარი დუოს ეფექტი

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რეცეპტით და/ან ურეცეპტოდ გაცემული ნებისმიერი მედიკამენტი, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ვანსეარი დუო

რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ

დღიური დოზა 15 წლის ზევით პაციენტებისთვის არის ერთი ტაბლეტი დღეში (5 მგ ლევოცეტირიზინი და 10 მგ მონტელუკასტი).

დღიური დოზა 6-14 წლის პაციენტებისათვის არის ნახევარი ტაბლეტი დღეში (2.5 მგ ლევოცეტირიზინი და 5 მგ მონტელუკასტი).

ვანსეარი დუოს თერაპიული ეფექტი ვლინდება პირველივე დღეს. 

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი ალერგიული დაავადების ტიპს და გადაწყვეტს  ვანსეარი დუოს მიღების ხანგრძლივობას.

ზოგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების ხანგრძლივობასა და პროგრესირებაზე; მაგალითად, თივის ცხელების (პოლინოზი) დროს, როგორც წესი, 3-6 კვირიანი მკურნალობა ინიშნება, ხოლო ალერგენთან ხანმოკლე ექსპოზიციის დროს ერთკვირიანი მკურნალობა საკმარისია. პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ გააგრძელოს ვანსეარი დუოს მიღება ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

თუ თქვენ გაქვთ გახანგრძლივებული (პერსისტიული)  ალერგიული რინიტი (სიმპტომები >4 დღე/კვირაში და ხანგრძლივობა 4 კვირაზე მეტი) და  გამომწვევი ოთახის მტვრის ტკიპია, შესაძლოა თქვენმა ექიმმა მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსი გირჩიოთ. 

თუ პაციენტი ღებულობს ვანსეარი დუოს, მან არ უნდა მიიღოს სხვა, მონტელუკასტის შემცველი, მედიკამენტი.

მიღების გზა და მეთოდი:

ვანსეარი დუოს ტაბლეტები გამოიყენება ორალურად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

მონტელუკასტი და ლევოცეტრიზინი ეფექტურია და  უსაფრთხოდ გამოიყენება ბავშვებში 6 თვის ასაკიდან,  თუმცა ვანსეარი დუოს გამოშვების ეს ფორმა არ გამოიყენება 6 წელზე პატარა ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

ხანდაზმულ პაციენტებში ვანსეარი დუოს დოზის კორექცია არ არის საჭირო. ექიმის რეკომენდაციით, დოზის კორექცია საჭიროა თირკმლის საშუალო/მძიმე უკმარისობის დროს.

სპეციალური მდგომარეობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია არ არის საჭირო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის დროს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ასევე  საჭიროა დოზის კორექცია.

თუ გრძნობთ, რომ ვანსეარი დუოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. 

ვანსეარი დუო ბრონქული ასთმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან  კომბინაციაში:

ვანსეარი დუო შეიძლება დაემატოს პაციენტის არსებულ მკურნალობის რეჟიმს.

დოზის შემცირება კომბინირებული თერაპიის დრო

თერაპია ბრონქოდილატატორებით:

ვანსეარი დუო შეიძლება დაემატოს იმ პაციენტების მკურნალობის სქემას, რომელთა მდგომარეობა ვერ კონტროლდება  მხოლოდ ბრონქოდილატატორებით.  როდესაც ვანსეარი დუოს კლინიკურად ეფექტი გამოვლინდება (როგორც წესი, პირველი დოზის შემდეგ), ბრონქოდილატატორის დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ აუცილებელ დოზამდე.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები:

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე ვანსეარი დუოს დანიშვნა  უზრუნველყოფს დამატებით კლინიკურ ეფექტს, ამიტომ კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

სტეროიდების დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით, სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ზოგიერთ  პაციენტში კორტიკოსტეროიდის დოზა შეიძლება სრულად მოიხსნას. 

თუ გამოიყენეთ ვანსეარი დუოს თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი

ლევოცეტირიზინის, ვანსეარი დუოს ერთერთი აქტიური სუბსტანციის, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოზრდილ პაციენტებში მოსალოდნელია ძილიანობა, ხოლო ბავშვებში მოსალოდნელია დასაწყისში აჟიტაცია და მოუსვენრობა, რომელსაც მოჰყვება ძილიანობა. რაიმე სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა – წამლის მიღებიდან ხანმოკლე დროში კუჭის ამორეცხვა.

მონტელუკასტის, ვანსეარი დუოს მეორე აქტიური სუბსტანციის, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სერიოზული  გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები მოზრდილებსა და ბავშვებში არის მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილის გრძნობა, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტივობა.

თუ მიიღეთ ვანსეარი დუოს თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ დაგავიწყდათ ვანსეარი დუოს გამოყენება:

არ გააორმაგოთ წამლის დოზა  გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით

ვანსეარი დუოთი თერაპიის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები

ვანსეარი დუოს მხოლოდ რეგულარული გამოყენების უზრუნველყოფს ბრონქული ასთმის ადეკვატურ მკურნალობას.

ვანსეარი დუო უნდა გამოვიყენოთ ხანგრძლივად, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეხმარება ასთმის კონტროლში. 

თქვენ შეგიძლიათ ვანსეარი დუოს მიღების შეწყვეტა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ვანსეარი დუოს მიღების შეწყვეტა არ იწვევს დაავადების სიმპტომების უფრო მძიმე ფორმებით გამეორებას, ვიდრე ისინი გქონდათ მკურნალობის დაწყებამდე.  

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა სხვა მედიკამენტის მიღებისას, ვანსეარი დუოს შემთხვევაშიც, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება, თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მონაცემები ლევოცეტირიზინის, ვანსეარი დუოს ერთ-ერთი აქტიური ნივთიერების, შესახებ.

თუ რომელიმე შემდეგი ეფექტი გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ ვანსეარი დუოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს: 

  • • პირის ღრუს, სახის და/ან ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული ედემა 
  • • სუნთქვის გაძნელება (გულმკერდის შებოჭილობა ან ხიხინი)
  • • არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს სერიოზულ  გვერდით მოვლენებს. 

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • • თავის ტკივილი
  • • ძილიანობა
  • • პირის სიმშრალე
  • • დაღლილობა
  • • ასთენია (ენერგიის დაკარგვა, სისუსტე)
  • • მუცლის ტკივილი
  • • გულისრევა
  • • ქავილი
  • • გამონაყარი
  • • ურტიკარია
  • • წონაში მატება

ესენი წარმოადგენენ მსუბუქ გვერდითი მოვლენებს.

მონაცემები მონტელუკასტის, ვანსეარი დუოს ერთ-ერთი აქტიური ნივთიერების, შესახებ.

თუ რომელიმე შემდეგი ეფექტი გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ ვანსეარი დუოს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს: 

  • • ანაფილაქსია (სერიოზული ალერგიული რეაქცია)
  • • ტუჩების, ენისა და ქუთუთოების შეშუპება
  • • გამონაყარი კანზე
  • • ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ქავილის სახით

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს სერიოზულ  გვერდით მოვლენებს. 

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, აცნობეთ თქვენს ექიმს:

  • • თავის ტკივილი და ძილიანობა
  • • დაღლილობა
  • • ცხელება
  • • გამონაყარი
  • • მუცლის ტკივილი
  • • ცხვირის გაჭედვა
  • • გამონადენი ცხვირიდან
  • • ყურის ტკივილი
  • • ხველა
  • • გაციების მსგავსი სიმპტომები
  • • გულისრევა
  • • დიარეა
  • • დისპეპსია
  • • პირის სიმშრალე

ესენი წარმოადგენენ მსუბუქ გვერდითი მოვლენებს.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ანოტაციაში არ არის მოყვანილი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ვანსეარი დუო

ვანსეარი დუო შეინახეთ ოთახის, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილზე.

შეინახეთ ვანსეარი დუო თავის ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

პრეპარატი გამოიყენეთ მითითებული გამოყენების ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. 

გამოშვების ფორმა: 30, 60 ან 90 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით