ვიტამინი С - 500
Vitaminum C- 500mg
Vitaminum C- 500mg
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინური საშუალება.
შემადგენლობა:
ასკორბინის მჟავა - 500 მგ ან 1000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ფორთოხლის არომატიზატორი; უწყლო ლიმონმჟავა; ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი; ლაქტოზას ანჰიდრიდი; სახარინი; პოლივინილპიროლიდონი და პოლიეთილენგლიკოლი;
აღწერა:
თეთრი ან კრემისფერი შეფერილობის მქონე ტაბლეტები ოდნავ ხაოიანი ზედაპირით, დასაშვებია მოყვითალო შეფერილობის ჩანართების არსებობა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტამინი C მრავალმხრივი მოქმედებით ხასიათდება:
* წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმის ქსოვილებზე;
* ძირითად როლს ასრულებს ცილა - კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და შემაერთებელი ქსოვილების, კბილების, ძვლების აღდგენის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს; აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას.
* არეგულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას;
* ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას;
* აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას;
* უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში;
*ვიტამინი С-ს რეგულარული გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებში;
* ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას;
* ვიტამინების მეგადოზები იცავს უჯრედებს რღვევისაგან სტრესის დროს, აღადგენს ორგანიზმის ძალებს, იმუნიტეტს.
ჩვენება:
ვიტამინი С-ს მიღება რეკომენდებულია:
გაციების, მწვავე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციების; დასუსტებული იმუნიტეტის, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის; გადაღლილობის, ასთენიური მდგომარეობის; ეკზემის, ასთმის, ათეროსკლეროზის, სოკოვანი დაავადებების, თვალის დაავადებების, ღრძილების ანთების, კანის დაავადებების, ჭრილობების, დაავადებების გადატანის შემდგომ რეკონვალესცენციის პერიოდში;
უკუჩვენება:
ზემგრძნობელობა; დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში - ჰიპერკოაგულაცია; თრომბოფლებიტი; მიდრეკილება თრომბოზებისკენ; თირკმელ-კენჭოვანი დაავადება;
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს - ჰიპეროქსალატურიის, თირკმელების უკმარისობის, ჰემოქრომატოზის, თალასემიის, პოლიციტემიის, ლეიკემიის, სიდერობლასტური ანემიის, გლუკო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის, პროგრესირებადი ავთვისებიანი დაავადებების, ფეხმძიმობის დროს;
გვერდითი მოვლენები:
ვიტამინი С ძალიან კარგად გადაიტანება მაღალ დოზებში მიღების დროსაც კი, რადგან ორგანიზმს აქვს უნარი გამოყოს ვიტამინის აუთვისებელი ნაწილი. ერთადერთი მუდმივად ფიქსირებადი სიმპტომი ვიტამინი С-ს ძალიან მაღალ დოზებში მიღებისას - არის დიარეა. ხოლო დოზა, მიღებების რიცხვი, რომელიც იწვევს ფაღარათს, ინდივიდუალურია. ერთიდაიმავე ადამიანის შემთხვევაშიც კი გარემოებების შესაბამისად იცვლება ვიტამინის რაოდენობის მიმართ დამოკიდებულება; სტრესული მდგომარეობის ან ავადმყოფობის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ასკორბინის მჟავას დიდი რაოდენობის მიმართ კარგი ამტანობით ხასიათდება, რადგან ორგანიზმის ვიტამინისადმი მოთხოვნილება იზრდება.
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებისას - ცნს-ის აგზნებადობის მომატება, ძილის დარღვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის სპაზმი;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: მაღალ დოზებში გამოყენებისას - ჰიპეროქსალურია და კალციუმის ოქსალატისგან კენჭების წარმოქმნა, რომლებიც აზიანებს თირკმელების გლომერულარულ აპარატს;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ - კაპილარების განვლადობის შემცირება და ქსოვილების კვების გაუარესება, თრომბოზი;
მაღალ დოზებში - არტერიული წნევის მომატება, მიკროანგიოპათიის განვითარება, მიკროკარდიოდისტროფია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჰიპერემია, იშვიათად - ანაფილაქსური შოკი;
გამოყენების უსაფრთხოება:
რამდენიმე წლის წინ გაჩნდა მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ ვიტამინ С -ს ჭარბი რაოდენობით მიღებას შეუძლია გამოიწვიოს თირკმელებში ქვების წარმოქმნა, რადგან ასკორბინის მჟავა იშლება მჟაუნმჟავას წარმოქმნით - რომელიც წარმოადგენს თირკმლის კენჭების ერთ-ერთი სახეობის წარმოქმნაში მონაწილე ძირითად კომპონენტს (მჟაუნმჟავა კალციუმის მარილები). მაგრამ პრაქტიკაში, იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც ასკორბინის მჟავას იღებდნენ განსაკუთრებით მაღალი დოზებით - 15-დან 30 გ-მდე დღეში ან მეტს - ხანგრძლივი დროის მანძილზე, კენჭების ფორმირების არანაირი მნიშვნელოვანი ინტენსიფიკაცია არ მომხდარა.
დიდმა დოზებმა (ზემოთ მითითებული რაოდენობები) შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა) იმ ადამიანებში, რომლებიც ვერ გამოიმუშავებენ სპეციფიკურ ფერმენტს - გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას. ამიტომ ასეთი მემკვიდრეობითი დარღვევის მქონე პირებმა ვიტამინ С-ს დიდი დოზები უნდა მიიღონ ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. თუ თქვენ ღებულობთ ასკორბინის მჟავას 1გ ან მეტ რაოდენობას დღეში 3-ჯერ, საჭიროა გააკონტროლოთ ვიტამინ В12-ის შემცველობა სისხლში ყოველ 6 თვეში ერთხელ.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორულად ჭამის შემდეგ. 1 ტაბლეტი იხსნება 1 ჭიქა წყალში (100 მლ). ტაბლეტის გადაყლაპვა, დაღეჭვა და წუწვნა დაუშვებელია;
მოზრდილებში: 500 მგ 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით);
პროფილაქტიკისთვის - 250 მგ 1-2-ჯერ დღეში;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 3-4 კვირა;
შეფუთვა:
10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალისგან დამზადებულ ტუბში მჭიდროდ მორგებული სახურავით, ტუბს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვა: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.