ბუნებრივი გაზი უნდა იწვოდეს ცისფერი ალით, ხოლო წითელი ალი ჟანგბადის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ნახშირჟანგი (ნახშირბადის მონოქსიდი, მხუთავი აირი) ნახშირბადის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება.

გროვდება ცუდად ვენტილირებულ და უვენტილაციო შენობებში არაელექტრული გამათბობელი ხელსაწყოების (ღუმელის, ნავთქურის) ხანგრძლივი გამოყენების, დახურულ ავტოფარეხში ან ავტომანქანაში შიდაწვის ძრავის გამონაბოლქვის დაგროვების შედეგად, ხანძრის დროს და სხვა.

ბავშვები და მოხუცები მის მიმართ გაცილებით მგრძნობიარენი არიან, უფრო მალე იწამლებიან და მოწამვლაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ორსულთათვის CO ტერატოგენურია, მნიშვნელობა აქვს ორსულობის ვადას (I ტრიმესტრი). ნახშირჟანგი ორსულობის ბოლო თვეებში ნაყოფის სიკვდილს იწვევს.
მხუთავი აირის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–ტოქსიკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკა ქურდაძე.

– ქალბატონო ეკა, ნახშირჟანგი უსუნო, უფერო აირია. რა სიმპტომები ვლინდება ადამიანში ამ აირით ინტოქსიკაციის დროს?
– პაციენტს მოწამვლის დროს არ აქვს უსიამოვნო შეგრძნება, საკმაოდ ხშირია ეიფორიის მდგომარეობა. საშიშროების სიგნალის (ჩივილის) არარსებობა, ხშირად ხდება ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის მსხვერპლთა დაღუპვის მიზეზი. სწორედ ამიტომ ამ მომწამვლავ ნივთიერებას ხატოვნად უწოდებენ უხილავ მკვლელს. ინტოქსიკაციის სიმძიმიდან გამომდინარე პაციენტი შეიძლება უჩიოდეს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევას, ღებინებას, გულის ფრიალის შეგრძნებას, ტკივილს გულმკერდის არეში, ყურებში შუილის შეგრძნებას. მოსალოდნელია ცნობიერების დათრგუნვა, კრუნჩხვა, ჰალუცინაციები, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დროს პაციენტისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ვარდისფერი ლოყები. თუმცა ხშირად პაციენტი ამ ჩივილებს არ უკავშირებს CO–თი მოწამვლას.

– პირველი დახმარება ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის დროს.
– ყველაზე მნიშვნელოვანი მოწამვლის პირველივე ნიშნების დროული ამოცნობაა. როგორც ყველა ინჰალაციური მოწამვლის შემთხვევაში, ამ დროსაც აუცილებელია პაციენტის გამოყვანა მოწამლული ზონიდან, დახურული სივრცის განიავება, ბუნებრივი აირის კვების წყაროს გათიშვა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ საჭიროა პაციენტის გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში. თუ ბოლოდროინდელ სტატისტიკას გადავხედავთ, შედარებით იკლო შემთხვევით მოწამვლათა სიხშირემ ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გამო. დღეს, ბევრი ოჯახი ბინისა და წყლის გასათბობად ცენტრალურ სისტემას იყენებს. თუმცა, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც მაღალია და მისი რიცხვი ცივ პერიოდსა და ქარიან ამინდში საგრძნობლად იზრდება. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების რიგი წესების დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი საშიში გართულებები, როგორიცაა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ენცეფალოპათია, გულყრა, კომა.

მინდა მკითხველს განვუმარტო, რომ ბუნებრივი გაზი უნდა იწვოდეს ცისფერი ალით. ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში ალი წითელია, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარეობს არასრული წვა, რის შედეგადაც გამოიყოფა მომწამვლელი აირი ანუ ნახშირბადის მონოქსიდი.

– რა განსხვავებაა მხუთავი აირით მოწამვლასა და ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ პრობლემებს შორის?
– აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული საფრთხე ორი ტიპისაა, შესაძლოა ადამიანი მოიწამლოს და გაიგუდოს, ასევე შეიძლება დახურულ სივრცეში დაგროვილმა აირმა აფეთქება გამოიწვიოს.

– როგორ მკურნალობთ ნახშირჟანგით მოწამვლას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– მოგეხსენებათ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი მრავალპროფილური კლინიკაა, შესაბამისად, ყველა სერვისი ერთ სივრცეშია გათავსებული. გვყავს სპეციალისტთა გუნდი, რომელსაც დროულად შეუძლია დიაგნოსტირება და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა, რომლის წყალობითაც მინიმუმამდე მცირდება გართულების რისკი. გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა (მაღალტექნოლოგიური კვლევები), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსალოდნელ გართულებათა პრევენცია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ–ტოქსიკოლოგს ეკა ქურდაძეს ნომერზე: 577 11 86 91;

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.