ძუძუს კიბოს სიმსივნურ პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია, კერძოდ, ონკოლოგიურ დაავადებათა 23% სწორედ ძუძუს ავთვისებიან სიმსივნეზე მოდის და ქალებში გამოვლენილ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია.
სარძევე ჯირკვლის კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა.
ეს არის დისჰორმონული და სხვა რისკ-ფაქტორების ჯგუფის შედეგად წარმოქმნილი პათოლოგია, რომელსაც რომელიმე კონკრეტული რისკი არ იწვევს. სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოწვევი ბევრი რისკ-ფაქტორი არსებობს, მაგალითად, ადრეული მშობიარობა, გვიანი მენარხე, არასრულფასოვანი ლაქტაციის პერიოდი, გენეტიკური ფაქტორი, ხშირი აბორტი, გვიანი მენოპაუზა, ენდოკრინული პათოლოგიები, ტრავმა ასაკში.
ძალიან ბევრი რისკ–ფაქტორია, მაგრამ კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ყველა კვანძი კიბო არ არის. ძუძუში გარდა ონკოლოგიური პათოლოგიებისა გვხვდება კეთილთვისებიანი წარმონაქმნებიც, ესენია კისტები, ფიბროადენომები, რომელიც ძირითადად, ახალგაზრდა ასაკის ქალებში შეინიშნება.
გამოკვლევების პირველი ეტაპია მამოგრაფია.
ამერიკის კიბოს საზოგადოების რეკომენდაციით, პროფილაქტიკის მიზნით, მამოგრაფია მიზანშეწონილია ჩატარდეს 40 წლის ასაკიდან ქალებში ჩივილების გარეშე. მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქმნის აღმოჩენა, ანუ სიმსივნური დაავადების გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია.
სკრინინგის საშუალებით ძუძუს კიბოს აღმოჩენა შესაძლებელია ნულოვან სტადიაზე (Carcinoma in situ ) ანუ როცა არსებობს არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი, არამედ განკურნების შესაძლებლობა!
Carcinoma in situ-ს გამოვლენა არის სწორედ სკრინინგის ხარისხიანად მიმდინარეობის შემფასებელი. მამოგრაფია გახლავთ ერთგვარი კომპასი, რომელიც მიგვანიშნებს თუ შემდგომ როგორ ვიმოქმედოთ, ანუ რა კვლევები უნდა ჩატარდეს.
რასაკვირველია, სწორი დიაგნოსტირებისათვის მნიშვნელოვანია ექოსკოპიური კვლევაც, თუმცა უპირველესია მამოგრაფია!
რატომ მამოგრაფია და არა ულტრაბგერითი კვლევა?
არსებობს ავთვისებიანი დაზიანების რიგი ნიშნები, რომელიც მხოლოდ მამოგრაფზე ჩანს და არ არის კლინიკურად ხილული ექოსკოპიაზე. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ის ჯერ არ არის ქსოვილი და წარმოადგენს უჯრედების წყებას, შეუძლებელია გამოჩნდეს ექოსკოპიაზე.
დღეს, მსოფლიოში, 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ვინც უკვე დაამარცხა ძუძუს კიბო.
სარძევე ჯირკვლის გავრცელების თავისებურებები საქართველოში 2009-2013 წლებში
2013 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 972 ახალი შემთხვევა, მათ შორის 12 - მამაკაცებში. წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 6123 პაციენტი.
ქალებში ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევების სტრუქტურის 34.9% სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეებზე მოდიოდა. ინციდენტობის მაჩვენებელმა წინა წელთან შედარებით 18.6%-ით მოიმატა.
კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) მონაცემებით, ყოველწლიურად კიბოს დიაგნოზს უსვამენ 12,7 მილიონ ადამიანს, რომელთაგან 7,6 მილიონი იღუპება.
უმოქმედობით კი ეს რიცხვი 2030 წლისათვის 26 მილიონ დიაგნოზს და გარდაცვალების 17 მილიონ შემთხვევას მიაღწევს. თუმცა, ამავე ორგანიზაციის (UICC) მონაცემებით, კიბოს შემთხვევათა 30-40%–ის თავიდან აცილება შესაძლებელია, ხოლო კიბოს შემთხვევათა ერთი მესამედი განკურნებადია ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში.
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი ინფორმირებული იყოს ქვეყანაში არსებული სკრინინგ–პროგრამების შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების ან უძლურობის არარსებობა. ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერს ეკარგება თავისი ხიბლი!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ