როგორი კვების რაციონმა შეიძლება შეუწყოს ხელი კუჭის კიბოს განვითარებას?

როგორი კვების რაციონმა შეიძლება შეუწყოს ხელი კუჭის კიბოს განვითარებას?

კუჭის კიბო მისი ლორწოვანი გარსიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა.

კუჭის კიბო სიხშირის მიხედვით, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მეხუთე ადგილზეა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში, ხოლო მესამეზე ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის.

საქართველოში კუჭის კიბოს ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში მეოთხე ადგილი უკავია.

კუჭის კიბოს შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქიმიოთერაპევტი ნატა მურუსიძე. 

–   ქალბატონო ნატა, რა იწვევს კუჭის კიბოს?

კუჭის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ჩამოგითვლით ფაქტორებს, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ დაავადების განვითარებას:

  • მამრობითი სქესი. მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები (უპირატესად 50-70 წლის ასაკში);
  • ჰელიკობაქტერიის არსებობა, რომელიც იწვევს გასტრიტს. კუჭის წყლულის შედეგად შეიძლება განვითარდეს ატროფია, დისპლაზია, რაც კიბოს წინარე მდგომარეობაა;
  • ატროფიული გასტრიტი, მენეტრიეს დაავადება, პარციალური გასტრექტომიები;
  • ალიმენტური ფაქტორი: მარილიანი, შებოლილი, დაკონსერვებული  ან დამჟავებული საკვები, დიდი რაოდენობით ხორცი მკვეთრად ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკს;
  • ალკოჰოლი და სიგარეტი.

–  კუჭის კიბო და გენეტიკა განმსაზღვრელია თუ არა გენეტიკური ფაქტორი?

  დიახ, გენეტიკურ ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა.  შემთხვევათა 10%–ში გვხვდება ოჯახური შემთხვევები, 1-3% ასოცირებულია მემკვიდრეობით ფაქტორებთან. მემკვიდრეობით სიმსივნესთან ასოცირებული სინდრომებია: დიფუზური მემკვიდრეობითი კუჭის კიბოს სინდრომი, ლინჩის სინდრომი, ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი. ამ დროს გვხვდება მუტაციები p53, STK1,APC,CDH1 გენებში.

–  რა სიმპტომები ახასიათებს კუჭის კიბოს?

სამწუხაროდ, ძნელია კუჭის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რადგან ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი  სიმპტომები დასაწყისში ბუნდოვანი და არასპეციფიურია. უფრო გვიან სტადიაზე გამოვლინდება: უმადობა, საკვებისადმი ზიზღი, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, ანემია, უმიზეზო პროგრესირებადი გახდომა, ცხოვრების ხალისის, ახლობლებისადმი და სამსახურისადმი ინტერესის დაკარგვა, აპათია.

–   როგორ  ხდება  დაავადების   დიაგნოსტირება,  ქირურგიის  ეროვნულ  ცენტრში  რომელ  თანამედროვე  მეთოდებს  იყენებთ?

  მიუხედავად ძალზე დახვეწილი აპარატების არსებობისა, კუჭის კიბოზე ეჭვის დროს, დიაგნოზის დადგენის შეუცვლელ მეთოდს წარმოადგენს  გასტროსკოპია. ამ დროს ექიმი–ენდოსკოპისტი აფასებს ლორწოვანის ზოგად მდგომარეობას, ახდენს საეჭვო ტერიტორიების ბიოფსიას. მიღებული მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ნეოპლაზმის ბუნება.  კლასიფიცირება ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმებით და ლაურენის კლასიფიკაციით.  ლაურენის კლასიფიკაციით, გამოყოფენ დიფუზურ და ნაწლავურ ტიპს, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ყველაზე გავრცელებული ფორმაა ადენოკარცინომა, რომელიც არის პაპილური, ტუბულური, მუცინოზური. ასევე გვხვდება სხვა იშვიათი ფორმები, როგორებიცაა გისტი, ლიმფომა, ნეიროენდოკრინული სიმსივნეები.

დიაგნოსტირების შემადგენელი ეტაპია სტადირება  და გავრცელების დადგენა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევაში.  კლინიკური სტადირება ბევრად გამარტივდა მას შემდეგ რაც მომრავლდა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კვლევის აპარატები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ყველა იმ უახლესი ტექნოლოგიით, რაც მსოფლიოშია მოწოდებული და დანერგილი – კომპიუტერული ტომოგრაფია(CT), მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია(MRI). ძალიან მალე ამუშავდება და დაინერგება პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია(PET).

–  რა მეთოდებით მკურნალობთ კუჭის კიბოს ქირურგიის ეროვნულც ენტრში?

კუჭის კიბოს მკურნალობა ხდება თანამედროვე გაიდლაინებზე დაყრდნობით. ხდება თითოეული შემთხვევის გარჩევა მულტიდისციპლინური გუნდის წევრების  მიერ, რომელშიც შედის კლინიკური ონკოლოგი, რადიოლოგი, ქირურგი და სხვა დარგის სპეციალისტები. განვიხილავთ თითოეულ დეტალს, საბოლოოდ ვაჯამებთ იმას თუ მკურნალობის რა ტაქტიკა და ეტაპები უნდა შევთავაზოთ პაციენტს, მაქსიმალური ეფექტის მიღების მიზნით.

კუჭის კიბოს მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს რამდენიმე მეთოდს.

ქირურგიული მკურნალობა

კიბოს მკურნალობის რადიკალური მეთოდია და ტარდება მხოლოდ ლოკალიზებული კუჭის კიბოს დროს. ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია სიმსივნური წარმონაქმნის ლოკალიზებასა და ზომაზე. შესაძლოა ჩატარდეს სრული ან ნაწოლობრივი გასტრექტომია   D2 ლიმფოდისექციით, რაც წარმოადგენს სტანდარტს კუჭის კიბოს ქირურგიულ მკურნალობაში.  

მედიკამენტური მკურნალობა (ქიმიოთერაპია)

თანამედროვე სტანდარტებით,  კიბოს მკურნალობის მნიშვნელოვან რგოლს შეადგენს მედიკამენტური მკურნალობა.

საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, IB-III სტადიის კუჭის კიბოს მკურნალობა იწყება ნეოადიუვანტური, ანუ ოპერაციის წინა ქიმიოთერაპიით. ამ დროს მედიკამენტური მკურნალობის მიზანია Down staging (სტადიის დაქვეითება, უკუსვლა), ანუ, თუ ქიმიოთერაპიამდე ჩატარებული გამოკვლევებით ლიმფურ კვანძში ვლინდება მეტასტაზური დაზიანება ( cN+) ,მკურნალობის შემდეგ ეს სურათი შეიძლება შეიცვლოს და ამ კვანძში მიმდინარე სიმსივნურმა პროცესებმა განიცადოს რეგრესი. შედეგად ლიმფური კვანძის შემდგომი კვლევით მასში მეტასტაზური დაზიანება არ გამოვლინდება (ypN0)  ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა  უკეთესი პროგნოზული მაჩვენებელია.  ამ დროს მეტია  საერთო გადარჩენადობა და დაავადებისაგან თავისუფალი პერიოდი.

ადიუვანტურ რეჟიმში,  ანუ ოპერაციის შემდეგ  ქიმიოთერაპია ინიშნება, როდესაც პაციენტს ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია არ ჩასტარებია. ადიუვანტური ქიმიოთერაპიის მიზანიც არის გავზარდოთ საერთო გადარჩენადობა და დაავადებისაგან თავისუფალი პერიოდი.

IV სტადიის კუჭის კიბოს დროს ინიშნება პალიატიური  ქიმიოთერაპია ანუ მკურნალობა–სიმსივნით გამოწვეული სიმპტომების შესამცირებლად, გადარჩენადობის და პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად .

ტარგეტული, ანუ სამიზნე თერაპია გამოიყენება ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში კუჭის გავრცელებული კიბოს იმ ფორმებში, სადაც FISH მეთოდით–(ფულორესცენტული In situ ჰიბრიდიზაცია, რა დროსაც ხდება დნმ–ის ფრაგმენტების იდენტიფიცირების მიზნით ფულორესცენტული საღებავებით ქრომოსომების მონიშვნა) ან  იმუნოჰისტოქიმიურად გამოვლინდება  HER2 გენის ჰიპერექსპრესია.

 –  შესაძლებელია თუ არა კუჭის კიბოს პრევენცია და  რას  ურჩევთ მკითხველს?

პრევენციის სახით მნიშვნელოვანია  ცხოვრების ჯანსაღი წესი, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა,  კვების რაციონის შეცვლა, პირველადი პროფილაქტიკა, გენეტიკური დატვირთის მქონე პირთა  რეგულარული გამოკვლევები. კიბოსწინარე დაავადებების დროული დიაგნოსტირებით, მკურნალობით, პერიოდული მონიტორინგით შესაძლებელია კიბოს თავიდან აცილება ან მისი ადრეული ფორმების გამოვლენა. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქიმიოთერაპევტს ნატა მურუსიძეს ნომერზე 599 29 42 00;

გისურვებთ ჯანმრთელობას!