დაავადება, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს – ყველაფერი, რაც კი ლიმფომის შესახებ უნდა იცოდეთ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

სისხლის სისტემურ დაავადებათა შორის ერთ–ერთ გავრცელებულ ნოზოლოგიურ ჯგუფს ლიმფომები წარმოადგენს.

მკითხველისთვის დაავადების არსი ნათელი რომ იყოს სასურველია განიმარტოს რა არის სისხლმბადი    ორგანო.

სისხლმბადი, ანუ ჰემოპოეზური ორგანო ცენტრალური და პერიფერიული ნაწილისგან შედგება. ცენტრალურ ორგანოს მიეკუთვნება ძვლის ტვინი და თიმუსი

(მკერდუკანა ჯირკვალი), ხოლო პერიფერიულ ორგანოს ელენთა, ლიმფური კვანძები, მუკოზაასოცირებული ლიმფოიდური ქსოვილი (MALT)  და პერიფერიული სისხლი.

სისხლმბადი ორგანოსგან განვითარებულ სიმსივნეებს ჰემობლასტოზი ეწოდება. ლიმფომებიც ჰემობლასტოზების ჯგუფს მიეკუთვნება.  იგი სისხლმბადი ორგანოს ავთვისებიანი პროლიფერაციის გამოხატულებაა. სხვანაირად მას ძვლის ტვინის გარეშე სიმსივნეს უწოდებენ.

საქართველოს მოსახლეობის  ონკოლოგიური ავადობის  მთლიან სპექტრში იგი დაახლოებით 4.1%–ს იკავებს.

ლიმფომის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ექიმი–ჰემატოლოგი ეკა იმედაშვილი. 

-   ქალბატონო ეკა, რა იწვევს ლიმფომას?

- ისევე როგორც სხვა სიმსივნური დაავადებები, ლიმფომების გამომწვევი ერთი  კონკრეტული მიზეზი  დადგენილი არ არის.

დაავადება  მოზრდილ ადამიანთა ყველა   ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. სხვადასხვა კვლევით  აღწერილია   კორელაცია ვირუსებთან (ებშტეინ – ბარის,  B და C  ჰეპატიტის ვირუსები) ქლამიდიოზთან, ბორელიოზთან. აღწერილია ლიმფომების შემთხვევები “ჰელიკობაქტერის” არსებობის დროს.

აღწერილია  მაიონიზირებელი რადიაციის  ხანგრძლივი ან დიდი დოზით ექსპოზიციის  შემთხვევაში ლიმფომის განვითარების, ასევე   ოჯახური შემთხვევები, მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით  დადგენილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ დაავადება შეიძლება  მიმდინარეობდეს ინდოლენტურად და აგრესიულიად. ვინაიდან ლიმფომები  სისხლმბადი ორგანოს პათოლოგიაა, იმისდა მიხედვით თუ რა მორფოლოგიური  სუბსტრატი უდევს საფუძვლად დაავადების განვითარებას, გამოყოფენ  ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომებს.

ჰოჯკინის ლიმფომას ლიმფოგრანულომატოზსაც უწოდებენ. ამ დაავადებისთვის  დამახასიათებელია დიდი ზომის მრავალბირთვიანი უჯრედების არსებობა,   რომლის 80% ვითარდება ლიმფური კვანძის ფოლიკულის ტერმინალურ (ჩანასახოვან) ცენტრში. მწიფე, ნელა პროლიფერებადი B-ლიმფოციტიდან. 20% კი T- უჯრედების (დერივატები) შთამომავლები  არიან.   ამ უჯრედებს  ჰოჯკინის  ან  რიდ  ბერაზოვსკი-შტერნბერგის უჯრედებს უწოდებენ. ისინი არასასურველი მუტაციების მატარებლები არიან. ასეთ უჯრედებში ბლოკირებულია აპოპტოზი (უჯრედთა დაპროგრამებული სიკვდილი). ამ  უჯრედთა უმრავლესობას ზედაპირზე აქვს CD15, CD30 რეცეპტორები, ანუ ისინი სიმსივნური  უჯრედებია. მათ იმუნოლოგიურ მარკერებსაც უწოდებენ და დიფერენციულ-სადიაგნოსტიკო კრიტერიუმსაც წარმოადგენს.

რაც შეეხება არაჰოჯკინის ლიმფომას, მისი 35 ქვესახეობა არსებობს. მორფოლოგიური სუბსტრატის მიხედვით, გამოყოფილია B და T ლიმფოციტური ლიმფომები. ანტიგენური პანელის მიხედვით, მათთვის ნიშანდობლივია CD19, CD20, CD22, HLA/DR, CD5, CD10, CD38, CD23 ანტიგენების  ექსპრესია. T–უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომისთვის ნიშანდობლივია CD4, CD7, CD8 ანტიგენების ექსპრესია.

სტადიის მიხედვით გამოიყოფა: I, II, III, IV, V სტადია, ჰოჯკინის ლიმფომაში  მეხუთე სტადია არ არის  გამოყოფილი.

დაავადების მიმდინარეობის და ზოგადი სიმპტომატიკის მიხედვით, ყოველ სტადიას აქვს  ორი ფორმა „A“ სიმპტომების არარსებობა და „B“ სიმპტომების არსებობა.

ეს სიმპტომებია: ღამის ოფლიანობა, წონაში კლება,  ცხელება, კანის ქავილი.

-   რა სიმპტომებია დამახასიათებელი დაავადებისთვის?

- ყურადღებას იპყრობს ლიმფური კვანძების გადიდება კისრის, ლავიწზედა ფოსოში, ხშირად მარჯვნივ. ლიმფური კვანძები უმტკივნეულოა, რბილი, ელასტიური. ხშირად პაციენტები უჩივიან სიმძიმის შეგრძნებას მარცხენა ფერდქვეშა არეში და თვითგასინჯვით  ნახულობენ გადიდებულ ელენთას.  შუასაყარში გადიდებული ლიმფური კვანძები მოხრჩობის სიმპტომატიკას იძლევა. აღნიშნული ჩივილები პაციენტის ექიმთან ვიზიტს განაპირობებს. ზოგადი პროფილის ან ოჯახის ექიმი  პაციენტს ჰემატოლოგთან ამისამართებს, რადგან  ეჭვი სისხლის სისტემურ დაავადებაზე  სპეციფიურ გამოკვლევებს გულისხმობს.

–  როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და საიდან იღებთ გამოსაკვლევ მასალას?

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ღრმა ჰემატოლოგიური  და  დამხმარე  კვლევების ჩატარება. ლიმფური კვანძის პუნქცია, ბიოფსია, მასალის ციტოლოგიური, ჰისტომორფოლოგიური, იმუნოფენოტიპური, იმუნოჰისტოქიმიური შესწავლა, ძვლის ტვინის პუნქცია, ტრეპანობიოფსია, სამკურნალო სადიაგნოსტიკო სპლენექტომიაც კი, ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა, გულმკერდის, მუცლის  ღრუს  ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია –  დაავადების სტადიის  და შემდგომ მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

– როგორ მკურნალობთ ლიმფომას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, რომელ თანამედროვე მეთოდებს იყენებთ?

ლიმფომების მკურნალობა ტარდება ქირურგიულად (მაგალითად, ელენთის ლიმფომის შემთხვევაში სპლენექტომია), ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით. ქიმიოთერაპიული სქემა ეფუძნება საერთაშორისო გაიდლაინებს და პროტოკოლებს.

ბოლო პერიოდში წარმატებით გამოიყენება ტრანსპლანტაცია.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ტარდება როგორც ქირურგიული მკურნალობა, ასევე ქიმიოთერაპია  ე.წ. ოქროს სტანდარტით R-CHOP სქემით.

მაბტერა ანადგურებს CD20  პოზიტიურ უჯრედებს რამდენიმე მექანიზმით:

  • უკავშირდება CD20 უჯრედების ზედაპირულ  მარკერებს. იწვევს ანტისხეულ დამოკიდებულ და  კომპლემენტდამოკიდებულ ციტოტოქსიურობას, იწვევს პროგრამულ აპოპტოზს;
  • ზრდის ლიმფოციტების სენსიტიურობას ქიმიოთერაპიის ციტოტოქსიური ეფექტისადმი.

 

მაბტერას ინფუზიის შემდგომ  კი იწყება ქიმიოთერაპია.

ვიყენებთ სხვადასხვა სქემას დაავადების  ფორმის, სტადიის, პროგნოზული

ფაქტორების გათვალისწინებით (ASAP; ABVD, BEACOPP, BACOD-E, COMLA,ESAP;

Pro-MACE-CytaBOM, DHAP) და ა.შ. სქემებს.

ტარდება   მაღალდოზირებული  ქიმიოთერაპიული თერაპიაც.

მკურნალობა ხდება ინფუზომატის გამოყენებით, რაც  საშუალებას იძლევა ზუსტად

განისაზღვროს ქიმიოთერაპიის  რეჟიმი.

ქიმიოთერაპიული მკურნალობის მიზანი სიმსივნური უჯრედების განადგურებაა. მედიკამენტების ციტოტოქსიური ზემოქმედება ჯანმრთელ უჯრედებსაც აზიანებს. დგება მედიკამენტური აპლაზიის ფაზა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უწყვეტ რეჟიმშია შესაძლებელი დროულად განისაზღვროს აღნიშნული მდგომარეობა. ჩატარდეს   ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია ტრანსფუზიულ–ინფუზიური თერაპიის განხორციელება.

გახსოვდეთ, რომ თანამედროვე მედიცინა საშუალებს იძლევა დაავადების დიაგნოსტირება  პირველ და მეორე სტადიაზე მოხდეს, რაც განკურნების შანსს ერთიორად ზრდის.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართიქალაქი თბილისიდიღომიჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ეკა იმედაშვილს ნომერზე 577 32 88 65;

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 72 წლისაა – რა ღონისძიებებით აღინიშნა იუბილე?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 72 წლისაა – რა ღონისძიებებით აღინიშნა იუბილე?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი პროგრესულად მოაზროვნე მენეჯმენტის, უახლესი სამედიცინო აპარატურის და რაც მთავარია, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალ ექიმთა მთელი თანავარსკვლავედის ერთობლიობაა.