მენოპაუზა, კლიმაქსი, ანუ კლიმაქტერული პერიოდი თავისი არსით არ წარმოადგენს დაავადებას ან დაავადებათა კომპლექსს და ეს ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური ეტაპია.
სიტყვა „მენოპაუზა“ მენსტრუაციის სრულ გაქრობას გულისხმობს და ქალის ნაყოფიერების შეწყვეტას ნიშნავს. თუ მენოპაუზა ერთი ქალის ცხოვრებაში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მეორეს შესაძლოა მენოპაუზის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოვლინებებთან გასამკლავებლად გარკვეული დახმარება დასჭირდეს.
მენოპაუზის, კლიმაქსის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია იობაშვილი.
– ბატონო მინდია, რას გვეტყვით მენოპაუზის სიმპტომებზე?
– მენოპაუზის მიმდინარეობა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია. ზოგს არანაირი სიმპტომი, გარდა მენსტრუალური ციკლის შეწყვეტისა, არ აღენიშნება. ქალთა უმრავლესობას კი კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ბევრი ჩივილი აქვს.
ჩივილების უმეტესობა დროთა განმავლობაში სუსტდება და ქრება, მაგალითად:
- სხეულის პერიოდული წამოხურება ე.წ. “ალები“;
- ღამით ოფლიანობა;
- ადვილად დაღლა;
- ემოციური ფონის ცვლილებები, კერძოდ, გუნება–განწყობისა და სექსუალური ინტერესის დაქვეითება, ადვილად გაღიზიანებადობა;
- ძილის დარღვევა (უძილობა);
- კანისა და თმის გამოშრობა;
- ჭარბთმიანობა სახესა და სხეულზე;
- უსიამოვნო შეგრძნება, დისკომფორტი, ხანდახან ტკივილის შეგრძნება სახსრებში;
- თავის ტკივილი;
- ე.წ. გულის „ფრიალი“ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
- კანისა და გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი;
- ემოციური ლაბილობა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა გახანგრძლივდეს:
- საშოს ლორწოვანის სიმშრალე, ქავილი, ინფექციები, ტკივილი სქესობრივი კავშირისას;
- შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები: შარდის შეკავების უნარის შესუსტება, ხშირია საშარდე გზების ინფექციები.
განვმარტავ, რომ ის თუ როგორი სიმკვეთრით გამოიხატება სიმპტომები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და ძირითადად, ქალის პიროვნულ თვისებებზე (ხასიათზე), ასევე მის საარსებო გარემოზე.
კვლევებით დადგინდა, რომ ქალებს, რომლებსაც ჰყავთ ოჯახი და ახლო მეგობრები და/ან მთელი დატვირთვით მუშაობენ, მენოპაუზის სიმპტომებიც შედარებით ნაკლებად აწუხებთ. ამასთან, თვით ქალის დამოკიდებულება კლიმაქსის, როგორც მოვლენისადმი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის მიმდინარეობაზე.
– რა ჰორმონული გარდაქმნები იწყება მენოპაუზის დროს?
– ქალის სასქესო ჯირკვალი, საკვერცხე მოზარდობიდან მენოპაუზამდე ფუნქციონირებს და ამ პერიოდს რეპროდუქციულს უწოდებენ.
საკვერცხეებში ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ მწიფდება ფოლიკული, რომელიც სკდება და კვერცხუჯრედს ათავისუფლებს. ამავე დროს, ფოლიკული გამოიმუშავებს ქალის ძირითად სასქესო ჰორმონს – ესტროგენს. გამსკდარი ფოლიკულიდან წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ქალის მეორე სასქესო ჰორმონს – პროგესტერონს. ესტროგენი მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის ზრდას, ხოლო პროგესტერონის ზემოქმედებით ლორწოვანში მიმდინარეობს მზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუვითარდება. სისხლში მკვეთრად ქვეითდება პროგესტერონის დონე, რასაც მოჰყვება საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა და მენსტრუაცია. ამასობაში საკვერცხეში მწიფდება მომდევნო კვერცხუჯრედი და იწყება ახალი მენსტრუალური ციკლი.
30–დან 50 წლამდე კი საკვერცხეების ბიოლოგიური ასაკი დასასრულს უახლოვდება: მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედი სულ უფრო იშვიათად მწიფდება, რაც ვლინდება არარეგულარული მენსტრუალური ციკლით. საკვერცხეების ფუნქციას თავის ტვინში მდებარე ცენტრი არეგულირებს, რაც საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითებას მისი მასტიმულირებელი ჰორმონების მომატებით პასუხობს. გარკვეული ხნის განმავლობაში საკვერცხე ახერხებს უკანასკნელი რეზერვების მობილიზებას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დგება დრო, როცა მისი ფუნქციონირება წყდება.
– რას გვეტყვით მენოპაუზის დაწყების საშუალო ასაკზე და რა ასაკი ითვლება ადრეულად?
– სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45–დან 55 წლამდე, საშუალოდ 51 წლის ასაკში იწყება.
თუ მენოპაუზა 40 წლის ასაკში იწყება, მას ნაადრევს უწოდებენ და ჩვეულებრივ მკურნალობას საჭიროებს. მენოპაუზის ნაადრევი დადგომის მიზეზი უცნობია, თუმცა გარკვეულ როლს ზოგიერთი ფაქტორიც თამაშობს, მაგალითად, მემკვიდრეობა, მწეველობა და ა.შ.
დაგვიანებულად ითვლება თუ ის 55 წლის ასაკზე გვიან იწყება. ქალები ამ შემთხვევაში საჭიროებენ ყურადღებას და ექიმის მეთვალყურეობას, რადგან მათ აქვთ ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკი.
საკვერცხეების და /ან საშვილოსნოს ქირურგიული ამოკვეთა მენოპაუზის მყისიერ დადგომას იწვევს.
– რა გავლენას ახდენს ჰორმონული დეფიციტი შარდის ბუშტზე, ძვლოვან და გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე?
– ესტროგენები ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ასტიმულირებს. მენოპაუზის შემდეგ, სისხლში ესტროგენების დონის მკვეთრი დაცემისას, ძვლები კალციუმით ღარიბდება და ვითარდება ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზი ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლოვანი გარსის შემცირება, სიმყიფის მატება და მოტეხილობების გახშირება ახასიათებს. ოსტეოპოროზს ძვლების ნელი ტემპით განლევა ახასიათებს. მისი პირველი გამოვლინება გახლავთ ხერხემლის მალების მიკრომოტეხილობით გამოწვეული ტკივილები. ამის შემდეგ ხერხემალი მოკლდება და დეფორმაციას განიცდის. მოგვიანებით ვლინდება ოსტეოპოროზის ყველაზე მძიმე ფორმა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ოსტეოპოროზის მკურნალობა ნელი და ხანგრძლივი პროცესია. გაცილებით ეფექტურია მისი პროფილაქტიკა, რისთვისაც ზრუნვა მენოპაუზამდე უნდა დავიწყოთ.
გულ–სისხლძარღვთა დაავადებები ქალებში პრაქტიკულად 50 წლის შემდეგ გვხვდება. ამის მიზეზიც ესტროგენების დეფიციტია. ესტროგენები ხელს უწყობს ქოლესტერინის ისეთი ფრაქციების წარმოქმნას, რომელიც არ აზიანებს სისხლძარღვებს, იცავს სისხლძარღვებს აგრესიული თავისუფალი რადიკალებისგან, აფართოებს მათ სანათურს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დეფიციტი ყველა ამ დამცავი მექანიზმის შემცირება–შეწყვეტას იწვევს, რასაც ქალის ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება.
შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტისა და შარდსადენის კუნთოვანი და ლორწოვანი შრეების ატროფიასა და სისხლძარღვოვან ცვლილებებთან ერთად, ესტროგენების დეფიციტით არის გამოწვეული.
გარდა ჩამოთვლილი პათოლოგიებისა, ესტროგენების დეფიციტი იწვევს საშვილოსნოს გამოვარდნას, პროლაფსს, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, რომლის შედეგად ნაოჭდება კანი, მტკივნეული ხდება სქესობრივი კავშირი. ესტროგენები ხელს უწყობს სახსრებში სინოვიური სითხის ე.წ. სახსრების საცხის წარმოქმნას, შესაბამისად, კლიმაქსურ პერიოდში მათი ნაკლებობა სახსრების ტკივილს განაპირობებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ალცჰაიმერის დაავადება პირდაპირ უკავშირდება ჰორმონების დონეს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს მინდია იობაშვილს ნომერზე 577 11 68 48.
გისურვებთ ჯანმრთელობას!