ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 1959 წლიდან მუშაობს.
სახელი, გვარი: გოგი ელისაბედაშვილი.
პოზიცია: ქირურგ–ენდოსკოპისტი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
ჰობი: ხატვა.
„ცხოვრების ნახევარი, 60 წელი, ამ კლინიკაში გავატარე და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ოჯახიდან ოჯახში მოვდივარ. ყოველთვის მინდოდა ქირურგობა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ოჯახში თითქმის ყველა ექიმია. უფრო მეტიც, ბატონი კონსტანტინე ერისთავი, ვისი სახელობისაც ჩვენი კლინიკაა, დედის მხრიდან ახლო ნათესავი იყო. მან ჩემს აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. ჩემთვის მისაბაძი, ავტორიტეტული პიროვნება იყო და სწორედ მისი პატივისცემითა და სიყვარულით დავიწყე მუშაობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, რომელსაც დღემდე ერთგულად ვემსახურები. რომ არა ქირურგი ალბათ მწერალი გავხდებოდი და ვინ იცის როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება... ხშირად მეკითხებიან როგორი უნდა იყოს ქირურგიო; ჩემს წარმოდგენაში მისაბაძ ქირურგს 3 ძირითადი თვისება უნდა ჰქონდეს და ესენია: კარგი პიროვნულობა, პაციენტისა და საქმის სიყვარული, პატიოსნება – სხვა შემთხვევაში ამ სფეროში ვერაფერს მიაღწევ! ახალგაზრდობაში სამედიცინო ექსპერიმენტებში ვმონაწილეობდი და ერთ–ერთი ექსპერიმენტის დროს ოთარ ბურჯანაძის (ცნობილი ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი) ასისტენტი ვიყავი. კვლევის დროს უეცრად მომიტრიალდა და მითხრა „რაც გიყვარს და რისიც გჯერა იმ საქმეში არავინ მოგერიოს, რადგან ჩათვალე ამით შენ, როგორც პიროვნება წაიშლებიო“. იმ წუთში ვერც კი მივხვდი რას მეუბნებოდა და წარმოიდგინეთ მხოლოდ წლების შემდეგ გავაანალიზე. ამ ბუმბერაზმა ადამიანმა მითხრა სიტყვები, რომელმაც ჩემი ცხოვრება განსაზღვრა – ეს იყო გაფრთხილება, რომელიც მთელი ცხოვრება თან მსდევდა როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. ახალგაზრდობაში მეგობრებთან ერთად ნადირობა მიყვარდა. ადრე ვხატავდი კიდეც. ფერწერული ტილოების კოლექცია მაქვს. კოლექცია მოიცავს ქართველი და რუსი მხატვრების ნამუშევრებს, მათ შორის თენგიზ მირზაშვილის, ავთო ვარაზის, თემურ ჯაფარიძის, გია მარკოზაშვილის, ანატოლი ზვერევისა და სხვათა ნახატებს. ჩემი უფროსი მეგობრები, ცნობილი მხატვრები ხშირად მჩუქნიდნენ ნახატს სამახსოვროდ. წლების განმავლობაში ასე შეგროვდა ზეთსა და აკვარელში შესრულებული ნატურმორტები, პეიზაჟები, პორტრეტები. თავისუფალ დროს ვსტუმრობ სამხატვრო გალერეებს, მეგობრებს სახელოსნოში და ჩემთვის ეს რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა ბატონმა გოგიმ.