ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ტოქსიკოლოგი, ეკა ქურდაძე.
-თქვენი განათლება, სამუშაო გამოცდილება, როდის შემოუერთდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს?
-დავასრულე პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, მედიცინის ფაკულტეტი, შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტურანტურა. ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო, თბილისის N4 კლინიკური საავადმყოფო, გადაუდებელი მედიცინის ცენტრი, ა. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. ეს იმ კლინიკების არასრული ჩამონათვალია, სადაც მიმუშავია. ასევე, გახლდით თსსუ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სხვა სასწავლო დაწესებულებების მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ტოქსიკოლოგიის პედაგოგი. საკმაოდ ვრცელია ჩემი სამუშაო გამოცდილება 2009 წლიდან დღემდე, როგორც ექიმის, ასევე პედაგოგის. ქირურგიის ეროვნულ ცენტრს კი, 2012 წლიდან შემოვუერთდი.
-როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
-ზოგადად, ადამიანებზე ზრუნვის სიყვარული იქცა ჩემი პროფესიის არჩევის მთავარ მიზეზად. შემდგომში კი, ყველაზე მაგიური და საინტერესო დარგის ტოქსიკოლოგიის ნაწილად ვიქეცი. დარგი, რომელიც მრავალი ნაერთის, მედიკამენტის და ადამიანის ურთიერთობის შემსწავლელი მეცნიერებაა. ხშირად, ჩემი პროფესია მაძლევს საშუალებას უმოკლეს დროში მივაღწიო სასურველ შედეგს - ადამიანის გამოჯანმრთელებას.
-რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
-ჩემთვის ექიმობა გულისხმიერებას, ჰუმანურობას, სიყვარულს და თანადგომის შესაძლებლობას ნიშნავს. თუ კარგი ადამიანი ხარ, აუცილებლად იქნები კარგი ექიმი.
-რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
-ვფიქრობ, ტოქსიკოლოგია ამტკიცებს ყველასათვის ცნობილ გამოთქმას, რომ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია. რაც უფრო ნაკლები ტოქსიკური ნივთიერება იქნება ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები ვიქნებით.
-რა არის ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს კარიერაში?
-ძალიან მინდა სრულყოფილი ტოქსიკოლოგიური ცენტრის შექმნა, სადაც პრიორიტეტი მხოლოდ პაციენტი და მისი ჯანმრთელი მომავალი იქნება.
-რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
-არასდროს აიძულოთ თავი, აირჩიოთ ის პროფესია, რომელიც საკუთარ მეს ეწინააღმდეგება. გიყვარდეთ ის საქმე, რომლის ნაწილადაც უნდა იქცეთ და მთელი ცხოვრება აკეთოთ.
-რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე – COVID 19?
-მსოფლიოში გავრცელებული პანდემია ერთ-ერთი რთული გამოწვევა და ჩვენი ჯანმრთელობის დიდი მეტოქეა, რომელიც სწორი ნაბიჯებითა და ნორმების მაქსიმალური დაცვით, მალე უნდა ვაქციოთ წარსულად.
-როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
-ვფიქრობ, რამდენიმე წლის შემდეგ, ტოქსიკოლოგია განვითარების ახალ საფეხურზე იდგება. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იფუნქციონირებს ტოქსიკოლოგიის ცენტრი, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი საჭირო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიით, ექსტრაკორპორული აპარატურით, ანტიდოტებით. ეს ცენტრი საშუალებას მოგვცემს დროულად იქნას დიაგნოსტირებული მოწამვლის ნებისმიერი შემთხვევა და თავიდან ავიცილოთ ყველაზე მძიმე გართულებები.