გაიცანით ქირურგი, რომელიც წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია

გაიცანით ქირურგი, რომელიც წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 44 წელია ერთგულად ემსახურება.

სახელი, გვარი: ავთანდილ ღირდალაძე.

პოზიცია: ქირურგი, პროფესორი.

განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

ჰობი: ჭადრაკი და ცურვა.

„ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 44 წელია ვმუშაობ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ქირურგებს არაერთი რთული შემთხვევა გვიმართავს და ბევრი პაციენტის სიცოცხლე გადაგვირჩენია. მინდა გავიხსენო ერთ–ერთი კლინიკური შემთხვევა. 6 წლის წინ ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტს მომართა ახალგაზრდა მამაკაცმა, მძიმე ჰემორაგიული პანკრეონეკროზის გართულებული პოლიორგანული უკმარისობით. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, არავის ჰქონდა მისი გადარჩენის იმედი. თუმცა ჩატარებულმა ოპერაციებმა და მედ–პერსონალის ყოველდღიურმა ბრძოლამ სიკვდილზე გაიმარჯვა! დღეს პაციენტი თავს კარგად გრძნობს, ცხოვრების ჩვეული რიტმით ცხოვრობს და არასდროს ავიწყდება დღესასწაულების მოლოცვა, ასე გამოხატავს მადლიერებას. საბედნიეროდ, ბევრი ასეთი შემთხვევის გახსენება შემიძლია. თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს სამეცნიერო–შემეცნებითი და სპორტული გადაცემების ყურება. ასევე გატაცებული ვარ კოსმოლოგიით. მიყვარს ჭადრაკის თამაში. ცურვა ჩემი ჰობია – პირველი კლასიდან დავდიოდი წყალბურთზე, ვიყავი დინამო თბილისის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. არასდროს დამავიწყდება მე–9 კლასში წარმატებული შედეგის დამსახურებით, თბილისის დინამოს დიდ გუნდში რომ გადამიყვანეს. წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი ვარ და ბევრი სხვა ჯილდოც მოვიპოვე. კარიერასა და პირად ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი! ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით – მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. ვამაყობ იმ გზით, რომელიც გავიარე როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიაში“, – განაცხადა ბატონმა ავთანდილმა ჩვენთან ინტერვიუში.