გაიცანით ქალბატონი, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 44 წელია ერთგულად ემსახურება

გაიცანით ქალბატონი, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 44 წელია ერთგულად ემსახურება

სახელი, გვარი: დარეჯან შუკაკიძე.

პოზიცია: ქირურგიის ეროვნული ცენტრის არქივარიუსი.

განათლება: ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

ჰობი: წიგნების კითხვა.

„თინეიჯერობის პერიოდში ფრენბურთით ვიყავი გატაცებული. მეათე კლასამდე თბილისის ნაკრებში ვთამაშობდი და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც კი მიმიწვიეს. კვირაში 3 დღე, 2 საათის მანძილზე გუნდის წევრებთან ერთად ვვარჯიშობდი. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ სპორტული მონაცემებიდან გამომდინარე, მწვრთნელი „ფრენბურთის დედოფალს“ მეძახდა. სამწუხაროდ, ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ აქტიურ სპორტს თავი დავანებე – სტუდენტობის დროს სპორტისა და სწავლის ერთმანეთთან შეთავსება ვერ მოვახერხე. დღემდე ფრენბურთის აქტიური გულშემატკივარი და მაყურებელი ვარ. არასდროს გამომიტოვებია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფრენბურთის მატჩები. ყოველი ტრანსლაციის დროს მახსენდება ჩემი თინეიჯერობა. ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, თუმცა დღემდე ვერ მოვახერხე წასვლა ხევსურეთში, მაგრამ ვიმედოვნებ, ერთ დღესაც ვესტუმრები. საზღვარგარეთ 5 ქვეყანაში მიმოგზაურია. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სანკტ–პეტერბურგმა და დრეზდენმა მოახდინა. ჩემი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანაცხოვრება 44 წლის წინ დაიწყო, ინსტიტუტი ახალი დასრულებული მქონდა. ჯერ კლინიკის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე ვმუშაობდი, მოგვიანებით სამეცნიერო ბიბლიოთეკის გამგედ და ახლა უკვე არქივში. არც კი ვიცი და ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება განვითარებულიყო ჩემი ცხოვრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის გარეშე! ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩვენი კლინიკის, რადგან ერთგული მეგობრები და საყვარელი საქმე მაჩუქა“, – ამ თბილი სიტყვებით დასრულდა ჩვენი ინტერვიუ ქალბატონ დარეჯანთან.