სახელი, გვარი: ინეზა დოლიძე.
პოზიცია: ანესთეზიოლოგი.
განათლება: დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
ჰობი: მოგზაურობა.
„მედიცინა ნამდვილად ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქირურგობა მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ანესთეზიოლოგიაზე შევაჩერე და ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია. ვამაყობ ჩემი საქმიანობით, მიხარია ამ კლინიკის, უფრო სწორად კი, ერთი დიდი ოჯახის წევრი რომ ვარ და პირველ რიგში მიყვარს პაციენტი. ასე ვფიქრობ, რომ პაციენტი უნდა გიყვარდეს, სხვანაირად ვერ უმკურნალებ. 48 წლის განმავლობაში ყოველდღე შევდივარ საოპერაციო ბლოკში და ყოველ ოპერაციაზე ვრწმუნდები, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს ღიმილს, სითბოს, რომელსაც ავადმყოფის მიმართ გამოხატავ. ანესთეზიამდე პაციენტს რომ გაუღიმებ, როგორც არ უნდა ეშინოდეს, აუცილებლად ღიმილით გიპასუხებს. ჩემი აზრით, მისთვის კეთილგანწყობა იმ წუთში ნამდვილად ყველაფერია. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობა რომ დავიწყე, მხოლოდ 24 წლის ვიყავი. ჩვენი კლინიკა გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოში მეცნიერული ქირურგიის ერთ–ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობისაა და მქონდა პატივი ბატონი კონსტანტინე პირადად გამეცნო. იგი იყო კეთილგანწყობილი ყველა თანამშრომლის მიმართ, საოცრად ჯენტლმენი და თავაზიანი. ბატონი კონსტანტინეს გამოჩენისას დერეფანში ყველა ექიმსა და ექთანს მის მიმართ მოწიწების განცდა უჩნდებოდა, მაგრამ თავად იმდენად კეთილი პიროვნება იყო, რომ არასდროს დაგძაბავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა გიგლა იოსელიანი. არასდროს დამავიწყდება მისი მხარდაჭერა და ამ თანადგომისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. 48 წელია ანესთეზიას ვატარებ და დღესაც კი ოპერაციამდე ისევე ვღელავ, როგორც წლების წინ პატარა გოგო რომ ვიყავი. დიახ, ამის აღიარების არ მრცხვენია... მე ხომ სხვისი სიცოცხლე მაბარია! ვმუშაობ მულტიპროფილურ საავადმყოფოში, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ დეპარტამენტში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში სიცოცხლის გადარჩენაში! 6 უსაყვარლესი შვილიშვილის ბებია ვარ და მოგზაურობის მოყვარული. 20–მდე ქვეყანას ვსტუმრობდი. ძალიან მხიბლავს აზია. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მაჩუქა ზღაპრული პეიზაჟების, უძველესი მონასტრებისა და საუკეთესო საცალფეხო მარშრუტების მქონე ნეპალმა, იდუმალებით აღსავსე და კონტრასტებით სავსე ინდოეთმა. ასევე ძალიან დამამახსოვრა თავი და სიამოვნებით დავბრუნდებოდი აშშ–ში, იტალიაში, ავსტრიასა და ესპანეთში. რამდენიმე კვირაში ეგზოტიკურ მაროკოს ვეწვევი და ახალგაზრდობის ოცნებას ავიხდენ“, – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ქალბატონმა ინეზამ.