ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 35 წელია მუშაობს.
სახელი, გვარი: სერგო ციცხვაია.
პოზიცია: ქირურგი, პროფესორი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
ჰობი: მოგზაურობა, ცურვა.
„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ კლინიკაში გავატარე, შესაბამისად, ქირურგიის ეროვნული ცენტრი მეორე დიდი ოჯახია. დაწესებულებაში პირველად 1985 წლის აგვისტოში მოვედი, ზოგადი ქირურგიის კლინიკურ ორდინატურაში ჩავირიცხე და მუშაობა ქალთა განყოფილებაში დავიწყე. ყოველთვის საოცარი სითბოთი ვიხსენებ თითოეული თანამშრომლის დამოკიდებულებას ჩემ მიმართ; ეს არის ერთი გუნდი, რომელიც ემსახურება კაცობრიობის მიერ შექმნილ ყველაზე ჰუმანურ პროფესიას. ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, 18 წლის სერგო ისევ ქირურგობას აირჩევდა. შეიძლება ინტერვიუ წაიკითხონ ახალგაზრდებმა, ჩემმა სტუდენტებმა და მომავალ ექიმებს ვურჩევდი აღიჭურვონ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით, რადგან მათ ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა მოუწევთ. სამედიცინო საქმიანობას სჭირდება შრომისმოყვარეობა, ერთგულება. სხვა პროფესიის ადამიანები ნუ მიწყენენ, მაგრამ ვიტყვი, რომ ექიმები ყველაზე ფასდაუდებელი ჯილდოთი ვსაჩუქრდებით და ეს არის გამოჯანმრთელებული პაციენტის ბედნიერი, მადლიერი თვალები. ჩემი მომავალი მეუღლე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთ–ერთ ღონისძიებაზე გავიცანი. მყავს 3 შვილი; მათ პროფესიულ არჩევანში არასდროს ჩავრეულვარ, ყველა გადაწყვეტილებას პატივი ვეცი და ამით ვამაყობ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ვიმედოვნებდი, სამი შვილიდან რომელიმე მეტყოდა სამედიცინო უნივერსიტეტში ვაბარებო, თუმცა მათ გეგმებში მედიცინა არ შედიოდა. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ვფიქრობ, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბების ერთ–ერთი ეფექტური და სასიამოვნო საშუალებაა. მოგზაურობა ახალი შთაბეჭდილებებითა და იმ გამოცდილებით გვავსებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. თავისუფალ დროს ვცურავ. ზღვის სანაპიროზე გატარებული თუნდაც ერთი დღე საკმარისია მთელი წელი თავი კარგად რომ ვიგრძნო“, – განაცხადა ბატონმა სერგომ ჩვენთან ინტერვიუში.