25 წელი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში – რა პროფესიულ რჩევას აძლევს კლინიკის ეკონომისტი ახალგაზრდებს?

25 წელი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში – რა პროფესიულ რჩევას აძლევს კლინიკის ეკონომისტი ახალგაზრდებს?

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 25 წელია ერთგულად ემსახურება.

სახელი, გვარი: ლია მატუა.

პოზიცია: ეკონომისტი.

განათლება:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო–ეკონომიკური ფაკულტეტი.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

ჰობი: მოგზაურობა.   

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჩემი კარიერული თვითრეალიზების ძირითადი საშუალება და ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. კლინიკაში 25 წლიანი მუშაობის მანძილზე ბევრი ერთგული მეგობარი შევიძინე. გავიცანი ადამიანები, ვისთან ერთადაც ყოველი სამუშაო დღე კიდევ უფრო სასიამოვნო და საინტერესოა. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრება ამ კლინიკის კედლებში გავატარე – მოგონებათა დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, უმეტესობა დადებითი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრს უკავშირდება. თავისუფალ დროს მოგზაურობას ვუთმობ. საზღვარგარეთ ვიზიტი, უცხო ქალაქის ლამაზ ქუჩებში სეირნობა, ცხოვრების განსხვავებული სტილით ტკბობა, ახალი თავგადასავლებისა და გამოცდილების მიღება – ეს მცირე ჩამონათვალია, რის გამოც შეძლებისდაგვარად ვცდილობ მსოფლიოს შორეულ წერტილებს დავუახლოვდე. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს?! ვიცი, ეს შეუძლებელია და რომც შეგეძლოთ 20 ან 25 წლის ლიას შემახვედროთ, გულწრფელად გპასუხობთ – წარსულში არაფერს შევცვლიდი. მოხუცი უნდა დაიბადო, ნაკლები შეცდომა რომ დაუშვა; ადამიანურ შეცდომებში ცუდი არაფერია. შეცდომებს რომ ვეღარ დავუშვებ, აი, ეს იქნება ცუდი. ზოგადად, არ მიყვარს რჩევის მიცემა, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ცხოვრების ერთი კონკრეტული რეცეპტით ყველა ხომ ვერ ისარგებლებს? რაც შეეხება პროფესიულ რეკომენდაციას, წარმატებული კარიერის შექმნის ჩემეული ფორმულა ასეთია: აღიარო რომ შენი ცოდნა და მცდელობა საკმარისი არასდროსაა, ყოველდღე იზრუნო, რომ ხვალ დღევანდელზე მეტად პროფესიონალი იყო და წინ წახვიდე. მყავს მეუღლე, 2 შვილი და 2 შვილიშვილი. დედობამ და ახლა უკვე ბებიობამ ბედნიერ ქალად მაქცია“, – განაცხადა ქალბატონმა ლიამ.