ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- კლინიკის ერთგულება და პედაგოგიური მოღვაწეობა;
- შვილიშვილი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მათემატიკაში უმაღლესი ქულა მოიპოვა;
- ულამაზესი ზამთრის ბაღი.
სახელი, გვარი: ირინა ჩხაიძე.
პოზიცია: თერაპევტი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ჰობი: მებაღეობა.
„49 წელია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვმუშაობ. მიყვარს კლინიკა, რადგან აქ წლების განმავლობაში პროფესიულად გავიზარდე და ბევრი მეგობარი შევიძინე, ფაქტობრივად ოჯახის წევრები. 2 შვილი და 5 შვილიშვილი მყავს. ერთ–ერთმა შვილიშვილმა (სანდრო რჩეულიშვილი) ძალიან გამახარა – წელს იმ აბიტურიენტთა შორის იყო, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს. ჩემმა სანდრომ მათემატიკის გამოცდაში 59–დან 59 ქულა მიიღო. მის შესახებ ყველას ვუყვები, ვამაყობ! ზოგადად, ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და სწორედ ამიტომ ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას. შვილიშვილების მეგობრებს ხშირად სჭირდებათ ქიმიაში დახმარება და ყოველთვის სიამოვნებით ვეხმარები. თავისუფალ დროს მებაღეობით ვარ დაკავებული. საკუთარი ბაღი მაქვს. სადარბაზო და ბინა ქოთნის ყვავილებით მოვრთე. ჩემს სადარბაზოს ხუმრობით ზამთრის ბაღსაც ეძახიან. ეზოში ნახავთ აჰავას, ალიანდრას, ბეგონიას, პატარძალას, ვარდს. მიხარია, რომ ეზო გამვლელების ყურადღებას იპყრობს და სრულიად უცნობი ადამიანებიც ხშირად იღებენ ფოტოს. ბაღში ნაძვიც დავრგე და პალმაც. პალმა იმდენად მაღალია, რომ შორიდანაც ჩანს და ასე მარტივად მიაგნებთ ჩემს სახლს. ასევე ხშირად ვიღებ კომპლიმენტებს კულინარიაში. თუმცა ჩემი აზრით, განსაკუთრებით გემრიელი სალათები და ცომეული გამომდის“, – განაცხადა ქალბატონმა ირინამ ჩვენთან ინტერვიუში.