სახელი, გვარი: ციალა კინწურაშვილი.
პოზიცია: ექთანი.
განათლება: თბილისის საექთნო მეორე სასწავლებელი, საექთნო საქმე.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.
ჰობი: ქსოვა.
„48 წელია კლინიკის ერთგული ვარ. ნათესავი მუშაობდა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და სწორედ მან მითხრა ექთანი გვჭირდებაო. ახალი თანამშრომლები თბილად შემხვდნენ, მაგრამ სასიამოვნო გარემოს მიუხედავად, მაინც ვღელავდი. ყოველთვის პატივს ვცემდი მედიცინას. არც კი მახსენდება მეორე პროფესია, რომელიც ასეთ თავგანწირვას მოითხოვს. ფაქტობრივად, ხშირად ექიმის ხელშია ადამიანის სიცოცხლე. როცა გავთხოვდი და შვილები შემეძინა, მაშინ დავამთავრე საექთნო საქმე. ვისაც ოჯახი ჰყავს მიხვდება რასაც ვამბობ. ჩემს ახალგაზრდობაში არ იყო მარტივი თან შვილებისთვის მიგეხედა და პარალელურად კარიერაში მწვერვალებისკენ გევლო. სწორედ იმ კეთილგანწყობამ და პატივისცემამ, ერთ გუნდად შეკრულმა მზრუნველმა კოლექტივმა მომცა საშუალება და თუ გნებავთ ბიძგი, რომ უკან არ დამეხია, ყველა სირთულე გადამელახა და 48 წელი ვყოფილიყავი დაწესებულებაში, რომელიც მეორე ოჯახად იქცა. კლინიკაში ძალიან ბევრი ერთგული მეგობარი შევიძინე. დღევანდელ ცხოვრებაში კი ერთგული მეგობრის ფასი არაფერია. რაც შეეხება პირად ცხოვრებას. მეუღლე გარდამეცვალა, 2 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს. შვილებმა სულ სხვა პროფესია შეარჩიეს, მედიცინას არ გაჰყვნენ. თავისუფალ დროს მიყვარს ქსოვა და მგონი, ეს ხელსაქმე კარგად გამომდის. ახალგაზრდებს გაუკვირდებათ, მაგრამ წლების წინ სამოსი ყველგან არ იყიდებოდა. შეიძლება ფული გქონოდა, მაგრამ სასურველი ნივთი ვერ გენახა. დღეს სადაც არ უნდა წავიდე სხვადასხვა ქსოვილითაა აჭრელებული მაღაზიის ვიტრინები, ჩემს ახალგაზრდობაში კი ტანსაცმელზე თავად ვზრუნავდი. მიყვარდა ძაფის ყიდვა და ქსოვა. პალტოც მომიქსოვია, კაბაც და ქუდიც. მარტო ჩემთვის კი არა, შვილებისთვის, ნათესავებისთვის. მეგობრებსაც დაბადების დღეზე საჩუქრად ვჩუქნიდი. ყაისნაღთან ახლაც ვმეგობრობ. საექთნო საქმე წარჩინებით დავამთავრე და დღემდე გული მწყდება, რომ ვერ ჩავაბარე ფიზიკა, რადგან შვილები პატარები მყავდნენ და რასაც ჰქვია ორ ფრონტზე ვიბრძოდი. ფიზიკა რომ ჩამებარებინა ვინ იცის როგორი კარგი ექიმი გავმხდარიყავი“, – გვითხრა ინტერვიუში ქალბატონმა ციალამ.