მედდა, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 45 წელია მუშაობს

მედდა, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 45 წელია მუშაობს

გაიცანით ამბულატორიული დეპარტამენტის შესახვევის ექთანი

სახელი: ლუიზა

გვარი: ჟვანია

პოზიცია: ექთანი

განათლება: საშუალო სპეციალური

ჰობი: კულინარია

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჯერ კიდევ მაშინ მოვხვდი, მთელი ქვეყანა რომ „ქირურგიის ინსტიტუტს“ ეძახდა. 1977 წლიდან მოყოლებული ამ კლინიკის განუყოფელი ნაწილი ვარ და ვამაყობ, რომ წასული თაობის დიად ქირურგებთან ერთად მიმუშავია. თბილ მოგონებად მრჩება, როგორ ვემზადებოდით აკადემიკოს კელერმანის დასახვედრად, რომელიც მოსკოვიდან ჩამოდიოდა და ჩვენს გამოჩენილ ქირურგებთან ერთად ოპერაციებს ატარებდა. იმდენი წელია სამედიცინო სფეროში ვარ, რომ მგონი, ქართული მედიცინის ყველა პერიოდს მოვესწარი, ქირურგიის ინსტიტუტში გაჩენილი ხანძრით დაწყებული, ჩვენი კლინიკის ყოფილი დირექტორის ვახტანგ ფიფიას ტრაგიკული გარდაცვალებით დამთავრებული. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ვერც წარმომიდგენია სხვა სფეროში მემუშავა. ძალიან პატარა ვიყავი, ყელი ამტკივდა და ექიმთან რომ მიმიყვანეს, იმდენად თბილად მიმიღო ექიმმა, მაშინ ჩავიფიქრე, რომ გავიზრდები მეც ექიმი უნდა გავხდე-მეთქი. მართალია, ექიმობას ვერ მივაღწიე, თუმცა, მიხარია, რომ სამედიცინო სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და განუყოფელი ნაწილი ვარ. რა თქმა უნდა, თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. ამავდროულად, მიყვარს კულინარია. ბედნიერი ვარ, როცა ვინმეს ჩემი გაკეთებული საჭმელი მოწონს. ახალგაზრდებს კი, ვურჩევ, აკეთონ საქმე, რომელიც უყვართ. აკეთონ გულით და მონდომებით და ყოველთვის ყველაფერს მიაღწევენ!