ბრაქითერაპია – კიბოს მკურნალობა დარტყმითი (მაღალი) დოზით უმოკლეს დროში

ბრაქითერაპია – კიბოს მკურნალობა დარტყმითი (მაღალი) დოზით უმოკლეს დროში

ბრაქითერაპია, ასევე ცნობილი როგორც კონტაქტური რადიოთერაპია, სხივური თერაპიის ერთ–ერთი მიმართულებაა.

ბრაქითერაპიის დროს  რადიაციული წყარო თავსდება პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში, ანუ შიგნით სიმსივნეში ან სიმსივნის ზედაპირზე, შესაბამისად, მოიცავს მთელ წარმონაქმნს. ამ გზით მიზანმიმართულად, ზუსტად სხივდება სამიზნე ორგანო და მაქსიმალურად დაცული რჩება სხვა ჯანმრთელი ორგანოები თუ სტრუქტურები. წარმოადგენს დასხივების  ინვაზიურ მეთოდს.

ბრაქითერაპია მეტწილად  ტარდება  დისტანციურ სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში. ბრაქითერაპია ინიშნება როგორც ნეოადიუვანტურ (დამოუკიდებლად), ისე ადიუვანტურ (დამატებით) რეჟიმში, რადიკალური და  პალიატიური (მდგომარეობის შემსუბუქება) მიზნით, მაგალითად, სისხლდენის შეჩერებისა და ტკივილის კუპირებისათვის.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ფუნქციობს რადიოთერაპიის დეპარტამენტი, სადაც უამრავ პაციენტს უკვე ჩაუტარდა მაღალი ხარისხის სხივური თერაპია ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ზედამხედველობით.

კლინიკაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა – შესაძლებლობა გვაქვს პაციენტებს შევთავაზოთ ბრაქითერაპიული მკურნალობა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბრაქითერაპიის განყოფილება აღიჭურვა კომპანია Elekta-ს წარმოების უახლესი, 2019 წლის Flexitron-HDR მაღალი დოზის აპარატით, რომლის რადიაციულ წყაროს წარმოადგენს Iri-192. აპარატი გამოირჩევა დაგეგმარების დახვეწილი, სწრაფი და ზუსტი 3D სისტემით.

flexsitron-nbd

ბრაქითერაპიის აპარატის უპირატესობას წარმოადგენს  ახალი და კლინიკურად დახვეწილი  აპლიკატორები, რომელთა საშუალებით ბრაქითერაპევტი მაქსიმალურად მოიცავს სიმსივნით დაზიანებულ არეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აპლიკატორს აქვს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სპეციფიკაცია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ბრაქითერაპიის ყოველი პროცედურის დაგეგმარება მოხდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოსახულებების გამოყენებით. მხოლოდ ასეთი სრულყოფილი დაგეგმარებითაა შესაძლებელი IIB-IIIA-IIIB-IVA სტადიების კიბოს რადიკალური მკურნალობა.

ბრაქითერაპიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი ირინა ჯობავა.  

ქალბატონო ირინა, რომელი სახეობის კიბოზე ჩატარდება ბრაქითერაპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

  ჩვენ ვიწყებთ ყველა ლოკალიზაციის სიმსივნის მკურნალობას; ბრაქითერაპია ჩატარდება კომბინაციაში ტელეთერაპიასთან ან დამოუკიდებლად.

ეს ლოკალიზაციებია:

  • საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანის, საშოს, ვულვის  IA-IB,IC-IIA,IIB,IIC_IIIA,B,C- IVA სტადიის კიბო;
  • პროსტატის კიბო (HDR ბრაქითერაპია);
  • კანის  სიმსივნეები;
  • რბილი ქსოვილები (სარკომა);
  • თავ-კისრის  სიმსივნეები და კერძოდ, ენის, ტუჩის, ლოყის, ცხვირის წიაღების  კიბო;
  • საყლაპავის კიბო (პალიატიური ბრაქითერაპია სისხლდენის შესაჩერებლად ან სიმსივნური სტენოზების დროს);
  • ანალური ნაწილისა და სწორი ნაწლავის ამპულარული ნაწილის  კიბო;
  • ბრონქის კიბო (სისხლდენის შეჩერების მიზნით);
  • აგრეთვე ძუძუს  კიბოს boost ბრაქითერაპია დამატებით და APBI-HDR ბრაქითერაპია – მონოთერაპია. ჩამოთვლილთაგან ორივე ქსოვილშიდა ბრაქითერაპიის სახეა.

პროცედურა ტარდება დღეში ერთხელ ან ორჯერ. მკურნალობის სრული კურსი მოიცავს 1–დან 5–მდე პროცედურას. რასაკვირველია, ეს ყოველივე დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, სტადიასა და მკურნალობის მეთოდზე.

braqiterapia

– რა უპირატესობით გამოირჩევა ბრაქითერაპია?

– ბრაქითერაპიის მთავარი უპირატესობებია:

  • მაღალი ბიოლოგიური ეფექტი (მაღალი დოზის რადიაციის მიმართ კიბოს უჯრედის მგრძნობელობა);
  • მაღალი დოზის რადიაციის სწრაფი ზემოქმედება კიბოს უჯრედზე;
  • სიმსივნის სრულყოფილი კონტროლი;
  • მინიმალური რადიაციული ტოქსიკურობა ირგვლივ მდებარე  ჯანმრთელ ქსოვილებზე;
  • ერთდღიანი პროცედურა  (ჯამში პროცედურების სიმცირე).

– შეგიძლიათ აღწეროთ პროცესი თუ როგორ ტარდება ბრაქითერაპია?

ბრაქითერაპია ტარდება  ამბულატორიულ პაციენტებში, ანუ პაციენტი კლინიკაში ყოვნდება მხოლოდ რამდენიმე საათით. პროცედურის დასრულების შემდეგ კი ეწერება ბინაზე. 

ბრაქითერაპიის პროცედურამდე პაციენტი გადის რამდენიმე საფეხურს:

  1. პაციენტის მომზადება (პრემედიკაცია);
  2. ბრაქითერაპიის პროცედურა ტარდება შესაბამისი გაუტკივარების შემდეგ ზოგადი, ადგილობრივი, რეგიონული ანესთეზიით. გაუტკივარების ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ლოკალიზაციაზე ტარდება მკურნალობა;
  3. რადიაციული ონკოლოგი სამიზნე ორგანოში, უშუალოდ სიმსივნეში ან მის ზედაპირზე ათავსებს სპეციალურ აპლიკატორებს ასეპტიკა, ანტისეპტიკის წესების  სრული დაცვით, ვიზუალური და ექოსკოპიური  კონტროლის ქვეშ; 
  4. ტარდება წინასწარი დაგეგმარება რენტგენოლოგიურ გამოსახულებაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია) დაყრდნობით. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოცული იყოს დასასხივებელი არე, შესაბამისი რენტგენოლოგიური გამოსახულების ზედდება–დამუშავებით ექიმი და ფიზიკოსი წინასწარ ქმნიან ვირტუალურ გეგმას. ჩასმული აპლიკატორების 3D დაგეგმარება გულისხმობს სამიზნე მოცულობის მაქსიმალურად მოცვას და ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი სტრუქტურების მაქსიმალურ დაცვას; 
  5. მკურნალობის გაშვება/დასხივება, რაც გრძელდება დაახლოებით  5–10 წუთი. დასხივების პერიოდში პაციენტს მეთვალყურეობენ ტელე და აუდიო კონტროლით.

– რას გვეტყვით ბრაქითერაპიის ინვაზიურ მეთოდებზე?

წყაროს პოზიციის მიხედვით ბრაქითერაპიის პროცედურა არის  შემდგომი:

  • ღრუსშიგნითა–არხშიდა;
  • ინტერსტიციური (ქსოვილშიდა);
  • ინტრალუმინალური (სანათურში);
  • ენდოვასკულური;
  • კონტაქტური, ანუ ზედაპირული (კანისა და რბილი ქსოვილების  სიმსივნეების დროს).

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მეთოდი ინვაზიურია, რომლის დროსაც აპლიკატორის ჩადგმა ხდება უშუალოდ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში ან მის სარეცელზე.

– როგორია ბრაქითერაპიის მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი?

ბრაქითერაპიის პროცედურის შემდეგ პაციენტი მხოლოდ რამდენიმე საათი რჩება კლინიკაში, შემდეგ კი ეწერება ბინაზე ექიმის შესაბამისი რეკომენდაციით.  

გისურვებთ ჯანმრთელობას!