რადიოთერაპიის დეპარტამენტს „მედკაპიტალის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ

რადიოთერაპიის დეპარტამენტს „მედკაპიტალის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი პერმანენტულად მასპინძლობს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მდებარე კლინიკების წარმომადგენლებს.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

კამპანია მიზნად ისახავს კოლეგების ინფორმირებას კლინიკის მძლავრი და უნიკალური რადიოთერაპიის დეპარტამენტის, ონკოლოგიის თანამედროვე მართვის პრინციპების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, ბოლო რამდენიმე თვეა, დეპარტამენტს სტუმრობს სხვადასხვა სამედიცინო კომპანია და მათ შორის „ავერსის“ ჯგუფის წევრი ორგანიზაციები. ექიმები დეტალურ ინფორმაციას ეცნობიან ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე.

რადიოთერაპიის დეპარტამენტი

ამჯერად კლინიკამ პოლიკლინიკების ქსელ „მედკაპიტალის“ სხვადასხვა პროფილის ექიმს უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს რადიოთერაპიის დეპარტამენტი – ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი), უახლესი სხივური ამაჩქარებლები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ფოტომასალა პირადი არქივიდან. ფოტოებიდან სტუმრებმა იხილეს თუ როგორ იცვლებოდა ინფრასტრუქტურა, როგორ შენდებოდა სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი ბუნკერები, უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ონკოლოგების ვიზიტისას გადაღებული კადრები და სხვა.

გენერალურმა დირექტორმა ექიმებს აუხსნა ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები, ასევე მოუთხრო Tumor Board–ის შესახებ.

როგორც ბატონმა ლაშამ განაცხადა, დეპარტამენტში დასაქმებულნი არიან თანამშრომლები, რომლებმაც განათლება აშშ–ისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს.

„მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი.  რადიოთერაპიის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი მკაცრად გაწერილი საერთაშორისო გაიდლაინებით ხელმძღვანელობს“, – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

სპეციალურად ღონისძიებისთვის რადიოთერაპიის დეპარტამენტის რადიაციულმა ონკოლოგმა, ბრაქითერაპევტმა ლაშა გოგინაშვილმა წარმოადგინა და მიმოიხილა არაერთი საინტერესო კლინიკური შემთხვევა.

სხივურ თერაპიამდე და სხივური თერაპიის შემდგომ ჩატარებული საკონტროლო გამოსახულებითი კვლევები ადასტურებს, რომ რადიაციული ონკოლოგია (სხივური თერაპია) კიბოს მართვის ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდია.

სიახლე ონკოლოგიური პაციენტებისთვის

მკითხველს შევახსენებთ, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს უკვე შეუძლიათ კლინიკაში ისარგებლონ ბრაქითერაპიით, რომელიც სხივური თერაპიის ერთ–ერთ მიმართულებას წარმოადგენს.

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სულ მალე ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, ციფრული პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფით (PET/CT).

აღსანიშნავია, რომ რადიოთერაპიის დეპარტამენტში წარმატებით ხორციელდება ე.წ. სამედიცინო ტურიზმი. კლინიკაში ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი პაციენტები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!