ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემოიყვანეს 82 წლის პაციენტი.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემოიყვანეს 82 წლის პაციენტი.
მისი მდგომარეობა მძიმე იყო, აღენიშნებოდა გულის ფრიალი, გულისრევა, მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა. ანამნეზში: მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, იშემიური ინსულტი, გულის ქრონიკული უკმარისობა.
როგორც აღვნიშნეთ, პაციენტს რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ჩატარებული კორონარული სტენტირება და ამჟამადაც სახეზე იყო მმი (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) და კარდიოგენული შოკი.
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემოსვლისთანავე პაციენტს აღენიშნა პარკუჭთა ფიბრილაცია, რომელიც ელექტრული დეფიბრილაციის საშუალებით მოიხსნა, ხოლო არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო საჭირო გახდა მედიკამენტური მხარდაჭერის დაწყება.
პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა კონსულტაციები, კვლევები, მათ შორის კომპიუტერულ–ტომოგრაფიული კვლევა ინტრავენური კონტრასტირებით. გამოვლინდა ფილტვის არტერიის ორმხრივი თრომბოემბოლია და აღმავალი აორტის ანევრიზმა, ორმხრივი მწვავე პნევმონია. იმავდროულად კლინიკური სურათი, ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ლაბორატორიული მონაცემები მეტყველებდა მმი–ს (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) არსებობაზე.
პაციენტი გადაიყვანეს კათეტერიზების ლაბორატორიაში, სადაც ჩატარდა კორონაროგრაფია (გულის სისხლძარღვების დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდად კორონაროგრაფია ითვლება. ამ კვლევით ირკვევა გულის მკვებავი კორონარული არტერიების შევიწროების ადგილი და ხარისხი), რომლის შედეგად გამოვლინდა კორონარული სისხლძარღვების მძიმე დაზიანებები.
კომენტარი ვთხოვეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს რუსუდან ზალუაშვილს.
„გულის მკვებავი ზოგიერთი სისხლძარღვი ნაწილობრივ იყო დახშული, შევიწროებული, ზოგიერთი კი მთლიანად დახშული, მაგალითად, წინადაღმავალი არტერია დიფუზურად იყო დაზიანებული, ფიქსირდებოდა შუა სეგმენტის 50%–იანი სტენოზი, რაც შეეხება შემომხვევ არტერიას – ისიც დიფუზურად იყო დაზიანებული, I მარგინალური ტოტი – 90% სტენოზი. მარჯვენა კორონარული არტერია – პროქსიმალურად ოკლუზირებული. გულის კუნთი იკვებებოდა კოლატერალური ნაკადით. არსებული მდგომარეობის გამო სტენტირების ჩატარება ან კარდიო–ქირურგიული ჩარევა შეუძლებელი იყო. მკურნალობა გაგრძელდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდა ინტენსიური თერაპიის სრული კურსი. მოხერხდა არტერიული წნევის სტაბილიზება, შეწყდა ინოტროპული მხარდაჭერა და პაციენტი გადაყვანილ იქნა კარდიოლოგიური განყოფილების პალატაში, საიდანაც გაუმჯობესებული მდგომარეობით რამდენიმე დღეში გაეწერა ბინაზე, შესაბამისი რეკომენდაციითა და დანიშნულებით“, – განაცხადა ქალბატონმა რუსუდანმა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!