ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ის შედის უჯრედების პლაზმური მემბრანის შემადგენლობაში. ქოლესტერინი აუცილებელი სუბსტანციაა სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნისთვის, ნაღვლის მჟავებისა და D ვიტამინის გამომუშავებისთვის. აუცილებელია ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
საერთო ქოლესტერინი იყოფა ფრაქციებად: დაბალი სიმკვრივის, ცუდი ქოლესტერინი და მაღალი სიმკვრივის – კარგი ქოლესტერინი, რომელთა შორის არსებული დისბალანსიც საჭიროებს გამოსწორებას.
ქოლესტერინის ცვლის დარღვევა (იგულისხმება ცუდი ქოლესტერინის სიჭარბე და/ან კარგის დაქვეითება) იწვევს ათეროსკლეროზს. ამ დროს სისხლძარღვის კედელზე წარმოიქმნება ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც ხელს უშლის სისხლის განვლადობას, ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალების რისკს.
ქოლესტერინის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა რისკ–ფაქტორებმა როგორიცაა: ასაკი (ძირითადად 40 წელს ზემოთ), სქესი (მამაკაცებში უფრო ხშირია), გენეტიკური განწყობა (ოჯახური ანამნეზი), თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, არასწორი კვება, უმოძრაობა. ასევე შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შედეგად.
რომელ საკვებს უნდა მოვერიდოთ ჭარბი ქოლესტერინის პრევენციისთვის, რომელი პროდუქტები ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და როგორ მკურნალობენ ამ პრობლემას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე.
„ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ხდება პაციენტის ანამნეზის და რისკ–ფატორების შეფასება, ტარდება კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები. ამის შემდგომ ინდივიდუალურად ვარჩევთ მკურნალობის ტაქტიკას: ჯანსაღი ცხოვრების წესს, კვების ინდივიდუალურ რაციონს, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ვრთავთ მედიკამენტურ თერაპიას“, – აცხადებს ენდოკრინოლოგი.
– რომელ საკვებს უნდა მოვერიდოთ ჭარბი ქოლესტერინის პრევენციისთვის და რა უნდა მივირთვათ მის დასაქვეითებლად?
– სასურველია, კვების რაციონში შეზღუდოთ ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები. თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, კვების რაციონის საერთო კალორაჟის 50% ნახშირწყლებზე, 20% ცილებზე, ხოლო ცხიმებზე არა უმეტეს 30%–ისა უნდა მოდიოდეს. ნაჯერი და ტრანსცხიმები საერთო კალორაჟის 10%–ზე ნაკლები უნდა იყოს.
მამაკაცები საშუალოდ დღის განმავლობაში უნდა იღებდნენ ნაჯერ ცხიმებს არაუმეტეს 30 გრამისა, ხოლო ქალები არაუმეტეს 20 გრამისა.
მაღალი ნაჯერი ცხიმების შემცველობით ხასიათდება შემდეგი ტიპის პროდუქტები:
- ხორცის ქონიანი ნაჭრები;
- ხორცის პროდუქტები, ძეხვეული და ხორციანი ღვეზელები და ა.შ;
- კარაქი, ცხოველური წარმოშობის ერბო და ღორის ქონი;
- ყველი, განსაკუთრებით კი მაგარი ყველი;
- არაჟანი, ნაღები და ნაყინი;
- ბისკვიტები, ნამცხვრები და ცხოველურ ცხიმზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი.
ნაჯერი ცხიმების მსგავსად, ტრანსცხიმებსაც შეუძლიათ სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება და ამის გამო რეკომენდირებული დასაშვები ენერგიის რაოდენობა მიღებული ტრანსცხიმებისგან, არ უნდა აღემატებოდეს მთელი ჩვენი მიღებული ენერგიის 2%–ს.
ტრანსცხიმებს უმეტესწილად მოჭარბებით შეიძლება შეიცავდნენ: ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმები, მცენარეული მარგარინების და ცხიმის შემცველი პროდუქტები
ცხიმები, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ მეტი რაოდენობით (უჯერი ცხიმები).
გახსოვდეთ, რომ ყველა სახის ცხიმი არ არის საზიანო ორგანიზმისთვის, პირიქით ზოგიერთი ცხიმი აუცილებელია და ზოგჯერ მეტის მიღებაცაა საჭირო.
ნაჯერი ცხიმების უჯერით ჩანაცვლება შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს სისხლში ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებაში და კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდაში.
უჯერი ცხიმები, როგორიცაა ე.წ. ომეგა 3, ცნობილი როგორც აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, გვხვდება შემდეგ პროდუქტებში:
- ცხიმოვანი თევზები, როგორიცაა ორაგული, სარდინები და სკუმბრია;
- თხილი, მიწისთხილი, მზესუმზირა, კაკაო და ა.შ;
- მზესუმზირის და ზეითუნის ზეთები;
- უჯერი ცხიმები გვხვდება ხილსა და ბოსტნეულშიც.
ზოგიერთ პროდუქტს ცუდი ქოლესტერინის შემცირება შეუძლია, მაგალითად:
- ავოკადოს;
- ჩაის;
- ნიგოზს;
- თევზს;
- შავ შოკოლადს;
- სოიოს;
- ლობიოს;
- ხილს (ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ლიმონი, კენკრის სმუზი);
- ბოსტნეულს (განსაკუთრებით სასარგებლოა ბადრიჯანი).
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგს ანა ჭოხონელიძეს ნომერზე 595 57 43 17
გისურვებთ ჯანმრთელობას!