ბელგიაში ქირურგიის ეროვნული ცენტრის დამფუძნებლისა და დირექტორატის სამუშაო ვიზიტი შედგა.
ამერიკული კომპანია „ვარიანის“ ოფიციალური მიწვევით „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა ბაზაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეა გამეზარდაშვილი და რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ სოკურაშვილი ლევენის საუნივერსიტეტო კვლევით კლინიკას სტუმრობდნენ.
მოგეხსენებათ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი), უახლესი სხივური ამაჩქარებლებით და ვიზიტის ფარგლებში აღნიშნულმა კომპანიამ კლინიკის წარმომადგენლებს სხივური თერაპიისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ულტრათანამედროვე აპარატი Halcyon წარუდგინა, რომლის დახმარებითაც რადიაციულ ონკოლოგებს საშუალება ეძლევათ უფრო სწრაფად და ხარისხიანად ებრძოლონ ონკოლოგიურ დაავადებებს.
როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ სოკურაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი იყო. მისი თქმით, შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დეპარტამენტი სწორი გზით ვითარდება.
ორივე მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ერთმანეთისთვის ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს.
სხივური თერაპია სიმსივნეზე მოქმედებს ადგილობრივად კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. ის პაციენტს ენიშნება როგორც რადიკალურ (განკურნების მიზნით), ისე ნეოადიუვანტურ (წინასაოპერაციო მომზადებისთვის), ადიუვანტურ (პოსტოპერაციულ პერიოდში დამხმარე თერაპიად) და პალიატიურ (სიმსივნისგან გამოწვეული სიმპტომატიკის შესამცირებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად) რეჟიმში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი მკაცრად გაწერილი საერთაშორისო გაიდლაინებით ხელმძღვანელობს.
რადიოთერაპიის დეპარტამენტში წარმატებით ხორციელდება ე.წ. სამედიცინო ტურიზმი. ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ კლინიკას არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც სტუმრობენ.
მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომლის გამოყენებაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე დაავადებულთა სულ მცირე 50%–ს ესაჭიროება.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოთერაპიის დეპარტამენტის დაარსების დღიდან კვალიფიციური სამედიცინო კადრებისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არაერთმა პაციენტმა ისარგებლა მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!