კუჭ–ნაწლავის დაავადებებს შორის გასტრიტი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
გასტრიტით საქართველოში ბევრი ადამიანი იტანჯება.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფორმას. მწვავე გასტრიტი ტკივილით, სისხლდენითა და სხვა სიმპტომებით გამოიხატება. მწვავედ მიიჩნება პროცესი, რომლის დროსაც დაავადება ახლად განვითარებულია და ის რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, მაშინ როცა ქრონიკული პროცესის დროს დაავადება თვეები და წლები გრძელდება.
ჩვენი რესპონდენტია ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგი, ეკა ზალიკიანი. ქალბატონი ეკა ჩვენს მკითხველს არაერთ სასარგებლო რეკომენდაციას აწვდის.
– რა სიმპტომები აღენიშნება გასტრიტს?
– გასტრიტის კლინიკური გამოვლინება მეტად მრავალფეროვანია. პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ყრუ ან მწვავე ტკივილი ან წვა ეპიგასტრიუმის არეში, ასევე ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს გულ-მკერდის არეს. პაციენტი უჩივის გულძმარვას, გულისრევას, ღებინებას, ტემპერატურის მატებას, სიმძიმის შეგრძნებას საკვების მიღების შემდეგ. გასტრიტისთვის დამახასიათებელია შებერილობა, ბოყინი, მწარე ან უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, დეფეკაციის ცვლილებები და ა.შ
– გთხოვთ, განგვიმარტეთ გასტრიტის გამომწვევი რისკ–ფაქტორების შესახებ.
– გასტრიტის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის აღსანიშნავია ბაქტერია – ჰელიკობაქტერ პილორი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, კვების რეჟიმის დარღვევა, ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელები, თამბაქო, სწრაფი კვების ობიექტებში ხშირი სტუმრობა, მედიკამენტები, სტრესი, მოგზაურობა და ა.შ.
– კვების რაციონი, რომელიც გასტრიტს იწვევს?
– გასტრიტის განვითარებაში საკვები რაციონი ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რას მივირთმევთ და რამდენად ჯანსაღად ვიკვებებით. გასტრიტის გამომწვევი შეიძლება იყოს მჟავე, მწარე, ცხარე საკვები პროდუქტები, სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები, შებოლილი პროდუქტი, კონსერვები, ასევე ენერგეტიკული სასმელი, ალკოჰოლი, ზოგიერთი გაზიანი გამაგრილებელი სასმელი და სხვა.
– შესაძლებელია თუ არა გასტრიტის პრევენცია?
– რასაკვირველია, გასტრიტის პრევენცია შესაძლებელია! სასურველია, დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოვიწესრიგოთ კვების რეჟიმი, ვიკვებოთ ხშირად მცირე ულუფებით, მოვერიდოთ ისეთ მავნე ფაქტორებს როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი საკვები პროდუქტები და ა.შ.
– როგორ მკურნალობთ გასტრიტს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– გასტრიტის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მისი დიაგნოსტირება. გასტრიტის დიაგნოზის დადგენა ხდება ენდოსკოპიური მეთოდით, გასტროდუოდენოსკოპიით და ბიოფსიური მასალის აღებით. ჩვენს კლინიკაში ეს კვლევა ტარდება ყოველდღიურ რეჟიმში თანამედროვე აპარატით, რომელიც საშუალებას იძლევა არამარტო გასტრიტის დიაგნოზის დასმის, არამედ საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტი მთლიანად – საყლაპავიდან 12–გოჯა ნაწლავის ჩათვლით. საუბარია იაპონური ფირმის ულტრათანამედროვე აპარატზე OLYMPUS–ზე. გარდა ამისა ეს აპარატი საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ნაწლავი კოლონოსკოპიური კვლევის მეშვეობით. რაც შეეხება გასტრიტის მკურნალობას, ეს დამოკიდებულია გამომწვევ მექანიზმზე. თუ გასტრიტი გამოწვეულია ჰელიკობაქტერიით, უნდა მოხდეს ამ ბაქტერიის ერადიკაცია ანუ განადგურება. მედიკამენტოზური გასტრიტის დროს საჭიროა დაავადების გამომწვევი მედიკამენტების მიღების შეწყვეტა და სამკურნალო საშუალებების დანიშვნა და ა.შ.
– რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
– თუ გსურთ, რომ გასტრიტმა არ შეგაწუხოთ, აუცილებლად იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომელიც პირველ რიგში მოიცავს სწორ კვებას, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რაციონს. მოერიდეთ ისეთ მავნე ფაქტორებს როგორიცაა ალკოჰოლი, თამბაქო, არაჯანსაღი საკვები პროდუქტები. თუ გასტრიტის დამახასიათებელმა ჩივილებმა მაინც შეგაწუხათ, დროულად მიმართეთ ექიმს. გაითვალისწინეთ, რომ დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა თავიდან აგარიდებთ მთელ რიგ გართულებებს, რომლითაც გასტრიტი ხასიათდება.
ქალბატონი ეკა ზალიკიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსია.
გასტროენტეროლოგიაში რეზიდენტურის კურსი გაიარა სანკტ–პეტერბურგში მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო–დასავლეთ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ექიმ გასტროენტეროლოგის თანამდებობაზე 2015 წლიდან მოღვაწეობს და უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგს, ეკა ზალიკიანს ნომერზე 555 18 97 54
გისურვებთ ჯანმრთელობას!