დიუპიუტრენის კონტრაქტურა საკმაოდ ხშირი დაავადებაა.
ამ დროს ხელისგულის აპონევროზის ნაწიბუროვანი გადაგვარების გამო, პაციენტი ვერ ახერხებს მტევნის თითების ბოლომდე გაშლას. დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეცნიერები განმარტავენ, რომ დიუპიუტრენის კონტრაქტურა შესაძლოა გენეტიკური იყოს და სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, რომ თუ მშობლებს აქვთ ანალოგიური დაავადება, ყურადღებით იყოთ ხელისგულზე გაჩენილი გამკვრივებების მიმართ.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამ პათოლოგიას წარმატებით მკურნალობენ.
ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი.
– რა არის დიუპიუტრენის კონტრაქტურა?
– ხშირად გინახავთ, ადამიანს მტევნის თითები რომ ბოლომდე არ ეშლება, მოხრილ მდგომარეობაში აქვს, თან ხელისგულზე გამკვრივებები არ აძლევს საშუალებას თითები გაშალოს. ეს არის კონტრაქტურა, რომელიც პირველად აღწერილია ექიმ დიუპიუტრენის მიერ. გვხვდება ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 1,6%-ში, მოწიფულ მამაკაცთა 9,2%-ს აქვს დიუპიუტრენის კონტრაქტურა, მტევნის დაავადებების 11,8% ამ დაავადებით არის წარმოდგენილი, ამიტომ გასაგებია, რომ საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა და საყურადღებო თემაა თანამედროვე მედიცინაში.
– რა ძირითადი სიმპტომებით ხასიათდება დიუპიუტრენის კონტრაქტურა?
– ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია თანდათანობით, წლების განმავლობაში, ხელისგულზე გამკვრივებების ზრდა, რასაც მოყვება მტევნის თითების მოხრა. დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე პაციენტი მტევანს პრაქტიკულად ვეღარ იყენებს. მდგომარეობას თან ერთვის ტკივილი და შეიძლება განვითარდეს მძიმე გართულებებიც.
– რა იწვევს დიუპიუტრენის კონტრაქტურას?
– ეს საინტერესო თემაა. ვინც დაავადება აღწერა, არსში თავად ვერ გაერკვა, ეგონა, რომ მყესების დამოკლებით იყო გამოწვეული და ვითომდა ემართება იმათ, ვისაც მტევნის და განსაკუთრებით, ხელისგულის მექანიკური დატვირთვები უწევთ (მედროგეები, თოხსა და ბართან მომუშავე გლეხები და ნიჩბოსნები, ა.შ). ეს აზრი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა მართებულად, სანამ ერთგვარი სტატისტიკური მასალა არ შეგროვდა. აღმოჩნდა, რომ დიუპიუტრენის კონტრაქტურა უამრავ პაციენტს უვითარდება და მიუხედავად იმისა, რომ კალამზე და ჭიქაზე მძიმე საგანი ხელში არ სჭერიათ.
თანამედროვე მედიცინაში ცნობილია, რომ დაავადების მიზეზია ხელის გულის დამცავი აპკის გადაგვარება, დაკორძება და დამოკლება, რის გამოც მეორადად იხრება თითები. აი, თავად ეს აპკი რატომ იწყებს დაკორძებას, ამაზე საბოლოო პასუხი არ არის, ყურადღება ექცევა მემკვიდრულ ფაქტორებს.
– როგორ მკურნალობთ დიუპიუტრენის კონტრაქტურას?
– მიუხედავად იმისა, რომ წარმოქმნის მექანიზმები ბოლომდე გარკვეული არ არის, მკურნალობის შედეგები შთამბეჭდავია. ოპერაციის არსია ამ დაზიანებული, დაკორძებული აპკის ამოკვეთა. სანამ მეთოდები დაიხვეწებოდა, იყო გართულებების და დაავადების რეციდივის (დაბრუნების) საკმაო ალბათობა. დღესდღეობით ქირურგიული მეთოდები იმდენად დაიხვეწა, რომ პრაქტიკულად აღარ აქვს ადგილი ოპერაციის შემდგომ რეციდივებს და სხვა გართულებებს. პრეციზიული ტექნიკის გამოყენებით დღეს საშუალება გვაქვს ყველა მნიშვნელოვანი სტრუქტურა გამოვათავისუფლოთ დაზიანებების გარეშე, რაც კარგი შედეგის საწინდარია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამ თემაზე ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქირურგიის გრანდები, ხვეწდნენ მეთოდებს და დღესდღეობით საუკეთესო შედეგებით ვიკვეხნით.
– შესაძლებელია თუ არა დიუპიუტრენის კონტრაქტურის პრევენცია?
– თუ იცით, რომ ანალოგიური დაავადება ჰქონდა თქვენს მშობლებს ან ბაბუა-ბებიას, ყურადღებით უნდა იყოთ ხელისგულზე გაჩენილი გამკვრივებების მიმართ. თუ შეამჩნიეთ, თავიდანვე ეცადეთ ჩაიტაროთ ფიზიოთერაპიის კურსები, თუმცა მასაჟებს და ძალით “გადაწევას“ ნუ დაიწყებთ: დამტკიცებულია, რომ ამ დროს წარმოიქმნება დაზიანებული ქსოვილების მიკროტრავმები და დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს. თუ დეფორმაცია პროგრესირებს, ერთადერთი ქმედითი მეთოდია ქირურგიული მკურნალობა.
– არის თუ არა ეს დაავადება გენეტიკური?
– დადგენილია, რომ ამ დაავადების გაჩენის ალბათობა ბევრად მაღალია იმ შემთხვევაში თუ დიუპიუტრენის კონტრაქტურა წინაპრებს ჰქონდათ, ამიტომ საუბარია მემკვიდრულ მიდრეკილებაზე.
– რა გამოცდილება აქვს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს დაავადების მკურნალობაში?
– კლინიკაში 3000-ზე მეტ პაციენტს აქვს ჩატარებული ეს ჩარევა. ბოლო ათწლეულში ტექნიკის დახვეწის წყალობით გართულებების ალბათობა პრაქტიკულად ნულზეა დაყვანილი.
– გთხოვთ, ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენოთ საინტერესო შემთხვევა.
– მამაჩემი, ტრისტან ფერაძე იყო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი წამყვანი მიკროქირურგი. მუშაობდა მოსკოვში საკავშირო ცენტრში, ხელმძღვანელობდა მიკროქირურგიული განყოფილების სამეცნიერო ნაწილს. ჰყავდა მოსწავლეები უცხოეთიდან, მათ შორის გერმანიიდან. ერთი მათგანი, ჰანს ტრიოგერი წარმატებულ ქირურგად ჩამოყალიბდა და ამჟამად ხელმძღვანელობს ბაზელში ხელის ქირურგიის დიდ ცენტრს. ხოლო მაშინ, როდესაც ეს ამბავი ხდებოდა, იყო მოსწავლე.
ბაბუას, მამაჩემის მამას, ჰქონდა დიუპიუტრენის კონტრაქტურა. ერთი მომენტი უკვე ისე გართულდა, რომ ხელში ვერაფერს იკავებდა. მამაჩემს ბევრჯერ უთქვამს, საოპერაციოაო, მაგრამ ხომ გაგიგიათ „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“. ბაბუაჩემი ოპერაციის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. მაშიმ მამამ ხრიკი იხმარა. ეუბნება თურმე „გერმანელ პროფესორს რომ გავაკეთებინო ხომ გაიკეთებო?“ – ბაბუაც დათანხმდა. ჩამოიყვანა მამაჩემმა თავისი მოსწავლე, ჰანს ტრიოგერი. საქართველოში გამასპინძლების ამბავი მოგეხსენებათ. სასტიკი ნაბახუსევის გამო გერმანელი სტუმარი საწოლიდან ვერ დგებოდა. ბაბუაჩემს კი ოპერაცია, რა თქმა უნდა, თვითონ მამამ გაუკეთა. ბაბუა ცხოვრების ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ოპერაცია გერმანელმა გაუკეთა. ყველას აჩვენებდა შედეგს – „აი, რა კარგად მაქვს ხელები, ჩვენთან რა იციან ასეთი ქირურგიაო“.
ასე რომ დიუპიუტრენის კონტრაქტურასთან დაკავშირებით სახალისო ოჯახური მოგონება მაქვს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!