ყურის ტკივილი, იგივე ოტალგია ყურიდან მომდინარე დისკომფორტია, რომელიც ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რიტმს არღვევს.
განარჩევენ პირველად და მეორეულ ოტალგიას. ოტალგია პირველადია, როდესაც ყურის ტკივილის მიზეზი საკუთრივ ყურია, მეორეული, როდესაც ტკივილის მიზეზი ყური არ არის.
პირველადი ოტალგიის გამომწვევი მიზეზებია: ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია, გარეთა ყურისა და შუა ყურის ანთება, უცხო სხეულის მოხვედრა ყურში, ტრავმა (ბაროტრავმა). მეორეული ოტალგიის გამომწვევია: საფეთქელ–ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, სტომატოლოგიური მიზეზები (კარიესი, პულპიტი), ფარინგიტი ან ტონზილიტი, ხერხემლის კისრის ნაწილის ართრიტი, ნევრალგიები (სამწვერა, ენა–ხახის), სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგია (ყბაყურა), ფსიქოგენური (დეპრესია, შფოთვა) და სხვა.
ყურის ტკივილის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოტო–რინო–ლარინგოლოგი რუსუდან კონცელიძე.
–ქალბატონო რუსუდან, როგორც წესი პაციენტების ნაწილს ურჩევნია, ყურის ტკივილს უმკურნალოს სახლის პირობებში, თუმცა რასაკვირველია, ეს მდგომარეობა ექიმის დროულ ჩარევას საჭიროებს. ვიდრე პაციენტი ოტო–რინო–ლარინგოლოგს მიმართავს რას ურჩევთ, როგორ გაიყუჩოს ყურის ტკივილი ან რა არის კატეგორიულად აკრძალული ამ დროს?
– პაციენტს შეუძლია გამოიყენოს ყურის ანთებისთვის განკუთვნილი წვეთები, მაგრამ თუ არის ყურიდან გამონადენი (ანუ შესაძლებელია იყოს დაფის აპკის პერფორაცია) კატეგორიულად აკრძალულია სპირტის შემცველი ყურის წვეთების გამოყენება!
რეკომენდებულია მშრალი სითბო ყურის არეში, თანმხლები სურდოს დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ ცხვირის წვეთებით (დოზირებულად ჩაწვეთება), სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები).
კატეგორიულად დაუშვებელია ანტიბიოტიკით თვითნებურად მკურნალობა!
თუ 2–3 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და ტკივილი არ გაყუჩდა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმ ოტო–რინო–ლარინგოლოგს.
–განგვიმარტეთ რა არის ოტიტი, ყურის ანთება და ყურის ტკივილის გარდა ახასიათებს თუ არა სხვა სიმპტომები?
– არსებობს გარეთა და შუა ყურის ანთება. გარეთა ოტიტი უმეტესად ზაფხულობით იჩენს თავს და ხშირად ცურვის შემდეგ. მისი მიზეზია სასმენი არხის კანის დაზიანება და ინფიცირება. შუა ყურის ანთება – უპირატესად დაფის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, ჩვეულებრივ ინფექციური ხასიათის. ხშირია ზამთარში და თან სდევს ზედა სასუნთქი გზების ინფექციას.
ყურის ტკივილის გარდა, ოტიტის დროს ვლინდება სხვა სიმპტომებიც: ტემპერატურის მომატება, სურდო, უგუნებობა, მადის დაკარგვა, სმენის დაქვეითება, ზოგჯერ ხმაური ყურში, შესაძლებელია გამონადენი ყურიდან, რომელიც ჩნდება დაფის აპკის პერფორაციის (ე.წ. გახვრეტის) შემდგომ.
–რას გვეტყვით ყურის ანთების გამომწვევ მიზეზებზე და მდგომარეობა უკავშირდება თუ არა ყოველთვის სიცივეს?
– შუა ყურის ანთების გამომწვევი ძირითადი მიზეზია ცხვირ–ხახიდან ანთებითი პროცესის, ინფექციის გავრცელება შიგნითა სასმენ ლულაზე (ე.წ. ევსტაქის ლულა). ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ვირუსები (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია), სტრეპტოკოკო–სტაფილოკოკური ასოციაცია, ბავშვებში პნევმოკოკი.
ზამთრის სეზონზე, რასაკვირველია, იზრდება ყურის ანთების შემთხვევები – ზოგადი და ლოკალური გადაციების ფონზე (გაციების ფონზე) მატულობს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის განვითარების რისკი.
–როდის არის ყურის ანთების განვითარების ალბათობა ყველაზე მაღალი?
– უმთავრესად ბავშვთა ასაკში 6–დან 18 თვემდე, ანატომიური თავისებურებების გამო. ამ ასაკში სასმენი ლულა ფართეა და მოკლე, ამიტომ ინფექცია ცხვირ–ხახიდან ადვილად ვრცელდება დაფის ღრუში. გარდა ამისა ბავშვთა ასაკში ხშირ ოტიტებს იწვევს ბავშვთა ინფექციური დაავადებები, ადენოიდები.
–როგორ ვითარდება ყურის ანთება (ოტიტი) გრიპის დროს?
– ხშირად შუა ყურის ანთება ვითარდება გრიპის (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია) დროს, როგორც გართულება. ინფექცია ცხვირის ღრუდან, ცხვირ–ხახიდან შიგნითა სასმენი ლულის გავლით ან ჰემატოგენური გზით ვრცელდება დაფის ღრუში და შედეგად ვითარდება ოტიტი. გრიპის დროს ოტიტი მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციის ფონზე, ამიტომ უფრო მძიმეა. შეიძლება განვითარდეს ქალას შიდა გართულებები (მენინგიტი).
–როგორ მკურნალობთ ყურის ტკივილს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ვადგენთ სრულ ანამნეზს, ვატარებთ რინო–ფარინგო–ოტოსკოპიას. კლინიკაში პაციენტი სარგებლობს ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრით. დიაგნოსტირების ეს მეთოდები გვაძლევს სწორი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას.
–ქალბატონო რუსუდან, ზამთარში, სიცივეში, ყურის ტკივილის რისკი იზრდება, როგორ დავიცვათ თავი, როგორია თქვენი რეკომენდაცია?
– რეკომენდებულია ჩაიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, დაიცავით ზოგადი ჰიგიენური რეჟიმი, რეგულარულად დაიბანეთ ხელები, ვიტამინებით მდიდარი საკვები მიიღეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, აუცილებელია ცხვირის ღრუსა და პარანაზალური წიაღების ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა, საცურაო აუზში არ იცუროთ ყურის საცობების გარეშე, იშვიათად გამოიყენეთ ყურის ჩხირი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოტო–რინო ლარინგოლოგს რუსუდან კონცელიძეს ნომერზე 599 31 83 92.
გისურვებთ ჯანმრთელობას!