ქიმიოთერაპიის როლი სიმსივნესთან ბრძოლის პროცესში

ქიმიოთერაპიის როლი სიმსივნესთან ბრძოლის პროცესში

ქიმიოთერაპია სიმსივნის მედიკამენტური მკურნალობის მეთოდია.

ქიმიოთერაპიის მიზანია გაანადგუროს სწრაფად მზარდი ავთვისებიანი უჯრედები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქიმიოთერაპიის განყოფილებაში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად.

ქიმიოთერაპიის მნიშვნელობაზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ონკოლოგიის მიმართულების ექიმი ქიმიოთერაპევტი.

– გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ რა არის ქიმიოთერაპია?
– ოპერაციისა და სხივური თერაპიისგან განსხვავებით მისი მოქმედება სისტემურია, ანუ ქიმიოთერაპია ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს როგორც ადგილობრივად, ასევე მთელი ორგანიზმის მასშტაბით. სიმსივნის საწინააღმდეგო წამლებს უწოდებენ აგრეთვე ციტოტოქსიკურს (უჯრედის მომწამვლელს), ციტოსტატიკურს (უჯრედის გაყოფის შემაჩერებელს). ონკოლოგიურ პრაქტიკაში ქიმიოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომპლექსურად ოპერაციულ, სხივურ, იმუნო და ჰორმონოთერაპიასთან ერთად.

– რა უპირატესობა აქვს ქიმიოთერაპიულ მკურნალობას?

– ძირითადად ქიმიური პრეპარატები უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეჰყავთ. სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მეთოდებთან შედარებით რიგ შემთხვევაში
სწორედ ეს იძლევა უპირატესობას. ქირურგიული ან სხივური თერაპიის დროს ხშირად ვერ ხერხდება ყველა სიმსივნური უჯრედის მოცილება, მათი მოქმედება მიმართულია ერთი კონკრეტული ადგილისკენ. ეს იმით აიხსნება, რომ სიმსივნური უჯრედების გარკვეული ჯგუფი შესაძლოა მოშორდეს პირველად სიმსივნეს და სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით მოხვდეს ორგანიზმის ამა თუ იმ ნაწილში, სადაც შემდგომ დაიწყებს ზრდას და წარმოქმნის მეორეულ სიმსივნეს - მეტასტაზს. ვინაიდან ქიმიური პრეპარატები გადაადგილდება იმავე გზით, მათ შეუძლიათ დაშალონ ან დააზიანონ ეს უჯრედები ან მეორეული სიმსივნეები ორგანიზმის ნებისმიერ უბანში.

– როდის ინიშნება ქიმიოთერაპიის კურსი?
– მკურნალობა ციტოსტატიკური აგენტებით რეკომენდირებულია:
ნეოადიუვანტურ რეჟიმში - სიმსივნის მოცულობის შესამცირებლად
ადიუვანტურ რეჟიმში - ოპერაციის შემდგომ რათა თავიდან ავიცილოთ ადგილობრივი და შორეული მეტასტაზირება
მეტასტაზურ რეჟიმში - სიმსივნური პროცესის შესაჩერებლად ან სიმსივნით გამოწვეული სიმპტომების (მაგალითად, სიმსივნის ზეწოლით გამოწვეული ტკივილის, ინტოქსიკაციის და სხვა) შესამსუბუქებლად.

– რამდენად ეფექტურია ქიმიოთერაპია?
– ქიმიოთერაპიის ეფექტურობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, მდებარეობაზე, განვითარების სტადიაზე, ავადმყოფის საერთო მდგომარეობაზე და სხვა. არსებობს კიბოს რამდენიმე ტიპი, რომლებიც მხოლოდ ქიმიოთერაპიით ინკურნება, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტეს შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ამ დროს ქიმიოთერაპია ტარდება სიმსივნის ზრდის შესაჩერებლად ან სიმსივნით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად. ქიმიოთერაპიის ნაკლებ წარმატებული მოქმედება ამ შემთხვევებში განპირობებულია იმით, რომ სიმსივნურ უჯრედებს პრეპარატების მიმართ ჩამოუყალიბდათ მდგრადობა ან კიდევ ზოგიერთი კიბოს უჯრედი ქიმიოთერაპიის მიმართ თავიდანვე მდგრადია.

– როგორ ხდება ქიმიური პრეპარატების შეყვანა?
– სამი მეთოდით: სისტემურად, რეგიონულად და ლოკალურად, როგორც პერორალურად (დალევით), ასევე ინტრავენურად (ვენაში შეყვანით). ამ უკანასკნელი მეთოდის მიზანია აქტიური ქიმიური პრეპარატების უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრა, რათა ქიმიური ნივთიერებები მივიდეს კიბოს უჯრედებამდე, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ისინი. ზოგჯერ ქიმიური პრეპარატები შეჰყავთ უშუალოდ ორგანიზმის სპეციფიურ უბანში, მაგალითად, პირდაპირ კუჭში ან ზურგის ტვინის სითხეში. ამ მეთოდის მიზანია აღნიშნულ უბანში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა. ყველაზე მარტივი მეთოდია პრეპარატის მიღება პერორალურად, ტაბლეტების ან სითხის სახით, მაგრამ ეს მეთოდი ინექციასთან შედარებით ნაკლებსაიმედოდ მიიჩნევა, რადგან ამ დროს არ არსებობს იმის გარანტია, რომ წამლის დოზის მიღებისას ორგანიზმი შეიწოვს პრეპარატის ერთსა და იმავე რაოდენობას. ამიტომ პრეპარატის შეყვანის ყველაზე გავრცელებული გზა ინტრავენურია. ამ დროს პროცედურა ტარდება ვენური ინექციის ან წვეთოვანი სახით. პროცედურა აუცილებლად უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში სტაციონარულად ან ამბულატორიულად. ქიმიოთერაპიის სიხშირე და ხანგრძლივობა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული პაციენტს რომელი ორგანოს კიბო აქვს, რა მოცულობისა, რა მორფოლოგიური შენებისა, გავრცელების რა ხარისხისა, რა გავლენას ახდენს იგი ორგანიზმზე, როგორია ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და ა.შ. ასევე გასათვალისწინებელია რა წამლების გამოყენება არის დაგეგმილი და რა შედეგები იქნება მიღებული უახლოეს პერიოდში. ქიმიოთერაპიის ხანგრძლივობა და ციკლურობა ასევე დამოკიდებულია წამლის შეყვანის გზებზე, სიჩქარესა და დოზაზე.

– რას გვეტყვით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობის მეთოდზე?
– ქიმიოთერაპიის განყოფილებაში ტარდება სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მედიკამენტური მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნო და ტარგეტული თერაპია ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმებში, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე პოლიქიმიოთერაპიის სახით. სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალობა წარიმართება როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარის პირობებში. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს პაციენტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივ მონაწილეობას.

– რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ქიმიოთერაპიის პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ?
– სიმსივნის საწინააღმდეგო წამლებისთვის დამახასიათებელია სწრაფად გამრავლებადი უჯრედების განადგურების მიზნით მათზე ზემოქმედება. ორგანიზმში ყველაზე სწრაფად იზრდება და იყოფა კიბოს უჯრედები და სწორედ მათ ანადგურებენ ქიმიოთერაპიის საშუალებით. ეს პრეპარატები ასევე დამთრგუნველად, ოღონდ ნაკლებ უარყოფითად მოქმედებენ ჯანსაღ უჯრედებზე. ყველაზე ხშირად ზიანდება სისხლის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების უჯრედები, თმის ფოლიკულები და ასე შემდეგ. განასხვავებენ ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების გამოვლენის 4 პერიოდს:

* უახლესი პერიოდის გვერდითი მოვლენები (მკურნალობიდან I კვირის განმავლობაში). ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტემპერატურული რეაქციები, მადის დაკარგვა, საერთო სისუსტე, დაღლილობა, გამონაყარი კანზე, გრიპისმაგვარი სიმპტომები.

* მოგვიანებითი პერიოდის გვერდითი მოვლენები (I კვირის ბოლოდან III კვირამდე) - ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დაკლება, ანემია და ამასთან დაკავშირებული პრობლემები (ინფექციების აღმოცენება და სისხლდენის რისკის მომატება), პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი პროცესები, ცვლილებები პერიფერიული ნერვული სისტემის და სქესობრივი ფუნქციის მხრივ.

* გადავადებული პერიოდის გვერდითი მოვლენები (მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ) - თმის ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება, გართულებები გულის, ღვიძლისა და ფილტვების, ასევე სხვა ორგანოების მხრივ.

* გადავადებული შორეული ეფექტი, რაც გამოიხატება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მეორეული კიბოს აღმოცენებით (ძალზე იშვიათად).
ქიმიური პრეპარატების ტოქსიურობა თითქმის ყველა შემთხვევაში დროებითი და მართვადი მოვლენაა, ადამიანის ორგანიზმს თავად აქვს უნარი აღიდგინოს
ანტისიმსივნური მკურნალობით მიყენებული ზიანი. ძალიან ბევრი პაციენტი ასეთ მკურნალობას ყოველგვარი პრობლემის გარეშე იტანს. ქიმიოთერაპიით დაზიანებული ჯანსაღი უჯრედების სწრაფად აღდგენაში კვებისა და სპეციალური პრეპარატების გარდა დაგეხმარებათ ექიმის მითითებების ზედმიწევნით შესრულება და ახლობლების თანადგომა. თქვენი მკურნალობა მიზანმიმართულია, ეს მოგცემთ საშუალებას ოპტიმისტურად შეხედოთ ხვალინდელ დღეს და დროულად ჩაერთოთ ყოველდღიური ცხოვრების რიტმში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!