უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ 2 წამში ერთ ადამიანს ემართება ინსულტი, ხოლო ყოველ 5 წამში ამ პათოლოგიით ერთი ადამიანი იღუპება.
ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, შრომისუუნარობის ყველაზე ხშირი მიზეზია, სიკვდილის მიზეზებს შორის კი მეორე ადგილს იკავებს.
ინსულტის დროს უმნიშვნელოვანესია დროული დახმარება. ინსულტის მართვისას, რომ დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ასევე აუცილებელია პაციენტის ისეთ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, როგორიც ქირურგიის ეროვნული ცენტრია, კონკრეტული შემთხვევა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრის ექიმებმა პაციენტს ინოვაციური მეთოდით უმკურნალეს – პაციენტი თრომბოლიზისისა და თრომბექტომიის კომბინაციის შედეგად გადარჩა.
მოხარულნი ვართ შეგახსენოთ, რომ მკურნალობის ეს ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მეთოდი საქართველოში პირველად სწორედ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განხორციელდა, ხოლო თბილისის მასშტაბით, პირველი წარმატებული თრომბოლიზისიც სწორედ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შეიყვანეს 68 წლის პაციენტი მეტყველების გაძნელებით, სახის ასიმეტრიით. უჩიოდა სისუსტეს მარცხენა ხელ–ფეხში, პერიოდულად იყო დეზორიენტირებული დროსა და სივრცეში, შესაბამისად, სრულყოფილად ჩივილებს ვერ განმარტავდა.
როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგმა ეკა ხუჯაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, კლინიკის ინსულტის ცენტრის გუნდმა ინსულტის ტიპისა და გენეზის დასადგენად რიგი კვლევები ჩაატარა.
„დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით, ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება პერფუზიის ფუნქციით უპირობო ლიდერია ინსულტის დიაგნოსტირებაში. კვლევის ამ მეთოდით კაპილარულ დონეზე შევისწავლით ცერებრულ ჰემოდინამიკას, დაავადების განვითარების პირველივე წუთებიდან შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის, იშემიის ზონის გამოვლენა და პენუმბრის (დაქვეითებული სისხლის მიმოქცევის ან მარგინალური ზონების) განსაზღვრა. ასევე ჩატარდა მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ანგიორეჟიმით უკონტრასტო FLAIR რეჟიმით. ეს მეთოდი იშემიური ინსულტის უმწვავესი პერიოდის განსაზღვრაში გვეხმარება. სწორედ ანგიორეჟიმით დადასტურდა მარჯვენა არტერიის სრული ოკლუზია. კვლევების საფუძველზე დავგეგმეთ მკურნალობის ტაქტიკა. თრომბოლიზისი დაწყებულ იქნა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. ასევე დავიწყეთ თრომბექტომია ოკლუზირებული სისხლძარღვის გახსნის მიზნით, რის გამოც პაციენტი გადავიყვანეთ კათეტერიზების ლაბორატორიაში“, – განაცხადა ქალბატონმა ეკა ხუჯაძემ.
თრომბოლიზისი თრომბის დაშლას ნიშნავს. ამ მეთოდით იშლება თავის ტვინის სისხლძარღვში ჩაჭედილი თრომბი, ხდება სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას. მკურნალობისთვის გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი – აქტილიზეს (ალტეპლაზა) სახელწოდებით, რომელსაც ინსულტის განვითარებიდან პირველ 4,5 საათის განმავლობაში შეუძლია თრომბის დაშლა, შემდეგ მისი გამოყენების მიზანშეწონილობა მცირდება. ამიტომ აუცილებელია, პაციენტი რაც შეიძლება მალე მოთავსდეს ინსულტის ცენტრში. რაც უფრო ადრე დაიწყება თრომბოლიზისი, მით უკეთესი იქნება შედეგი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი ნიკა კვერნაძე განმარტავს, რომ თრომბოლიზისის გარეშე შესაძლოა ლეტალური შედეგი დამდგარიყო.
„დიახ, თრომბოლიზისს ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო ძირითადი, საბაზისო მკურნალობა და პაციენტისთვის პრემიალური გადაწყვეტილება. თრომბოლიზისი დროულად უნდა ჩატარდეს! ჩივილების დაწყებიდან ის პირველი 4,5 საათი ნამდვილად გადამწყვეტია. საბედნიეროდ, პაციენტი დროულად მოიყვანეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. უკონტრასტო მაგნიტურ–რეზონანსული კვლევით ანგიორეჟიმით განისაზღვრა თრომბული მასის ადგილმდებარეობა და ოკლუზია, რის შემდეგადაც ჩვენების საშუალებით, გადავწყვიტეთ, თრომბოლიზისის პარალელურად თრომბექტომია ჩაგვეტარებინა. პაციენტი გადავიყვანეთ კათეტერიზების ლაბორატორიაში. მკითხველისთვის მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, განვმარტავ – როდესაც დიდი ზომის თრომბია, მხოლოდ თრომბოლიზისი საკმარისი არ არის და სრული რეკანალიზებისთვის აუცილებელია თრომბექტომია.
დროული ჩარევის შედეგად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურ მდგომარეობაშია, ადეკვატური, ორიენტირებული, მინიმალური ნევროლოგიური დეფიციტით. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის ინსულტის სიმპტომების შესახებ და ვერ აცნობიერებს დროის ფასს. ინსულტის სიმპტომებია: სახის ასიმეტრია, მეტყველების გაძნელება, სისუსტე კიდურებში, ძლიერი ხასიათის თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა. ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იქ, სადაც ინსულტის ცენტრია“, – აცხადებს ბატონი ნიკა კვერნაძე.
როგორც უკვე მოგახსენეთ, თრომბოლიზისთან ერთად პაციენტს ასევე ჩაუტარდა თრომბექტომია, სრული რეკანალიზებით, რის შედეგადაც ნევროლოგიური დეფიციტის ხარისხი მნიშვნელოვნად რეგრესირდა.
როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევით იდენტიფიცირდება ოკლუზირებული (დახშული) სისხლძარღვი და განისაზღვრება თრომბული მასის მასშტაბი, განიხილება თრომბექტომიის საკითხი. თრომბექტომია ტარდება მსხვილი კალიბრის სისხლძარღვთა ოკლუზიის დროს. თუმცა სისხლძარღვთა სრული რეკანალიზებისთვის ზოგჯერ მხოლოდ თრომბოლიზური თერაპია საკმარისი არ არის და საჭირო ხდება კომბინირებული მკურნალობა. სწორედ ასეთი მდგომარეობა იყო ამ კლინიკურ შემთხვევაში.
პაციენტს თრომბექტომია ჩაუტარა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ეგუტიძემ. ბატონმა გიორგიმ განგვიმარტა, რომ თრომბექტომია სისხლძარღვშიდა მანიპულაციაა, რომლის საშუალებითაც ქირურგს სისხლძარღვიდან თრომბული მასები გამოაქვს.
„პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ შემოიყვანეს. სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი იყო გასული. ჩემმა კოლეგებმა უკვე მოგახსენეს, რომ ჩატარებული კვლევებით დიაგნოსტირდა მარჯვენა შუა არტერიის სრული ოკლუზია, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ თავის ტვინის ცენტრალური მაგისტრალური სისხლძარღვი სრულად იყო დახშული. ეს მდგომარეობა ძირითადად განაპირობებს კატასტროფულ შედეგებს, ღრმა ინვალიდობის რისკიდან დაწყებული ხანგრძლივი რეანიმაციული პროცესებით დამთავრებული. მყისიერად მოხდა რეაგირება. თრომბექტომია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თრომბული მასა გარეთ გამოვიტანეთ, ანუ სისხლძარღვი გავათავისუფლეთ. ბარძაყის მიდამოდან ჩხვლეტით ჩავატარეთ სისხლძარღვშიდა მანიპულაცია. ოპერაცია გაკეთდა ანგიოგრაფის კონტროლით. ეს არის მინიინვაზიური ჩარევა, რომელსაც სჭირდება ადგილობრივი ანესთეზია. პაციენტი კონტაქტურია, გონზეა, კიდურებში მოძრაობა აღდგა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია“, – განაცხადა ქირურგმა.
ზუსტად 4 დღეში პაციენტი გაეწერა ბინაზე. პაციენტი სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერი შეხვდა ახალ წელს, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ერთეული აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალი ნეიროქირურგებითა და ნევროლოგებით.
კლინიკის ინსულტის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას იმ თანამედროვე მეთოდებით, რაც დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.
ინსულტის ცენტრს საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU-ს წარმოების ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12. ეს აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!