ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ჯომარდობას ყოველთვის მოუთმენლად ელიან.
ღონისძიება მხიარულებით, ადრენალინითა და წარუშლელი შთაბეჭდილებებითაა გაჯერებული და რა გასაკვირია, რომ მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
ტრადიცია არც წელს დაირღვა და ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სპორტული, ენერგიული, ხალისიანი თანამშრომლები არაგვის ხეობისკენ გაემართნენ. თანამშრომელთა ნაწილმა მდინარის ზვირთებთან ჭიდილი გადაწყვიტა, სხვები კი საგულშემატკივროდ მოემზადნენ.
13 ივლისს ჯომარდობაში მონაწილეობდა „ავერსის“ ჯგუფის წევრი რამდენიმე ორგანიზაცია.
წლევანდელი ჯომარდობა ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა ქირურგიის ეროვნული ცენტრისთვის – კლინიკამ პირველობა არავის დაუთმო და „ავერსის თასის“ მფლობელი გახდა.
ორგანიზატორებმა არაფერი დაიშურეს იმისთვის, რომ ღონისძიებაში მონაწილე ყველა ადამიანს თავი კომფორტულად ეგრძნო. ჯომარდობის შემდეგ მხიარულებამ ხმელეთზე გადაინაცვლა. ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა სპორტულ გასართობ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა.
კლინიკამ თანამშრომლებისთვის სიურპრიზი მოამზადა; სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიკერა მაისურები ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და „ახალი სიცოცხლის“ ლოგოებით.
როგორც თანამშრომლებმა ჩვენთან ინტერვიუში განმარტეს, ადრენალინისა და ენერგიის მოზღვავება იგრძნეს, განიტვირთნენ და გაერთნენ.
ეს ლამაზი დღე ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლებს დიდხანს ემახსოვრებათ.
ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია Pulsi TV.
გისურვებთ ჯანმრთელობას!