დღეს, მედიცინა განვითარდა და თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ ინოვაციური მეთოდების დახმარებით კიბოს განკურნება შესაძლებელია.
თუ წლების წინ საზოგადოების ნაწილი ამ დიაგნოზს განაჩენად აღიქვამდა, დღეს, ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი.
ხშირად, პაციენტისთვისა და მისი ახლობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოისმინონ ისტორია ადამიანზე, რომელიც კიბოსგან განიკურნა ან იმედითა და შემართებით ებრძვის დაავადებას, არ ყრის ფარ–ხმალს, აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. სწორედ ასეთი შინაარსის ისტორია გვსურს, რომ წარმოგიდგინოთ.
დაახლოებით ერთი თვის წინ ამერიკის რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებას ესწრებოდა ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბესიკ სოკურაშვილი.
სწორედ კონგრესზე მოისმინა ბატონმა ბესიკმა ერთ–ერთი ონკო–პაციენტის, როკი კრეიგის ისტორია, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში ASTRO’s Survivor Circle–ს (ASTRO–ს მიერ შერჩეული განკურნებული პაციენტების ჯგუფი) ნომინაციაში გაიმარჯვა. პაციენტის სახელია როკი კრეიგი – მას ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ის ჰოსპიტლის კამპუსში, მოხალისედ, ვიზიტორთა გადამყვანის პოზიციაზე მუშაობს. წარმოგიდგენთ მის ისტორიას.
„დამისვეს ფილტვის კიბოს III სტადიის დიაგნოზი. კიბო განვითარდა ჩემს მარცხენა ფილტვში და გავრცელდა შუასაყარში. ექვსი კვირის განმავლობაში ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევამდე, ვიტარებდი რადიაციულ თერაპიას. დავასრულე მკურნალობა და მომიწია განმეორებითი PET სკანირების გაკეთება. სიმსივნე ჯერ კიდევ ჩანდა, მაგრამ მცირდებოდა. მკურნალობის შემდეგ დამრჩა გარკვეული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა და დაღლილობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ჩემი მკურნალობის საბოლოო შედეგი, დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს და გავაგრძელე მოხალისედ მუშაობა იმავე საავადმყოფოში, სადაც ვმკურნალობდი.
რამდენიმე წლის წინ, ვიდრე კიბოს დიაგნოზს დამისვამდნენ, ეკლესიაში მკითხეს –რა შეგიძლიათ და რას აკეთებთ სხვების დასახმარებლად? ჩემთვის, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი იყო და ეს არის – დრო. გადავწყვიტე, ჩემი დრო სხვების დასახმარებლად გამომეყენებინა. ამ სიტყვების შემდეგ საავადმყოფოში შიდა ტრანსპორტირების სერვისში დავიწყე მოხალისედ მუშაობა. ეს სერვისი უზრუნველყოფდა ვიზიტორების გადაყვანას საავადმყოფოს ტერიტორიაზე. სწორედ ამ პოზიციაზე განვაგრძე მუშაობა მკურნალობის დასრულების შემდეგ, გადამყავდა პაციენტები და სტუმრები. მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელსაც ისინი საავადმყოფოში შესვლისას ხედავდნენ. ჩემი სამუშაოს საუკეთესო ნაწილი იყო ღიმილით შევხვედროდი და მათთვის პოზიტიური განწყობა შემექმნა. ყოველდღე ვხვდები ახალ ადამიანებს, თითოეულს საკუთარი ისტორიით. ზოგიერთს ოპერაცია აქვს დაგეგმილი და შედეგზე ნერვიულობს, ზოგიც მარტოა და არ ჰყავს თანმხლები ნათესავები ან მეგობრები. ვცდილობ, მხარი დავუჭირო – ვუზიარებ პირად გამოცდილებას იმისთვის, რომ საავადმყოფოში მათი ვიზიტი ნაკლებად სტრესული იყოს. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, როდესაც საავადმყოფოში მივდივარ ვცდილობ, სხვებს დავუმეგობრდე, დავუტოვო სიმშვიდის შეგრძნება. ეს მეხმარება საკუთარი შიშების დაძლევაში და საშუალებას მაძლევს, თუნდაც ცოტა ხნით მაინც, დავივიწყო ჩემი მდგომარეობა. ვერ წარმოვიდგენდი და არასდროს მიოცნებია ონკოლოგიურ ცენტრში მემუშავა, მაგრამ თვალი ამიხილა იმ მოვლენამ, როდესაც მივხვდი თუ რამდენად ფაქიზია სიცოცხლე და თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბოსთან ბრძოლაში სწორი მიდგომა. როდესაც ჩემი მკურნალობის პირველი ეტაპი გადავლახე და სამსახურს დავუბრუნდი, წილად მერგო პატივი ჩემი ონკოლოგიური გამოცდილება პაციენტებისთვის და მათი ახლობლებისთვის გამეზიარებინა.
ამ მომენტისთვის თავს ძალიან ჯანმრთელად ვგრძნობ. როდესაც ჯილდოთი ASTRO’s Survivor Circle–თი (ეს არის ჯილდო იმ გადარჩენილი პაციენტებისთვის, რომლებიც ვალს იხდიან საზოგადოების წინაშე) დამასაჩუქრეს, მივხვდი, რომ ამ ისტორიაში ნამდვილი გამარჯვებული ონკოლოგიურ ჰოსპიტალში მომუშავე პერსონალია. ჩემი ექიმები და რადიოთერაპიის გუნდი ყოველდღე, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო და მკურნალობის კურსი სასურველი შედეგით დასრულებულიყო – ასეთი ხალხი განსაკუთრებულია... სხვებზე ზრუნვა და დადებითი გავლენის მოხდენა, როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ასევე პოზიტიურ ეფექტს ტოვებს თითოეულ ჩვენთაგანზე“, – განაცხადა როკი კრეიგმა.
ეს ისტორია ერთ–ერთია იმ უამრავ მაგალითს შორის, რომელიც ცხადყოფს, რომ თანამედროვე ონკოლოგიაში შეუძლებელი არაფერია და დროულად დაწყებული, სწორად დაგეგმილი მკურნალობის კურსის დახმარებით კიბოს დამარცხება შესაძლებელია!
შეგახსენებთ, ძალიან მალე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იფუნქციონირებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი, რომელიც პაციენტებს შესთავაზებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მაღალი სტანდარტის მკურნალობას, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
დეპარტამენტი აღიჭურვება მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის Varian Oncology Systems–ის თანამედროვე აპარატებით. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიაციული ონკოლოგიის (3D CRT, iMRT, VMAT (RapidArc), SRS, SBRT, IGRT) სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!