ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ქალაქ მინსკის ნევროლოგიური ცენტრის სისხლძარღვოვანი განყოფილების ხელმძღვანელი, პაველ ალექსანდროვიჩ სინევიჩი ეწვია.
ბატონი პაველის ვიზიტი შედგა ქირურგიის ეროვნული ცენტრის მმართველი გუნდის, გენერალური დირექტორის ბატონ ლაშა ბაზაძის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონ თეა გამეზარდაშვილის, კლინიკური დირექტორის ბატონ ნიკოლოზ ჩადუნელისა და ჩვენი კლინიკის ნევროლოგის, ქალბატონ თეა შუბლაძის მოწვევით.
ბატონი პაველი მინსკის ნევროლოგიური ცენტრის (ქ.მინსკის N5 კლინიკური საავადმყოფო) სისხლძარღვოვანი განყოფილების ხელმძღვანელია, სადაც სწავლობდა და მუშაობდა ჩვენი კლინიკის ნევროლოგი, თეა შუბლაძე.
აღნიშნული კლინიკა წარმოადგენს БЕЛМАПО–ს (Государственное учреждение образования «Белорусская медицинская академия последипломного образования») კათედრალურ კლინიკას ნევროლოგიის დარგში. ეს კლინიკა გამორჩეულია იმით, რომ თრომბოლიზისური თერაპია, რომელიც თბილისისთვის ჯერ კიდევ ახალი სიტყვაა, წარმატებით მიმდინარეობს.
თრომბოლიზისური თერაპია ეს არის მკურნალობის უახლესი, თანამედროვე მეთოდი, რომელიც გამოიყენება იშემიური ინსულტის სამკურნალოდ. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დროს აღნიშნული მეთოდი გამოიყენება არაუგვიანეს 4 საათის განმავლობაში. თრომბოლიზისური თერაპიის მიზანია გადაარჩინოს პაციენტის სიცოცხლე და ამასთან, შენარჩუნდეს მისი შრომისუნარიანობა.
ინსულტი არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელსაც თან სდევს ქსოვილის დაზიანება. ინსულტის დროს ხდება ტვინის ნაწილის ნეკროზი (კვდომა). განასხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტებს. იშემიური ინსულტი ძირითადად ვითარდება თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმის ან ათეროსკლეროზული დაზიანების დროს. ათეროსკლეროზული ფოლაქი სისხლძარღვის სანათურის სხვადასხვა ხარისხით დახშობას იწვევს და ტვინის სისხლმომარაგებას არღვევს. ჰემორაგიული ინსულტის დროს კი ვითარდება სისხლჩაქცევა უშუალოდ ტვინის ქსოვილში ან მის გარსებში. განვითარების მექანიზმი ორგვარია, შეიძლება უშუალოდ დაირღვეს სისხლძარღვის კედლის მთლიანობა ან სისხლძარღვის განვლადობა გაიზარდოს.
ბატონმა პაველმა სწორედ ამ თემაზე წაიკითხა სემინარი ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის მმართველი გუნდი და კლინიკის თანამშრომლები. ბატონმა პაველმა სემინარზე განმარტა, რომ ქ. მინსკის N5 კლინიკურ საავადმყოფოში თრომბოლიზისური თერაპია აქტიურად გამოიყენება, მკაცრად ხდება კონტიგენტის შერჩევა რაც თავიდან აცილებთ გართულებების რისკს. მან მოიყვანა რამდენიმე კლინიკური მაგალითი, როდესაც ამ მეთოდის დახმარებით რამდენიმე პაციენტში ნევროლოგიური დეფიციტი სრულად ალაგდა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმარს კლინიკა დაათვალიერებინა ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ლაშა ბაზაძემ. ბატონმა ლაშამ სტუმარს სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი ბუნკერები დაათვალიერებინა. მოგეხსენებათ, ჩვენს კლინიკაში ინტენსიურად მიმდინარეობს სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი ბუნკერების მშენებლობა, სადაც კიბოთი დაავადებულ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმკურნალონ ონკოლოგიაში არსებული უახლესი, თანამედროვე მკურნალობის მეთოდით. ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა სტუმარს განუმარტა, რომ სხივური ამაჩქარებლების წყალობით ჩვენს ბევრ მოქალაქეს აღარ მოუწევს ამ სერვისების მისაღებად უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრება.
სხივური ამაჩქარებლების შემდეგ ბატონმა პაველმა იხილა ჩვენი კლინიკის უახლესი თაობის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი Vantage Elan, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. როგორც ბატონმა ლაშამ სტუმარს განუმარტა, აპარატი აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით და კვლევის უახლესი რეჟიმებით. გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და უსწრაფესი ვიზუალიზებით საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ანგიოლოგიური ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენისთვის. ასევე ვეწვიეთ კომპიუტერული ტომოგრაფის კაბინეტს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონ პაველს გააცნო ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც აღჭურვილია SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12. ბატონმა ლაშამ განაცხადა, რომ მსგავსი აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ. ბატონი პაველი ეწვია კლინიკის ნევროლოგიურ დეპარტამენტს, ლაბორატორიას. ვიდრე სემინარს გამართავდა გაეცნო ჩვენი კლინიკის სისხლის ბანკს. ბატონმა ლაშამ სტუმარს განუმარტა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი აღჭურვილია „ფრეზენიუსის“ წარმოების მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატით სახელწოდებით „ამიკუსი“.
ბატონმა პაველ ალექსანდროვიჩმა კლინიკის მმართველ გუნდსა და ლექციაზე დამსწრე თითოეულ სტუმარს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!