ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი
იცოდით რომ, სისხლის ჩაბარება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა?! ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და ქვევით მოგახსენებთ, მანამდე კი, გახსოვდეთ, მსოფლიოს პირველი დონორი იყო ბატკანი, რომლის 350 მილილიტრი სისხლი, XVII საუკუნეში, ადამიანს გადაუსხეს. დონაცია ლათინური სიტყვაა და ქართულად გაჩუქებას ნიშნავს. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მესამე ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც საჭიროებს დონორულ სისხლს. სახელმწიფომ ქვეყანა რომ საჭირო ოდენობის სისხლით დააკმაყოფილოს, აუცილებელია მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობა ამ პროცესში! დღეს სწორედ სისხლის გაღების მნიშვნელობაზე გესაუბრებით და მოგახსენებთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს მას დონორის (სისხლის გამცემის) ორგანიზმისთვის:
- აახალგაზრდავებს ორგანიზმს;
- ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს;
- აფერხებს მენოპაუზის დაწყებას;
- ამცირებს კიბოს რისკს;
- გიცავთ მემკვიდრეობითი დაავადებებისგან;
- არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
- განტვირთავს ღვიძლსა და ელენთას;
- გამოდევნის მავნე ნივთიერებებს ორგანიზმიდან;
- აფერხებს ჭარბწონიანობას;
- წარმოქმნის ახალ, ჯანსაღ სისხლის უჯრედებს;
- აძლიერებს იმუნიტეტს;
- გიცავთ ათეროსკლეროზისა და პოდაგრას განვითარებისგან;
- რეგულარულად იტარებთ უფასო კვლევებს;
- გადაარჩენთ მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლეს.
როგორც ხედავთ, 14 მიზეზი გაქვთ იმისათვის, რომ არათუ პოტენციურ დონორად დარჩეთ, არამედ, აქტიურად ჩაერთოთ სისხლის უანგარო ჩაბარების პროცესში და რეგულარულად, ორ თვეში ერთხელ, სისხლი უწილადოთ კრიტიკულ პაციენტს, რომელსაც ამით ცხოვრების გაგრძელების შანსს მისცემთ! ორ თვეში ერთხელ თქვენ მიერ გაჩუქებული სისხლი, წლის განმავლობაში, დამატებით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს იხსნის.
მრავალწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ სისხლის რეგულარული ჩაბარება ადამიანის ორგანიზმს აახალგაზრდავებს. ორგანიზმიდან გამოშვებული სისხლი მამაკაც დონორებში ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ქალებში კი, რამდენიმე წლით აფერხებს მენოპაუზის დაწყებას.
აშშ-ის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომ დონორობა ამცირებს კიბოს განვითარების რისკსა და მისით სიკვდილიანობას. დააკვირდნენ პერიფერიული არტერიული დაავადების მქონე პაციენტებს და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი (არადონორი) პაციენტებისგან განსხვავებით, დონორებში კიბოს განვითარების რისკი მცირე იყო!
ასევე, სისხლის უანგარო გაღება ხელს უშლის ისეთი მემკვიდრეობითი დაავადების განვითარებას, როგორიც ჰემოქრომატოზია (მოჭარბებული რკინა). ერთჯერადად გადასხმით, დონორი კარგავს 225-250 მილიგრამ რკინას. საბოლოოდ, ეს ეხმარება სხეულს მოიშოროს ზედმეტი, მავნე რკინა სისხლიდან. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლში მისი მაღალი შემცველობა ზრდის ქრონიკული დაავადებების რისკს, კოლორექტალური კიბოს ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ სისხლის გამოშვება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად, რადგან ერთი დონაციით თქვენი სხეული 650 კალორიას წვავს, სისხლში ქოლესტერინის დონე ნორმის ფარგლებში ბრუნდება. შესაბამისად, კიდევ უფრო მცირდება კარდიოლოგიური პათოლოგიების განვითარება.
დონაციის შემდეგ, სხეული დაკარგული სისხლის შესავსებად იწყებს მუშაობას და რამდენიმე დღეში, თავისით წარმოქმნის ახალ, ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლის უჯრედებს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას.
გარდა ამისა, სისხლის გამოშვების დროს ხდება ღვიძლისა და ელენთის განტვირთვა, რომლებიც მონაწილეობენ მკვდარი ერითროციტების უტილიზაციაში. თავიდან ირიდებთ „დაგროვებით“ პათოლოგიებს, როგორიცაა ათეროსკლეროზი და პოდაგრა.
ზოგადად, სისხლის უანგარო გაღება სამედიცინო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ ქმედებადაა აღიარებული. პირველ რიგში, ეს ადამიანის მენტალური კეთილდღეობის საწინდარია. მისი ვენიდან გამოშვებული სისხლით ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მაინც მოხერხდება და, როგორც ფსიქოლოგები რიგ კვლევებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, მას სულიერი სიმშვიდე მოაქვს. გარდა გაკეთებული სიკეთისა, დონორები საკუთარ ჯანმრთელობაზე მუდმივად განახლებად ინფორმაციას ფლობენ, რადგან ყველა დონაციის წინ უფასოდ უტარდებათ შემდეგი კვლევები:
- Hb (ჰემოგლობინი);
- ვირუსული ინფექციები (ბ; ც; აივ-შიდსი);
- სიფილისი;
- კონსულტაცია თერაპევტთან.
შეგახსენებთ, სისხლის უანგარო დონაციაში ჩართვა ნებისმიერ, 18-დან 60 წლამდე ასაკის მსურველს შეუძლია! დონორობისათვის აუცილებელია, გაიაროთ ჩვენთან წინასწარი სამედიცინო შემოწმება, გაიგოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურად და 200 მილილიტრი სისხლით, სხვას სიცოცხლე აჩუქოთ!
მედიცინა „ვეფხისტყაოსანში“
ისტორიულად, სისხლის გამოშვების მეთოდით მკურნალობას ქართველები მრავალი საუკუნის წინათ იყენებდნენ და ამის ნათელი მაგალითია „ვეფხისტყაოსანი“. მაშინ, როცა ტარიელმა პირველად დაინახა ნესტან-დარეჯანი და გული წაუვიდა, მას მკურნალები დაახვიეს თავს და „ხელი გაუხსნეს“ (ვენა გაუჭრეს) სისხლის გამოსადენად, რადგან აღიარებული იყო, ზედმეტი სისხლის გამოდენა სხეულიდან პაციენტის მდგომარეობას აუმჯობესებდა.
რა ვიცით, იქნებ, ჩვენი წინაპრების ძლიერების, ფიზიკური სიჯანსაღისა და მენტალური სიმშვიდის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ „ხელის გახსნევა“ იყო?! ფაქტია, „ვეფხისტყაოსნის“ სცენარით, სისხლგაფილტრული ტარიელი ქაჯეთის ციხეს აიღებს და თავის სატრფოს ბოროტებისგან დაიხსნის!
სისხლის ბანკთან დასაკავშირებლად, დარეკეთ ნომერზე (032) 2 02 25 25 ან 577 119 119!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი გისურვებთ ჯანმრთელობას!