გველები ზაფხულის ცხელ დღეებში აქტიურდებიან.
მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, ქვეწარმავლის მიერ ადამიანთა დაკბენის შემთხვევებიც ამ სეზონზე ხშირია.
საქართველოში გავრცელებულია შხამიანი გველების 4 სახეობა და მათგან ყველაზე შხამიანია გიურზა. გიურზას შხამი მომაკვდინებელია. ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის.
გველის ნაკბენისა და პირველადი დახმარების შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბეჟანიშვილი.
“კლინიკა უზრუნველყოფილია შესაბამისი ანტიდოტებით. გველის ნაკბენის შემთხვევაში ვიყენებთ გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტურ შრატს, რომლის გამოყენება სპეციალისტის გარეშე დაუშვებელია. ნაკბენის შემთხვევაში მიმართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, სადაც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატით მკურნალობა“, – აცხადებს ქალბატონი მაია.
რა არ უნდა გავაკეთოთ გველის ნაკბენის შემთხვევაში და რა მოვიმოქმედოთ მანამ, სანამ კლინიკაში მივალთ?
დასაშვებია:
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;
- მიიღეთ ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) და სტეროიდული საშუალებები;
- ძლიერი ტკივილის დროს რეკომენდებულია ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებები;
- გართულებისა და ლეტალობის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას.
დაუშვებელია:
- ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
- ნაკბენი არის გაკვეთა;
- მოწვა;
- ასეპტიკური ნივთიერებებით დამუშავება (იოდი, ბრილიანტის მწვანე, სპირტი);
- ლახტის დადება;
- ყინულის დადება;
- სპირტიანი სასმელის მიღება.
განსაკუთრებით საშიშია გველის ნაკბენი კისრისა და სახის არეში. ასევე გასათვალისწინებელია დაზიანების სიღრმე.
რა გართულებებს იწვევს გველის შხამი ორგანიზმში?
ყველაზე მძიმე გართულებაა თრომბოჰემორაგიული სინდრომი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთში იწყება მკვეთრი და ძლიერი ტკივილი, თუმცა ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა შეიძლება უფრო სუსტი იყოს. ნაკბენის ადგილას ნათლად ჩანს ერთი ან ორი კბილის კვალი.
ადგილობრივად ინტოქსიკაცია გამოვლინდება შეშუპებითა და ერითემით, ჩნდება სისხლჩაქცევები და ჰემორაგიული სითხით სავსე ბუშტუკები.
ნებისმიერი შხამი, რომელიც ხვდება ორგანიზმში, ბუნებრივია, საშიშროებას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია როგორც ასაკი, ისე ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მაგალითად, ქრონიკული დაავადებების დროს რისკი იზრდება, გასათვალისწინებელია ანამნეზში ალერგიის არსებობაც.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაია ბეჟანიშვილს ნომერზე 577 11 86 20.
გისურვებთ ჯანმრთელობას!