ნანატრი ზაფხულის ყველაზე უსიამოვნო მხარე ქვეწარმავლებია.
გველები აქტიურდებიან ზაფხულის ცხელ დღეებში და მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, გველების მიერ ადამიანთა დაკბენის შემთხვევებიც ამ სეზონზე ხშირია. სასურველია მოერიდოთ მაღალი ბალახით დაფარულ ტერიტორიას. ასევე ადგილებს, სადაც ბევრი მღრნელი და ბაყაყია. სწორედ ასეთი გარემო იზიდავს მათ.
ძირითადად, გველი აქტიურდება მარტის ბოლოდან ოქტომბრის მიწურულამდე. უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. საქართველოში გავრცელებულია შხამიანი გველების 4 სახეობა და მათგან ყველაზე შხამიანია გიურზა. გიურზას შხამი მომაკვდინებელია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში რამდენიმე კვირის წინ სწორედ გიურზის მიერ დაკბენილი პაციენტი გადმოიყვანეს რეგიონიდან. მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და მათ შორის ანტიდოტური თერაპია. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით, დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის. გახსოვდეთ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტი 24 საათის განმავლობაში ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე.
ნაკბენის შემთხვევაში მიმართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, სადაც დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლებთ გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატით.
გველის ნაკბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ კლინიკას!
რა არ უნდა გავაკეთოთ გველის ნაკბენის შემთხვევაში და რა მოვიმოქმედოთ მანამ, სანამ კლინიკაში მივალთ?
ამ თემაზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბეჟანიშვილი.
– დღეის მონაცემებით, გველის ნაკბენის დიაგნოზით კლინიკას რამდენმა პაციენტმა მომართა?
– დღეისათვის ჩვენს კლინიკას, გველის ნაკბენით (ინტოქსიკაციით) მომართა 5–მა პაციენტმა. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და გაეწერნენ ბინაზე. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
– ქალბატონო მაია, საზოგადოებაში უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოიქცეს ადამიანი გველის კბენის შემთხვევაში. გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ რა უნდა გააკეთოს პაციენტმა ექიმთან ვიზიტამდე?
– გველის კბენის შემთხვევაში, კლინიკაში მიყვანამდე პაციენტმა სასურველია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) და სტეროიდული საშუალებები. ხოლო ძლიერი ტკივილის დროს ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებების მიღებაა რეკომენდებული. ამ ღონისძიებების მიღების შემდეგ, გართულებებისა და ლეტალობის თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სწრაფი ჰოსპიტალიზება სპეციალიზირებულ კლინიკაში.
– რა არ უნდა მოვიმოქმედოთ გველის ნაკბენის დროს?
– სასურველია, მკითხველმა ეს რეკომენდაციები კარგად დაიმახსოვროს.
გველის ნაკბენისას ყოვლად დაუშვებელია:
- ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
- ნაკბენი არის გაკვეთა;
- მოწვა;
- ასეპტიური ნივთიერებით დამუშავება (იოდი, ბრილიანტის მწვანე, სპირტი);
- ლახტის დადება;
- ყინულის დადება;
- სპირტიანი სასმელის მიღება;
– როგორ მკურნალობთ გველის ნაკბენს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ტოქსიკოლოგიური განყოფილება, რომელიც წარმოდგენილია მაღალკვალიფიციური ექიმებით: მაია ბეჟანიშვილი –დეპარტამენტის უფროსი, ეკა ქურდაძე – მედიცინის აკადემიური დოქტორი, თეა მონიავა, დარეჯან მშვიდობაძე, ციალა ადეიშვილი. კლინიკაში არსებული დეპარტამენტი ანტიდოტურ–დეტოქსიკაციური მკურნალობის და ექსტრაკორპორულ მეთოდთა კომპლექსური გამოყენებით უზრუნველყოფს პაციენტთა სწრაფ გამოჯანმრთელებას.
ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფილია შესაბამისი ანტიდოტებით. გველის ნაკბენის შემთხვევაში, ვიყენებთ გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტურ შრატს, რომლის გამოყენება სპეციალისტის გარეშე დაუშვებელია.
– რას იწვევს გველის შხამი ორგანიზმში?
– გველის შხამი ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა გართულებას, მათ შორის ყველაზე მძიმე გართულებაა თრომბოჰემორაგიული სინდრომი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთში იწყება მკვეთრი და ძლიერი ტკივილი, თუმცა ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა შეიძლება უფრო სუსტი იყოს. ნაკბენის ადგილას ნათლად ჩანს ერთი ან ორი კბილის კვალი. ადგილობრივად ინტოქსიკაცია გამოვლინდება შეშუპებითა და ერითემით, ჩნდება სისხლჩაქცევები და ჰემორაგიული სითხით სავსე ბუშტუკები. ნებისმიერი შხამი, რომელიც ხვდება ჩვენს ორგანიზმში, ბუნებრივია, საშიშროებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, როგორც ასაკი, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მაგალითად, ქრონიკული დაავადებების დროს რისკი იზრდება, ანამნეზში ალერგიის არსებობა. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია დაგესვლის შემთხვევაში პაციენტმა რაც შეიძლება სწრაფად მიმართოს კლინიკას.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა კბენის ადგილს?
– მნიშვნელოვანია ნაკბენი ადგილის ლოკალიზება და დაზიანების სიღრმე. განსაკუთრებით საშიშია კისერი და სახე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაია ბეჟანიშვილს ნომერზე 577 11 86 20;
გისურვებთ ჯანმრთელობას!