როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც გული წაუვიდა ან საკვები გადასცდა – რამდენიმე მარტივი ხერხით ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლიათ

როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც გული წაუვიდა ან საკვები გადასცდა – რამდენიმე მარტივი ხერხით ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლიათ

როცა ყოველი წუთი ძვირფასია!

სამწუხაროდ, უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. შეიძლება რომელიმე მკითხველისთვის ეს სცენა ნაცნობი იყოს, მაგალითად, როცა ოჯახის წევრი, მეგობარი ან თუნდაც სრულიად უცნობი გონებას კარგავს. როგორ იქცევა მსგავსი შემთხვევის დროს ადამიანი, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, არ არის მედიკოსი და არ იცის პირველადი სამედიცინო დახმარების რამდენიმე ოქროს წესი? იძახებს სასწრაფო დახმარებას ან შეიძლება იმდენად დაიბნეს, რომ გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირებაც ვერ შეძლოს.

კიდევ უფრო საშიშია დაზარალებულის დახმარების მიზნით, პანიკის დროს, ისეთი ქმედებების განხორციელება როგორიცაა გამოფხიზლების მიზნით დაზარალებულის შენჯღრევა, პირის ღრუში წყლის ჩასხმა, ყბის ძალით გახსნა და ხელით ენის დაჭერა და სხვა.

რასაკვირველია, თუ ხედავთ დაზარალებულს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, მაგრამ ვიდრე სასწრაფო დახმარება ადგილზე მოვა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა თავადაც შეგიძლიათ.

გახსოვდეთ, სწორად გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარებით შეგიძლიათ ადამიანს სიცოცხლე აჩუქოთ, ტკივილი შეუმსუბუქოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეუშალოთ ხელი.

პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ლექცია ჩატარდა. ორგანიზაცია „კარიერის დაგეგმვის ცენტრთან“ თანამშრომლობის ფარგლებში კლინიკამ უმასპინძლა იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გეგმავენ, რომ მომავალი მედიცინას დაუკავშირონ.

სკოლის მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების მნიშვნელობაზე, ჩასატარებელ ღონისძიებებსა და საჭირო უნარ–ჩვევებზე მოუთხრო ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარმა ექთანმა ქეთევან ქოქიაურმა.

ქალბატონმა ქეთევანმა, თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, სტუმრებს მულაჟი წარუდგინა. მულაჟი ზრდასრული ადამიანის ანატომიური ასლია, შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას თვალნათლივ შეეძლო ეხილა თუ როგორ ეხმარებიან დაზარალებულს.

ლექციის დასრულების შემდეგ ყველა აბიტურიენტმა თავად „გაუწია დახმარება და გადაარჩინა“ მულაჟი.

ვფიქრობთ, პირველადი სამედიცინო დახმარების წესების შესახებ არა მხოლოდ ლექციის სტუმრებმა, არამედ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს და სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლის შესახებაც კლინიკის მთავარმა ექთანმა ლექციაზე ისაუბრა.

გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში მოყვანილი ნებისმიერი მაგალითი დასაშვებია მხოლოდ ზრდასრულთა დასახმარებლად (ქირურგიის ეროვნული ცენტრი ემსახურება ზრდასრულ პაციენტებს და შესაბამისად, ლექციაც ამ თემის გარშემო შედგა) და კატეგორიულად აკრძალულია იგივეს გამეორება ბავშვებთან ან ჩვილებთან.

რას ვაკეთებთ, როცა ზრდასრულ დაზარალებულს უგონო მდგომარეობაში ვხედავთ:

  • ვამოწმებთ მის გარშემო გარემო უსაფრთხოა თუ არა, მაგალითად, ხომ არაა ინციდენტი გამოწვეული ელექტროგაყვანილობით;
  • მივდივართ დაზარალებულთან და ვაფასებთ მის ზოგად მდგომარეობას;
  • მხარზე ხელის შეხებით ვცდილობთ დავადგინოთ კონტაქტურია თუ არა, ვამოწმებთ ცნობიერებას. ვეკითხებით ვინაობას. ამ დროს დაუშვებელია სახეში დარტყმა, მექანიკურად ყბის არის დაზიანება;
  • თუ ამ ფაქტს კიდევ ვინმე ესწრება, გარშემომყოფთაგან კონკრეტულ პირს ვუთითებთ, რომ გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. თუ დაზარალებულთან მარტო ვართ, თავად ვრეკავთ ე.წ. „სპიკერ“ რეჟიმში;
  • გულმკერდის არეში მკერდის ძვლის ოდნავ მარცხნივ და დვრილების გადაკვეთაზე ვიწყებთ ჩაწნეხვას (კომპრესიას). საჭიროა 100–120 კომპრესია წუთში;
  • აუცილებლად ითვლით ხმამაღლა;
  • ყოველი 30 ჩაწნეხვის შემდეგ ატარებთ ხელოვნურ სუნთქვას. თუ გარშემოა სპეციალური ბალონი მას ვიყენებთ, თუ არა მაშინ დაზარალებულის პირს ვაფარებთ ხელსახოცს ან ნებისმიერ ქსოვილს და შემდეგ ჩავბერავთ ჰაერს. შემდეგ კვლავ 30 ჩაწნეხვას ვაკეთებთ. ეს მანიპულაცია უნდა ჩაატაროთ შეუჩერებლად, არ შეწყვიტოთ და მანამ შეასრულეთ, ვიდრე სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ მოვა;
  • კომპრესიის დროს აუცილებელია დაზარალებული მყარ ზედაპირზე იწვეს;
  • ვამოწმებთ პულსაციას საძილე არტერიაზე მხოლოდ 2 თითით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ პულსაცია ისინჯება მხოლოდ 1 ხელით და საპირისპირო მხარეს. თუ მარჯვენა ხელით გსურთ პულსის გასინჯვა დაზარალებულის მარცხენა საძილე არტერიას უნდა შეეხოთ, თუ ცაცია ხართ მაშინ მარჯვენა საძილე არტერიას სინჯავთ.

გაითვალისწინეთ, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დაუშვებელია მაშინ თუ საქმე ეხება ავტოავარიას, ავიაკატასტროფას, სიმაღლიდან ვარდნას. ამ დროს პირველი რასაც აკეთებთ იძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ხელს არ ახლებთ დაზარალებულს, რადგან ნებისმიერი მოძრაობა შეიძლება გახდეს ხერხემლის დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის გართულების მიზეზი.

როგორ ვიქცევით თუ ზრდასრულ ადამიანს საკვები გადასცდა?

ამ სცენის ამოცნობა ძალიან მარტივია. შეშინებული დაზარალებული, როგორც კი მიხვდება რომ საკვები ან ნივთი გადასცდა და ვეღარ სუნთქავს, მომენტალურად დგება ფეხზე და ხელით ყელს ებღაუჭება, ვერ საუბრობს და უსიტყვოდ გთხოვთ დახმარებას.

ამ დროს ასე იქცევით (ჰეიმლიხის მანევრი):

  • თუ ამ ფაქტს კიდევ ვინმე ესწრება, გარშემომყოფთაგან კონკრეტულ პირს ვუთითებთ რომ გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. თუ დაზარალებულთან მარტო ვართ, თავად ვრეკავთ ე.წ. „სპიკერ“ რეჟიმში;
  • დაზარალებული წინ უნდა იყოს გადახრილი;
  • დაზარალებულს ზურგიდან შემოხვევთ ხელს და მისი ჭიპის ზემოთ შეკრავთ მუშტს;
  • მუშტი რამდენჯერმე ქვემოდან ზემოთ მიმართეთ. მარტივად რომ აღიქვათ მთელი ძალით მიაბჯინეთ მუშტი სხეულს და მკერდისკენ აზიდეთ;
  • თუ დაზარალებული ორსული, ღიპიანი ან ზედმეტად მსუქანია მუცელს არ ეხებით და მუცლის ზემოთ აკეთებთ იგივე მანიპულაციას;
  • ამოსუნთქვის მიზნით დასაშვებია ბეჭებში დარტყმაც.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაზე და ამ მიზნით უკვე 1 წელია რაც თანამშრომლობს  ორგანიზაცია „კარიერის დაგეგმვის ცენტრთან“.

აღნიშნული ორგანიზაცია ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება. კარიერის დაგეგმვის ცენტრის ორგანიზებით, 31 მაისს, დაჯილდოების ღონისძიება ჩატარდა. საღამო სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართული დარგის ლიდერი წარმომადგენლებისთვის შედგა, რომლებიც ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევაში, პროფესიული როლის მორგებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. ღონისძიებაზე ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადაეცა.  

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!