ქირურგიის ეროვნული ცენტრი ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციაზე.
კლინიკა უკვე 1 წელია თანამშრომლობს ორგანიზაცია „კარიერის დაგეგმვის ცენტრთან“, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევასა და წარმატების მიღწევაში ეხმარება.
თანამშრომლობის ფარგლებში ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა არაერთხელ უმასპინძლა იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გეგმავენ, რომ მომავალი მედიცინას დაუკავშირონ.
კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩადუნელმა მოსწავლეებს კლინიკა დაათვალიერებინა და ლექცია წაუკითხა, აუხსნა თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და საპატიო საქმიანობაა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, მოუთხრო მედიცინის ისტორიაზე მედეას დროიდან დღემდე, ესაუბრა სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სპეციფიკაზე, საინტერესო კლინიკურ შემთხვევებზე.
კარიერის დაგეგმვის ცენტრის ორგანიზებით, 31 მაისს, დაჯილდოების ღონისძიება ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ამ ღონისძიების სპონსორი იყო.
საღამო სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართული დარგის ლიდერი წარმომადგენლებისთვის შედგა, რომლებიც ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევაში, პროფესიული როლის მორგებასა და წარმატების მიღწევაში ეხმარებიან.
მოგეხსენებათ, მომავალ თაობას ესაჭიროება სათანადო აღზრდა, განათლება და ხელშეწყობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიის შერჩევისას აბიტურიენტმა სწორად აღიქვას, გააცნობიეროს თუ რას უკავშირებს მომავალს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მოხარულია, რომ სკოლის მოსწავლეებს, მომავალ ექიმებს მისცა შესაძლებლობა, ერთი დღე გაეტარებინათ კლინიკაში, ენახათ პროფესიონალი ექიმების სამუშაო გარემო და საბოლოოდ ერთი ნაბიჯით დაახლოებოდნენ საკუთარ მიზანს.
და სწორედ „მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიული ორიენტაციის დარგში“ კლინიკას საპატიო ჯილდო გადაეცა.
„ძალიან მიხარია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ამ მნიშვნელოვან, კეთილშობილურ საქმეს გვერდში უდგას და ახალგაზრდებზე, მათ მომავალზე ზრუნავს. პირადად შევხვდი აბიტურიენტებს, რომლებიც მომავალს მედიცინას უკავშირებენ და ვნახე მათი ანთებული თვალები. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი კარგი, გულისხმიერი ექიმი გახდება, რადგან ეს საქმე გულით სწადიათ. კარიერის დაგეგმვის ცენტრის მისია ნამდვილად ფასდაუდებელია“, – განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, რომელმაც ჩაიბარა ღონისძიების ორგანიზატორის მიერ დაწესებული ლამაზი პრიზი.
კარიერის დაგეგმვის ცენტრის დირექტორმა მერი ტარიელაშვილმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ახალგაზრდებზე ზრუნვისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!