რა გავლენას ახდენს ჩურჩხელა და გოზინაყი ჯანმრთელობაზე?

რა გავლენას ახდენს ჩურჩხელა და გოზინაყი ჯანმრთელობაზე?

ტრადიციული, ქართული საახალწლო სუფრა ჩურჩხელისა და გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია.

სასარგებლოა თუ არა ეს საახალწლო ნუგბარი ორგანიზმისთვის და რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე?

ყველასთვის საყვარელი ტკბილეულის ინგრედიენტებზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე.

ნიგოზი 

ნიგოზი მდიდარია უჯრედისით, რაც აუცილებელია კუჭ–ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

შეიცავს E და B ვიტამინებს, Fe, Cu, Zn, Co, Mg და K მიკროელემენტებს. მსგავსი კომბინაცია სასარგებლოა ორსულთათვის, ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, მოზარდებისთვისა და იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ დაძაბული სამუშაო გრაფიკი, უწევთ გონებრივი დატვირთვა.

ნიგოზი ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას. მის შემადგენლობაშია სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები. არეგულირებს ქოლესტერინის დონესა და არტერიულ წნევას, ზრდის ორგანიზმის ბრძოლის უნარს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეფექტურია ანემიისა და ჰელმინთოზის (ჭიებით ინვაზიის) დროს.

ნიგვზის რეკომენდებული დღიური დოზაა 5 ლებანი.

თხილი

გონებისა და გულის უებარ მკვებავადაა მიჩნეული. შეიცავს РР, А, В1, В2, В5, В6, В9, С, Е, К ვიტამინებს, ასევე ამინომჟავა ქოლინს, რომელიც ტვინის მოქმედებას ააქტიურებს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრირების უნარს. მეცნიერებმა თხილში კიბოს უჯრედების გამანადგურებელი ნივთიერება - პაკლიტაქსელი აღმოაჩინეს.

თხილი ელასტიურობას ანიჭებს გულის კუნთს, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, აქრობს ლპობის გამომწვევ ბაქტერიებსა და პათოგენურ ორგანიზმებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს გულის გლუვი კუნთის მუშაობის სტიმულირებას, ორგანიზმიდან დევნის ჭარბ ქოლესტერინს, ხელს უწყობს ლაქტაციის მომატებასა და შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობას. თხილში ფიტოსტეროლების, კაროტინოიდებისა და ფლავონოიდების სიჭარბე ადამიანს ნორმალური წონის შენარჩუნებაში ეხმარება. ეფექტურია ტროფიკული წყლულებისა და დამწვრობების დროს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თხილი სასარგებლო თვისებებს თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს!

თაფლი

გამოირჩევა კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით. შეიცავს ნახშირწყლებს, რაც ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა. მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითა და C ვიტამინით, შეიცავს K, Ca, Na, P, Mg, Fe, Zn მინერალებს.

ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენის პროცესს, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

თაფლის შემადგენლობაშია აგრეთვე ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, რძემჟავა, ღვინის მჟავა). ორგანული მჟავა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კუჭის წვენის სეკრეციას, საკვები ნივთიერებების ათვისებას. 

თათარა და ფელამუში

ყურძნის ბადაგისგან მზადდება, გამოირჩევა მაღალკალორიულობით. ყურძნის წვენი შეიცავს: გლუკოზას, ფრუქტოზას, პექტინს, ორგანულ მჟავებს, K, Ca, Mg, Fe, P, Co, Mn, Mo, Cu, Zn მიკროელემენტებს, ვიტამინ A კაროტინს, ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა), ვიტამინ B1-ს (თიამინი), ვიტამინ B2-ს (რიბოფლავინი), ვიტამინ B9-სა (ფოლიუმის მჟავა) და ვიტამინ PP-ს (ნიაცინი). მასში შემავალი ნივთიერებები მიეკუთვნება ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომელსაც შეუძლია თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფა, ზრდის ორგანიზმის ბრძოლის უნარს და იმუნიტეტს, ეფექტურია კუჭ–ნაწლავის დაავადებების, რაქიტის, სისხლნაკლებობის, სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების დროს. დადებითად მოქმედებს ქოლესტერინის ცვლაზე, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.

ზემოჩამოთვლილი პროდუქტები გამოირჩევა სასიამოვნო საგემოვნო თვისებებითაც. მათი მიღების დროს ორგანიზმში წარმოიქმნება ენდორფინები და დოფამინი, რაც ბედნიერების განცდას იწვევს და სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს.

რასაკვირველია, უნდა დავიცვათ ზომიერება!

ზოგიერთ შემთხვევაში ამ პროდუქტების მიღება მკვეთრად შეზღუდული ან დაუშვებელია, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ალერგია და აუტანლობა რომელიმე ამ პროდუქტის მიმართ, მიზანშეწონილია მათი ამოღება რაციონიდან. დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გამორიცხონ თაფლი და ბადაგი, რადგან ორივე პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს სწრაფადათვისებად ნახშირწყლებს, რასაც შეუძლია მყისიერად გაზარდოს სისხლში შაქრის დონე. ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს სასურველია, რომ შეიზღუდოს ტკბილეული, თუმცა იშვიათად, დღესასწაულზე, დღის პირველ ნახევარში ზემოჩამოთვლილი ნუგბარის ზომიერად მიღება შესაძლებელია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!