ენდოკრინული პათოლოგიები
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინული აქციები:
რა არის მეტაბოლური სინდრომი?
-მისი პირველადი დეფინიცია შემოღებულ იქნა 1998 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ხალხში გავრცელებული მოსაზრება, რომ ჭარბი წონა წარმოადგენს მეტაბოლურ სინდრომს გარკვეულწილად შეესაბამება სიმართლეს, თუმცა, ჭარბი წონა სინდრომის არსს სრულად არ ასახავს.
ზოგადად, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ზრდის კარდიოვასკულური, თუ ცერებროვასკულური დაავადებების რისკს და მოიაზრებს რამდენიმე დაავადების ერთობლივად არსებობას. მისი განვითარების რისკი მატულობს ასაკთან ერთად და საერთო პოპულაციის თითქმის 40%-ს უდასტურდება.
რა სახით ვლინდება მეტაბოლური სინდრომი და როგორ ამოვიცნოთ ის?
-იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი, საჭიროა სიმსუქნესთან (განსაკუთრებით, აბდომინალურ სიმსუქნესთან) ერთად ვლინდებოდეს: ინსულინორეზისტენტობა ან პრედიაბეტი, ან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, დისლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია. ხშირად, ყველა ეს მდგომარეობა თუ დაავადება ერთად გვხვდება ან სხვადასხვა განსხვავებული კომბინაციით არის წარმოდგენილი. უკვე არსებობს მტკიცებულებაც, რომ მეტაბოლური სინდრომი დაკავშირებულია ქალებში გავრცელებულ პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომთან (შტეინ ლევენტალის სინდრომი).
როგორ ავირიდოთ თავიდან მეტაბოლური სინდრომი? პრევენციის რა გზები არსებობს?
-ამ მდგომარეობის საფუძველს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს ჭარბი წონა, განსაკუთრებით აბდომინალური სიმსუქნე (სიმსუქნე, რომლის დროსაც ცხიმის დაგროვება ხდება უპირატესად მუცელზე და იზრდება მისი გარშემოწერილობა).
ჭარბი წონა და სიმსუქნე, რომელიც ფასდება სხეულის მასის ინდექსით (სმი. BMI), ხშირად იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის, დისლიპიდემიის, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას და ინსულინორეზისტენტობის ჩამოყალიბებას.
ხშირად, ამ მდგომარეობის მიზეზი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. ცნობილია, რომ გენური ინფორმაციის რეალიზაციისთვის საჭიროა გარემო პირობები, ანუ ფენოტიპი გენებისა და გარემოს პირობების გავლენით ყალიბდება. მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბებაშიც სწორედ ეს ორი ფაქტორი მონაწილეობს. რაც შეეხება მისგან თავის არიდების გზას, ის ცხოვრების სტილის მოწესრიგებაზე გადის.
პირველი და უმთავრესი ეს არის ჯანსაღი და სწორი კვება, ანუ დიეტა. ხალხში არასწორი მოსაზრებაა დიეტასთნ დაკავშირებით და ძირითადად მოიაზრებს აკრძალვას. სინამდვილეში კი, დიეტა სწორ, დაბალანსებულ და ჯერად კვებას გულისხმობს და სწორი დაგეგმის შემთხვევაში, სულაც არ არის რთულად განსახორციელებელი. ჩვენ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია შევცვალოთ გენები, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ მათი გამოვლინება. იმ შემთხვევაში, თუ გვყავს გენეტიკური ნათესავები (დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და–ძმა) მეტაბოლური სინდრომით, საჭიროა, დროულად მივმართოთ ექიმს, ჩავიტაროთ კვლევები (ვაკონტროლოთ არტერიული წნევა, ლიპიდური ცვლა, განსაკუთრებით ტრიგლიცერიდები და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, გლიკემიის მაჩვენებლები) და საჭიროების შემთხვევაში, დავიწყოთ მედიკამენტური მკურნალობის კურსი. როგორც აღვნიშნეთ, ჭარბი წონა და სიმსუქნე ის საფუძველია, რომელიც ზრდის სინდრომის ჩამოყალიბების რისკს. ამიტომ პირველი, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ესაა წონის მატება.
როგორ ხდება მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტირება?
-მისი დიაგნოზი ისმება, როცა აღინიშნება შემდეგი სამი ან მეტი მდგომარეობა:
- მუცლის გარშემოწერილობა აღემატება: მამაკაცებში 101.6 სმ-ს, ქალებში 88.8 სმ-ს;
- არტერიული წნევის მაჩვენებლები არის 130/85 mmHG-ზე მეტი ან იღებთ წნევის დამწევ საშუალებებს;
- ტრიგლიცერიდები არის 150 მგ/დლ-ზე მაღალი;
- გლიკემიის მაჩვენებლები უზმოდ არის 100მგ/დლ-ზე მაღალი ან იღებთ ანტიდიაბეტურ მედიკამენტებს;
- მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) კონცენტრაცია 40 მგ/დლ-ზე ნაკლებია მამაკაცებში, 50 მგ/დლ-ზე ნაკლები ქალებში.
როგორ ვმართოთ მეტაბოლური სინდრომი? რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოეთხოვება პაციენტს?
-დიაგნოზის დასმის შემდეგ, უმთავრესი, რაც პაციენტს მოეთხოვება, არის დიეტა (სწორი კვება), ფიზიკური აქტიურობა და სწორად შერჩეული მედიკამენტური თერაპია, რათა მოხდეს სხეულის მასის 5-10 %-ით შემცირება. ცნობილია, რომ სწორედ ეს გზა აქვეითებს ინსულინორეზისტენტობას და ამცირებს მეტაბოლური სინდრომის გართულებების (კარდიოვასკულური, ცერებროვასკულური, დიაბეტი) ჩამოყალიბების სიხშირეს. სწორი კვება ფიზიკური აქტიურობის გარეშე არ არის ეფექტური, ამიტომ მოწოდებულია 30 წუთიანი ყოველდღიური სიარული, ან კვირაში 150 წუთით აერობიკა დარბაზში. ფიზიკური აქტიურობის ზრდის ნებისმიერი ხარისხი, თუნდაც წონის კლების გარეშე, ეფექტურია კარდიოვასკულური გართულებების პრევენციისთვის.
რაც შეეხება სწორ კვებას, ანუ დიეტას, იგი გულისხმობს ნახშირწყლების პროცენტულ შემცირებას დღის რაციონში. 50%-ით შემცირებული ნახშირწყლები, ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების ჩანაცვლება რთული ნახშირწყლებით, უჯრედისით მდიდარი საკვები, ცილების მიღება ნაკლები წითელი ხორციდან და მეტი თევზი, ქათამი, კურდღელი, ინდაური, ასევე ეფექტურია მეტაბოლური სინდრომის და ჭარბი წონის მართვაში.
როგორ ავირიდოთ თავიდან მეტაბოლური სინდრომის გართულებები?
-იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ შემდეგი გართულებები:
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა;
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
- ცხიმოვანი ჰეპატოზი (არაალკოჰოლური ციროზის ხშირი მიზეზი).
საჭიროა დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჩვევად ჩამოვიყალიბოთ სწორი კვება და ფიზიკური აქტიურობა. გენეტიკური წინასწარგანწყობისა და რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, რეგულარულად მივმართოთ ენდოკრინოლოგს, ჩავიტაროთ საჭირო კვლევები და შევასრულოთ ექიმის დანიშნულება.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ჩვენი ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ჩვენს ხელშია. ამიტომ იყავით ყურადღებით, მხნედ და ყოველთვის გჯეროდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!