რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა

რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა

ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2%–ს აღენიშნება, ჩვენს ქვეყანაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან მოგეხსენებათ, საქართველო იოდდეფიციტის ენდემურ ზონადაა მიჩნეული.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის სრული ჰორმონული კვლევა, ექოსკოპია უახლესი აპარატით TOSHIBA APLIO 500. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძის პუნქციური ბიოფსია, ბიოპტატის იმუნოჰისტოქიმიური კვლევა.

როგორია იოდის ოპტიმალური დღე–ღამური ნორმა, რა ჩივილების შემთხვევაშია მიზანშეწონილი ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, როგორ შეიძლება იოდდეფიციტის პროფილაქტიკა – ამ თემებზე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი, ანა ჭოხონელიძე გვესაუბრა.

– რა ფუნქცია აკისრია ფარისებრ ჯირკვალს?
– ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელსაც ორგანიზმში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ზემოქმედებას ახდენს ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციონირებაზე, კერძოდ: ნერვული, გულ–სისხლძარღვთა, ძვალ–კუნთოვანი სისტემების, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის, ტემპერატურული რეაქციის, სასქესო ორგანოების განვითარებასა და რეგულაციაზე.

– სტატისტიკურად, რამდენად ხშირია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები?
– დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები აღენიშნება მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2%–ს. საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა მიჩნეულია იოდდეფიციტის ენდემურ ზონად. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის კი იოდი შეუცვლელი მიკროელემენტია.

– როგორია იოდის ოპტიმალური დღე–ღამური ნორმა და როგორ შეიძლება იოდდეფიციტის პროფილაქტიკა?
– იოდის დღე–ღამური ნორმა სხვადასხვა ასაკისთვის განსხვავებულია: 2–დან 6 წლამდე 90მკგ. 7–12 წლამდე 120მკგ. 12 წლიდან 150 მკგ. ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში 200 მგკ. იოდდეფიციტის პროფილაქტიკა იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან.
იოდით მდიდარია ზღვის პროდუქტები. ენდემურ ზონებში (მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც) გამოიყენება იოდირებული მარილი. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით, საკვებს ემატება იოდი მედიკამენტის სახით.

– რა რისკ–ფაქტორები არსებობს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარებისთვის?
– დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ წინასწარ განწყობას, გარემო ფაქტორებს (იოდდეფიციტი, არასრულფასოვანი კვება, ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება – რუჯი) თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, დასხივება კისრის არეში, სხვადასხვა მედიკამენტების მიღება. სქესი – დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს.

– რა ჩივილების შემთხვევაშია მიზანშეწონილი ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა?
– ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციას ახასიათებს: გულის აჩქარება, არტერიული წნევის ციფრების ცვლილება, წონის კლება, სიცხის აუტანლობა (ზოგჯერ, ზღვრულად მომატებული სხეულის ტემპერატურა), აგზნებადობა, კუნთებში სისუსტე, ე.წ. „შინაგანი კანკალი“, სახსრების ტკივილი, დიარეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უნაყოფობა.
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას ახასიათებს: საერთო სისუსტე, ძილიანობა, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, მეხსიერების დაქვეითება, ზოგადი შეშუპება, წონის მატება, ზოგჯერ ხმის ტემბრის ცვლილება, ყაბზობა, სმენის დაქვეითება, სახსრების ტკივილი, სასქესო ორგანოების დისფუნქცია, უნაყოფობა.
ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას – ჩიყვს ახასიათებს: ყელში ზეწოლის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება, ყელის ვიზუალური დეფორმაცია და თუ თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ამას ემატება ზემოთაღნიშნული ჩივილები.
შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. თუ ჯირკვალი ზომაში გადიდებული არ არის და მისი ფუნქცია ნორმაშია (მაგალითად, კვანძოვანი ჩიყვი) რომელიც ხშირად შემთხვევითი გამოკვლევით დიაგნოსტირდება.

– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფარისებრი ჯირკვლის კვლევის რა მეთოდები არსებობს?
– ჩვენს კლინიკაში ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის სრული ჰორმონული კვლევა, ექოსკოპია უახლესი აპარატით TOSHIBA APLIO 500. საჭიროების შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის კვანძის პუნქციური ბიოფსია, ბიოპტატის იმუნოჰისტოქიმიური კვლევა.

– რა უპირატესობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევისას?
– ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია არის კვლევის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი, მისი ზომებისა და იმ სტრუქტურული ცვლილებების გამოსავლენად, რომლებიც გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. კვლევის შედეგად, დიაგნოსტირებული კვანძის შეფასება ხდება ერთობლივად ექიმ ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მიერ.

საეჭვო კვანძის დიაგნოსტიკის შემდეგ ეტაპად მიჩნეულია წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია, რათა უჯრედულ დონეზე დადგინდეს ავთვისებიანია თუ არა წარმონაქმნი. ბიოფსია ბევრი პაციენტისთვის არასასიამოვნო პროცედურაა. ხშირად გაურბიან მას და წლების განმავლობაში მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინში ცხოვრობენ. წინა წლებში, ზემოთაღნიშნული მეთოდის ჩვენება ძალიან ფართო იყო, ვინაიდან ექოლოგიურად ვერ ხერხდებოდა ზუსტი დიფერენცირება საეჭვო და უწყინარი კვანძების. თანამედროვე ტექნოლოგიები კი ამის საშუალებას იძლევა. კერძოდ, ელასტოგრაფია ექოლოგიურად განსაზღვრავს წარმონაქმნის სიმკვრივეს. ელასტოგრაფიის რეჟიმს სიმკვრივის შესაფასებლად სპეციალური შკალაც აქვს. მისი მეშვეობით, აპარატს შეუძლია ქსოვილის სიმკვრივის რიცხობრივი ანალიზი გააკეთოს. ხდება ორი საკონტროლო სივრცის აღება, ერთი ინტაქტურ რბილ ქსოვილზე, ხოლო მეორე – საეჭვო უბანზე. აპარატი გვიჩვენებს ელასტიურობის კოეფიციენტს მითითებულ უბნებში, შედარებით მაღალი კოეფიციენტის მქონე უბანი უფრო საეჭვოდ მიიჩნევა და რეკომენდებულია მისი ბიოფსია.

ელასტოგრაფიის რეჟიმი თავად ბიოფსიის პროცესშიც გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს, კონკრეტული კვანძის ყველაზე მკვრივი, პროგნოზულად სახიფათო უბანი დავაფიქსიროთ და ქსოვილი გამოსაკვლევად იქიდან ავიღოთ. ამით ცრუ, პოზიტიური, თუ ცრუ ნეგატიური შედეგი გამოირიცხება.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში არსებული აპარატი Aplio 500 Toshiba 2015 წლის მოდელი აღჭურვილია რეალურ დროში ელასტოგრაფიის Realtime elastography უახლესი მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით, რაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დიაგნოსტიკისა და დიფერენცირების გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს. ასევე, მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

– რა მეთოდით მკურნალობთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა. აუცილებლობის დროს ტარდება მაღალკვალიფიციური ქირურგიული მკურნალობა. მიმდინარეობს პაციენტის მუდმივი მონიტორინგი პრე და პოსტოპერაციულ პერიოდში.

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომრებზე ქალაქის: 202 25 25 | მობილური: 577 119 119