როგორ დავიცვათ თავი სეზონური ალერგიისგან?

როგორ დავიცვათ თავი სეზონური ალერგიისგან?

ალერგია თანამედროვე გაგებით იმუნური, დაცვითი მექანიზმების ანომალიაა, ალერგენი კი ნივთიერებაა, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას.

იმუნიტეტი დაავადების მიმართ დაცვის ან მდგრადობის მაჩვენებელია, ხოლო ალერგია იმუნური რეაქციაა, რომელსაც თან სდევს საკუთარი ქსოვილების დაზიანება. ვითარდება ჰიპერემიული ხასიათის ანთება, შეშუპება, ბრონქოსპაზმი, კანის ქავილი, შოკი, რაც სხვადასხვა რეაქციით ვლინდება.

ალერგიული დაავადებებია: წამლისმიერი ალერგია, კვებითი ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, შრატისმიერი დაავადება, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, კონტაქტური დერმატიტი, მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა, ალერგია ლატექსის მიმართ, ინსექტური ალერგია, აუტოალერგია, ფილტვის ალერგიული დაავადებები, პოლინოზები, ატოპიური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ალერგოლოგი თინა მურადაშვილი.

რამდენიმე ოქროს რჩევა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ალერგოლოგისგან:

  • რეკომენდებულია, რომ ალერგიულმა ადამიანმა ავეჯის რბილი ქსოვილი ტყავით შეცვალოს, ლოგინი კი ხშირად გაამზეუროს;
  • ოთახი გაანიავეთ დილით ძალიან ადრე ან გვიან, რადგან შუადღეს გარეთ მტვერია;
  • საჭიროა ფანჯრებისა და იატაკის სველი წესით დამუშავება;
  • გამწვავებული ალერგიული ფონის მოგვარება დიეტოთერაპიითაცაა სასურველი. არ უნდა მიირთვათ მწარე, მჟავე, ტომატიანი საკვები, შემწვარი და თევზეული;
  • კვების რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ: თხილი, სტაფილო, ფორთოხალი, მზესუმზირა, მაიონეზი, მდოგვი, ხალვა, ჩიფსი, ჰამბურგერი, ტკბილი და გაზიანი სასმელი – ყველა ის პროდუქტი, რომელიც კონსერვატებს შეიცავს.
  • ძლიერ ალერგიულ საკვებად და სასმელად ითვლება: მარწყვი, პომიდორი, ყავა, შოკოლადი, თევზეული, ფორთოხალი. 
  • სასურველია მიირთვათ ფაფეულობა, მაკარონი, ვერმიშელი, სუპეული, კარტოფილის პიურე, მოხარშული ხორცი;
  • რეკომენდებულია დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი, მინერალური წყალი და ჩაი, არავითარი წვენი! ერთადერთი შეიძლება მიიღოთ ჩირის, კომშის ან ვაშლის კომპოტი;
  • თავი შეიკავეთ ქარიან ამინდში ქუჩაში სეირნობისა და ვარჯიშისგან;
  • მოერიდეთ იმ ადგილს, სადაც დიდი რაოდენობით ხე–მცენარეა;
  • მზიან დღეებში მოერიდეთ ლაშქრობას;
  • ისარგებლეთ მზისგან დამცავი სათვალით;
  • ცხვირზე აიფარეთ დანამული ცხვირსახოცი;
  • ბაღში მუშაობისას გამოიყენეთ რესპირატორული ან დამცავი ნიღაბი;
  • რისკის მქონე პირები მოერიდეთ იმ ადგილებში ყოფნას, სადაც ბევრი მწერია. უარი თქვით კოსმეტიკურ საშუალებებზე, რადგან მწერს კოსმეტიკის სურნელი ძალიან იზიდავს;
  • არ ჩაიცვათ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი;
  • თუ როდესმე რომელიმე წამალზე გქონდათ ალერგიული რეაქცია, ჩაინიშნეთ და აცნობეთ ექიმს, ექიმთან ვიზიტის დროს;
  • შიშველ ტანზე არ ჩაიცვათ სინთეტიკური და შალის სამოსი, შეიმოსეთ ბამბის ქსოვილის ტანისამოსით;
  • სასურველია, დრო გაატაროთ ზომიერ კლიმატურ პირობებში, არაა რეკომენდებული ძლიერი სიცივე ან სიცხე;
  • როცა ახალ სამოსს შეიძენთ, ჯერ გარეცხეთ და მერე ჩაიცვით;
  • არ იაროთ ბალახზე ფეხშიშველმა;
  • ხშირად გაანიავეთ, გაბერტყეთ და მტვერსასრუტით გაწმინდეთ საბნები, ლეიბები, ბალიშები;
  • არაა სასურველი, რომ საძინებელ ოთახში იყოს წიგნი, ხალიჩა ან რბილი გადასაფარებელი;
  • ალერგიულმა ადამიანებმა თავი შეიკავეთ ზოოპარკში, ცხოველთა თავშესაფარსა თუ ზოომაღაზიაში ვიზიტისგან;
  • საჭიროა კონდიციონერის ფილტრების განახლება, რეგულარული შემოწმება;
  • ყვავილის მტვრიანობის პერიოდში მეტი დრო გაატარეთ შენობაში;
  • გრილი წყლით დაიბანეთ თვალები.  

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ალერგოლოგს, თინა მურადაშვილს ნომერზე 577 11 86 43, 599 14 45 87.

გისურვებთ ჯანმრთელობას!