ყოველ წამს მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა სასიცოცხლო ჩვენებით.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რატომ არის სისხლის დონაცია მნიშვნელოვანი;
- რა უნდა იცოდეთ სისხლის ბანკის შესახებ;
- ვის შეუძლია დონორობა.
ჯანსაღი სისხლის მარაგი ყველა საავადმყოფოსთვის ძვირფასი რესურსია.
ვიდრე სტატიას კითხულობთ, მინიმუმ ერთი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის და თქვენი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება.
რა უნდა იცოდეთ სისხლის დონაციაზე?
სისხლის გადასხმის საჭიროება დგება სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციისა თუ მანიპულაციის დროს.
თქვენ მიერ გაღებული სისხლით ქირურგები გადაარჩენენ ავტოავარიაში დაზარალებულებს, ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილებს, სისხლი საჭირო გახდება ტრანსპლანტაციისა თუ მშობიარობისას წარმოშობილი სისხლდენის დროს, გადასხმა შესაბამისი ჩვენებით ჩაუტარდებათ ჰემატოლოგიურ პაციენტებს და სხვა.
სისხლის დონაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოჰემატოლოგიური პაციენტებისთვის, რადგან სიმსივნით დაავადებული ზოგიერთი პაციენტის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ხშირად აუცილებელია ყოველდღიური ტრანსფუზია.
სისხლის დონაცია ყველაზე ფასდაუდებელი საჩუქარია, რადგან ამ გზით სრულიად უცნობ ადამიანს (რომელსაც შეიძლება ცხოვრებაში არასდროს შეხვდეთ) სიცოცხლის შანსს აძლევთ.
სისხლის ყველა უანგარო დონორს შეგვიძლია გმირი ვუწოდოთ, რადგან თითოეულმა მათგანმა იზრუნა იმისთვის, რომ სრულიად უსაფრთხო პროცედურით ექიმებს სხვა ადამიანების გადარჩენაში დახმარებოდა.
სისხლის გადასხმის მეშვეობით, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს წარმატებით უტარდება ურთულესი ოპერაცია, ბევრი მათგანი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გაცილებით მარტივად გადის რეაბილიტაციას - უანგაროდ გაღებული სისხლით თქვენთვის სრულიად უცნობ ბებიას საშუალება მიეცით შვილიშვილებისთვის გემრიელი კერძები ისევ მოემზადებინა, ახალგაზრდას დიპლომის აღებაში დაეხმარეთ, სწორედ თქვენი კეთილი საქმით სამშობიარო ბლოკში მშობიარემ ჯანმრთელი პატარა გულში ჩაიკრა... ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ კეთილი საქმის შედეგის, რომელსაც სისხლის უანგარო დონაციას ვუწოდებთ.
ყოველწლიურად, 14 ივნისს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სისხლის დონორთა მსოფლიო დღე აღინიშნება.
ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოებაში სისხლისა და სისხლის კომპონენტების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ამ განსაკუთრებული თარიღით მსოფლიო მადლობას ეუბნება ყველა იმ დონორს, რომელმაც ნებაყოფლობით და უანგაროდ გაიღო სისხლი სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
თუ სისხლის დონორობა გადაწყვიტეთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას დახმარების ხელი გაუწოდოთ მას, ვისაც ეს ამ წუთში ყველაზე მეტად სჭირდება.
თქვენ მიერ გაღებული სისხლი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტში, საჭიროებისამებრ, სისხლის სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტს მოხმარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი
კლინიკის სისხლის ბანკი აღჭურვილია სისხლის კომპონენტების მისაღებად საჭირო ყველაზე თანამედროვე დანადგარით - დეპარტამენტში მიმდინარე ყველა პროცესი რობოტიზირებული და უაღრესად დახვეწილია.
კლინიკაში დონაცია სასარგებლოა როგორც რეციპიენტისთვის (ადამიანი, ვისაც სისხლს გადაუსხამენ), ისე დონორისთვის, რადგან „ფრეზენიუსის“ წარმოების მაღალტექნოლოგიური და ულტრათანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატ „ამიკუსის“ მეშვეობით, დონორი ზრუნავს როგორც სხვის სიცოცხლეზე, ისე საკუთარ ჯანმრთელობას იუმჯობესებს; საჭიროების შემთხვევაში ჩატარებული თრომბოკონცენტრატის დამზადების პროცედურა ფაქტობრივად თერაპიული პლაზმაფერეზის (პლაზმაფერეზი ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლების მეთოდია) სეანსია.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დონაცია სრულიად უსაფრთხოა და ამავდროულად პროცედურისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი.
კლინიკის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა სპეციალური სივრცე იმისთვის, რომ ყველა დონორმა დონაციისთვის განკუთვნილი დრო მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაატაროს.
დონაციის დროს შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასხვა საქმიანობით და მაგალითად:
- წაიკითხოთ წიგნი;
- უყუროთ სატელევიზიო გადაცემას;
- გაეცნოთ სიახლეს ინტერნეტში;
- გაერთოთ ვირტუალური თამაშით;
- მოუსმინოთ მუსიკას და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პრევენციის მიზნით, დონაციამდე სრულიად უფასოდ ჩაგიტარდებათ შემდეგი ძვირად ღირებული ლაბორატორიული კვლევები:
- სიფილისი;
- შიდსი;
- B და C ჰეპატიტი.
ვის შეუძლია გახდეს დონორი?
დონორი შეიძლება გახდეს 18-დან 60 წლამდე ასაკის ყველა ჯანმრთელი ადამიანი, რომლის წონაც 50 კილოგრამზე მეტია.
სასურველია, რომ პროცედურის დღეს თავს კარგად გრძნობდეთ და აუცილებლად იყოთ ნასაუზმევი (არ არის რეკომენდებული ცხიმიანი საკვების მიღება). პროცედურის დღეს დონორს არ უნდა ჰქონდეს ცხელება, სურდო, სხვა გრიპოზული მოვლენები.
პროცედურის დღეს, ყველა დონორმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
მობრძანდით ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკში, გაიუმჯობესეთ საკუთარი ჯანმრთელობა და გადაარჩინეთ სხვისი სიცოცხლე მხოლოდ ერთი, სრულიად უსაფრთხო, ჰუმანური პროცედურით!
გისურვებთ ჯანმრთელობას!